Thursday, February 15, 2024

გაზაფხულის კაბიდან გადმოვადნილი ყვავილის ამბავი (საბავშვო ზღაპარი)

გაზაფხულის კაბიდან გადმოვადნილი ყვავილის ამბავი
ერთ დღეს, როცა გაზაფხულმა თავისი ჭრელი კაბით გაისეირნა ველ-მინდვრებში, ზედ ათასფერი ყვავილები ეხატა, ერთი ყვავილი კაბიდან გადმოვარდა და მიწაზე დაეცა. ატირდა ყვავილი, გაზაფხულს ეძახა, ეძახა, - არ მიმატოვოო, მაგრამ ჭრელკაბა გაზაფხული თავისი საქმეებით იყო გართული, იქ ხეებს მოეფერა, სული შეუბერა, გაათბო, აქეთ, ბალახს გადაუქროლა შიშველი ფეხებით, გამწვანდი, გამწვანდიო, მიაძახა, მალე დატოვა ის არე-მარე და სხვა ადგილისკენ გაეშურა. მიწაზე დაცემული ყვავილი ერთხანს ასე იყო, უმოძრაოდ, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მერე ნელ-ნელა წამოიწია, თვალი მოავლო იქაურობას, გვერდზე სხვა ყვავილები დაინახა, მრავლად იყვნენ, სუყველას მისკენ მიეპყრო მზერა, - ვინ ხარ, - ჰკითხა ყოჩივარდამ, - აქ საიდან მოსულხარო, - დაუძახა ნაზმა იამ.- ფესვები რომ ზემოთ აგიწევია, როგორ გინდა იარსებო. - ყვავილმა ფესვებზე დაიხედა, - უი, მართლაო, - გაიფიქრა, და იას ღიმილით უთხრა: - ეს ფესვები სულ არ მჭირდება, გაზაფხულის კაბაზე ვიყავი, იქ ვცხოვრობდი, მოვა და წამიყვანსო. - ერთ დროს ჩვენც ასე გადმოვვარდით გაზაფხულის კაბიდან და აქ დავრჩით, მოგიწევს მიწაზე ცხოვრება, - აკისკისდნენ ყვავილები. საღამომდე უცადა ყვავილმა გაზაფხულს, არ გამოჩენილა, ამასობაში წამოჟინჟლა კიდეც, ყვავილის ფესვები მიწაში ჩაიზარდა, მაგრამ როცა წვიმის წვეთები შეეხო ყვავილის ღეროებს და ფოთლებს, საოცარი უცნაური სურნელი დადგა. აღშფოთნენ ყვავილები, - შენ რა სუნიანი ყოფილხარ, გაიწიე ჩვენგან, არ მოგვწონხარო. - რაღა ექნა ყვავილს, გაიწია, გაიწია, სხვა ყვავილებისგან მოშორებით დადგა,
მეორე დილას თავისი წითელი ყვავილები მზეს მიაფიცხა და ისე აელვარდა, როგორც ცეცხლი. მინდორში დედასთან ერთად ნია გამოსულიყო სასეირნოდ. შორიდან დაინახა ცეცხლოვანი ყვავილი, აქ არასოდეს მინახავსო, მივიდა, დააკვირდა, მოეწონა მრგვალფოთლება. ხელი რომ მოკიდა მოსაფერებლად, ყვავილმა ისევ სურნელი გამოუშვა, - რა უცნაური სუნი აქვს, - გაიფიქრა და დედას დაუძახა. დედასაც მოეწონა უცნაური ყვავილი, - ამ სუნს იმიტომ გამოსცემს, რომ მწერები და არაკეთილმოსურნენი დააფრთხოს, - უთხრა ნიას. - ჰოდა კოღოები რომ მკბენენ, წავიყვანოთ, ქოთანში ჩავრგოთ, ჩემს ოთახში დავდგამო, - დაიტიტინა პატარამ. - კარგი, ეგრე ვქნათო, - თქვა და სიტყვა შეასრულა დედამ.
ყვავილი ჯერ ეზოში დარგეს, ადვილად გამრავლდა, მერე ქოთნებით ოთახებში ჩამოარიგეს, სახელიც შეურჩიეს: ბ ა ლ ბ ა, მაგრამ მაშინ ყველა ბალბა წითელი იყო. თუმცა ერთ დღეს, როცა გაზაფხულმა ნიას ოთახში შეიჭყიტა, თავისი კაბის ყვავილი დაინახა, მერე დანარჩენ ოთახებსაც ეწვია, ეზოსაც, - რა ერთფეროვნებააო, - დაიძახა და გადაწყვიტა ნიასთვის საჩუქარი გაეკეთებინა, სხვადასხვა ფერად შეღება ყვავილები. მას მერე ბალბა ათასი ფერისაა: ვარდისფერი, თეთრი, ჟოლოსფერი, ჭრელი. ადამიანებს მწერებსაც არიდებს, ამიტომ ის ქალაქი ბალბების ყვავილებით გაივსო, ზოგან კალათებით დაკიდეს, ზოგან - ქოთნებით, ბაღებიც გადაავსეს ამ საოცარი ყვავილით, ბალბების ქალაქი დაერქვა იმ ქალაქს, ნია კი ბალბას დედას ყვავილს ეძახის, რამდენი შეხედავს, სულ დედა აგონდება.
იმ დღეს, როცა ყვავილი იპოვა ნიაკომ, ბალბების დღესასწაული იმართება. ულამაზესი ჭრელი კაბებით მორთული გოგონები ბალბის ყვავილებით სავსე კალათებით მიემართებიან მინდვრებისკენ, თან საოცარ სიმღერებს მღერიან ყვავილებზე, სიყვარულზე.
შენ ყვავილო სიცოცხლისა,
ყველამ ვიცით ბალბა გქვია
გეფერებით დიდ გულთმისანს,
მეგობარო მწველი მზისა,
ყველას ჯობნი ყვავილეთში,
შეგამჩნიეთ ცოტა გვიან.
სხვა ყვავილები გაოცებულნი უყურებენ ამ სანახაობას და ყველა ჯერზე აღშფოთებულები ჩურჩულებენ, რატომ ერგო ამ ყვავილს ასეთი პატივიო. - თავმდაბალი რომ იყო, იმიტომო, - ეუბნება ჩუმად გაზაფხული. ბალბა მორცხვად ხრის თავს და ფიქრობს, იქნებ გაზაფხულმა ტყუილად არ გადმომაგდო კაბის კალთიდანო.
მაია დიაკონიძე


  

No comments:

Post a Comment