Monday, December 4, 2023

,,სიცივე მაფხიზლებს!"

 ,,სიცივე მაფხიზლებს!", მითხრა დღეს სოფომ. მომეწონა ეს სიტყვები.

დიახ, სიცივე ზოგჯერ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ტვინიც აქტიურდება, ოღონდ სიცივის დოზას და ხანგრძლივობას გააჩნია. დაკვირვებიხართ, ალბათ, როგორ უწითლდებათ ლოყები ყინვაში მოთამაშე პატარებს. სიცივეში დიდხანს ყოფნა კი დამღუპველია. ასეა ცხოვრებაშიც. ზოგჯერ ადამიანებს შორის ურთიერთობის გაცივება ბიძგს აძლევს მათ, საგმირო საქმენი ჩაიდინონ, დიდხანს ცივ ურთიერთობებს კი არავის ვუსურვებ, მაინც სიყვარული და სითბოა ყველაზე დიდი ძალა დედამიწაზე!
ო, სიცივევ!
,,არ გიყვარვარ?!" ისე ჩუმად მეკითხები,
მათრობელა ხმით ჩურჩულებ, თითქოს მბანგავ,
აგერ თოვლით დაფარულა ამ მთის თხემი,
მე კი ახლა მომკითხავიც არვინ არ მყავს.
შენ მოგენდო?! შენ არ იყავ კაცის მკვლელი?!
რამდენ ვაჟის, გარდაცვლილის ცოდვა გადევს,
ამ ომებში გაიყინა ალბათ ბევრი,
მათ საფლავებს ახლაც აყრი თოვლის ფანტელს.
ო, სიცივევ, გაალურჯე მთაში ქალი,
ბავშვსაც შენი საცეცი არ დააკელი,
საფირონი ხომ გახადე ლოყა ლალი,
იმ გოგონას, გახსოვს, ერქვა ანაბელი.
ახლა ჩემი უკვდავყოფა განგიზრახავს,
ალბათ, გინდა ამ კლდე-ღრეში მასამარო,
და როდესაც გადვიქცევი ყინვის ლოდად,
ვარსკვლავფიფქიც, გთხოვ, რომ შუბლზე მომაყარო.
მაია დიაკონიძე
6.12.2022წელი

No comments:

Post a Comment