,,ტყე შეუნახე შვილებსა!"
ჩანახატი
ტყეში ერთი ბრძენი ბუ ცხოვრობდა. გამოცდილება დიდი ჰქონდა, კარგა ხანი ეცხოვრა უკვე, ამიტომ ხშირად ეკითხებოდნენ რჩევებს ტყის ბინადარნი. ისიც ყველას პასუხობდა. მაგრამ ერთ დღეს საშინელი გაჭირვება დაუდგათ ცხოველებს და ფრინველებს. ადამიანებმა იწყეს მათ სამყოფელში სიარული. ხან ერთი ხე მოჭრეს, ხან - მეორე. რჩებოდნენ ცხოველები უბინაოდ. ფრინველები - ბუდის გარეშე. აგერ შაშვი აცრემლდა, რაღა ვქნაო. იქით ციყვი მიიყუჟა უცხო ადგილას, სად წავიდეო. შეკითხვები ბევრი იყო, სხვა ტყეებში იწყეს გადასვლა ტყის ბინადრებმა. ბუ ხომ ვერავის სცემდა პასუხს: რა იცოდა, რა რჩევა მიეცა, არც ის იცოდა, რას ფიქრობდა ადამიანი?! მაშინ გადაწყვიტა ღმერთისთვის ეთხოვა დახმარება. ბევრი იფიქრა, რა ენაზე დაეწერა წერილი და ბოლოს გადაწყვიტა ქართულად და იცით რატომ?! ქართული ხალხური ანდაზა გაახსენდა: ,,ტყე შეუნახე შვილებსა, მამაა, შენი ვალია!"
ისმინა ღმერთმა ცხოველების და ფრინველების თხოვნა, შეწყდა ტყის კაფვა, ადამიანებს მხოლოდ ავადმყოფი ხის მოჭრის უფლება ჰქონდათ, მის მაგივრადაც ახალი ხე უნდა დაერგოთ. ბრძენ ბუს მადლობა გადაუხადეს მადლიერმა ფრინველებმა და ცხოველებმა. ამიტომაა, ასე ლამაზად რომ შრიალებენ ხეები საქართველოში, ბრწყინავენ და ელვარებენ დღისით მზის შუქზე, ღამით - მთვარისაზე.
ქართველი კაცი კი დღესაც მღერის, თითქოს ტყე ბუბუნებს:
,,ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!."
მაია დიაკონიძე
4.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment