მოცეკვავე დედამიწა
გოგონამ თვალები დააჭყიტა და პირველი, რაც დაინახა, მზის სხივები იყო, ხელებზე დასთამაშებდნენ, თითქოს ცეკვავდნენ. მოეწონა გოგონას მოცეკვავე მზის სხივები,
სასწრაფოდ წამოდგა ლოგინიდან, ჩაიცვა და სამზარეულოსკენ გაეშურა, სადაც ბებია ელოდებოდა. ბებია ყოველ დილას საუზმეს უმზადებს ბელას, როცა დედიკო არ არის სახლში. მიესალმა ბებია გოგონას, თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა:
- დაჯექი, კუდრაჭა, შენი საყვარელი ბლითები გელოდება! - უთხრა. როცა ბელა ჭამას შეუდგა, ბებიამ ბავშვს შეხედა და გაოცებისგან შეჰყვირა, მზის სხივები დასთამაშებდნენ ბელას ხელებზე, თითქოს ცეკვავდნენ. მალე მზის სხივებმა მაგიდაზე გადაინაცვლეს და იქ აცეკვდნენ, მერე ოთახსაც მოედვნენ, მზემ შემოიხედა ფანჯარაში.
ისე ლამაზად ცეკვავდნენ, ბებიასაც მოუნდა ცეკვა, გაშალა ხელები და წრე ჩამოუარა, ბელა წამოხტა სკამიდან და ბებიას გაჰყვა, ძაღლმა პატიკომ შემოიხედა სამზარეულოში, რა ხმაურიაო, ისიც მხიარული ყეფით და ხტუნვით გაჰყვა ბებიას და შვილიშვილს. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლიც აცეკვდა, გარეთ ჩიტები აჭიკჭიკდნენ, შეუერთდნენ საყოველთაო მხიარულებას. ცეკვავდნენ ეზოს ყვავილებიც, მათი შემხედვარე მინდორში ყვავილებიც აცეკვდნენ, პეპლებიც. ბელამ ფანჯრიდან გაიხედა და დაიძახა:
- მოცეკვავე დედამიწა!
მზემ თავისი სხივები კიდევ უფრო ცხოველმყოფელი გახადა, რომ მთელი დედამიწა გაეთბო, ისინიც კი, ვისაც ქვის გული ჰქონდა, რომ ყველანი შეუერთებოდნენ მოცეკვავეთ.
მაია დიაკონიძე
21.02.2024 წელი
No comments:
Post a Comment