ერთ პატარა გოგონას, რომელსაც ანო ერქვა, ძალიან უნდოდა სკოლაში სიარული, მაგრამ ჯერ პატარა იყო და იქ ვინ მიიღებდა?! - ექვსი წლის არა ხარო, - ეუბნებოდა დედა, მამაც მხარს უბამდა, შენნაირ პატარებს სკოლაში არ იღებენო. ანო ცოტა არ იყოს, ჯიუტი გოგო იყო და გადაწყვიტა ანბანი თვითონ ესწავლა, ბებოსაც სთხოვა დახმარება. მოხუცს შეეცოდა, უნდოდა სურვილი მალე ასრულებოდა, გამოიტანა "დედა ენა" და ერთად შეუდგნენ ანბანის სწავლას, ის კი არა და ძაღლი ჯუნაც ჩართეს საქმეში. იტყოდა ანო - ასო-ბგერა "ა-ა-ა", - აყვებოდა ყმუილით ჯუნაც, იტყოდა - ასო-ბგერა "ო-ო-ო", - აყვებოდა ისევ. ჯუნას განსაკუთრებით ხმოვანი ბგერების წარმოთქმა მოსწონდა, იცით, ალბათ, რომ ქართულ ენაში ხუთი ხმოვანია : ა, ე, ი, ო და უ. ამათზე ყმუილი და მოძახილი საუკეთესოდ გამოსდიოდა ძაღლს. მთელი ოჯახი იცინოდა მათ მეცადინეობაზე. აბა, ახლა დათვლა უნდა ვასწავლო ჯუნასო, გამოაცხადა ანომ. იტყოდა "ერთი" და ჯუნა ერთ თათს გამოუწვდიდა, იტყოდა "ორი" - ორს, თანაც უკანა თათებზე დაიყუნცებოდა. რა თქმა უნდა, მეტი თვლა ვერ ასწავლა ძაღლს, მას ხომ მხოლოდ ორი თათის ჩვენება შეეძლო, თვითონ ანომ კი ათამდე დათვლაც კარგად იცოდა, თანაც სულ სხაპასხუპით, საბავშვო ბაღში ისწავლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ანოს მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და სკოლაში ადრიანად მიიღეს.
ჩაულაგეს ჩანთაში გოგონას წიგნები, რვეულები, სახაზავი, ფანქარი, კალამი, ყველაფერი ახალი. გამოედევნა ჯუნა ანოს, სკოლამდე მიაცილა. ბებიას ეგონა, სახლში წამომყვებაო ძაღლი, არ წაყვა, სკოლის ეზოში არჩია დარჩენა. ანოს კლასი პირველ სართულზეა, გადმოხედავს ანო ჯუნას, იქ ზის და ელოდება. მასწავლებელმა, ასო-ბგერა "ა" აუხსნა ბავშვებს, ანო დაფასთან გამოიყვანა, "ა-ა-ა" იძახის გოგონა, უცებ ჯუნას ყმუილი გაისმა ეზოდან, აჰყვა გოგონას, ასო-ბგერა "ი-ი-ი", დაიძახა ანომ, აჰყვა ისევ ძაღლი, აქეთ მასწავლებელი კვდება სიცილით, იქით - მოსწავლეები. მას მერე ბავშვები სულ ეხვეწებიან მასწავლებელს, ანო გაიძახეთო, ჯუნა ხომ სულ ეზოშია და ანოს ელოდება, როდის დაამთავრებს გაკვეთილებს, რომ მასთან ერთად შეუდგეს სახლისკენ მიმავალ აღმართს, როგორც მისი ყველაზე ერთგული მეგობარი.
Jul 30, 2019
No comments:
Post a Comment