Tuesday, November 14, 2023

,,გვირილების აღდგომა"- თამარ შაიშმელაშვილის პოეზია, ავტ. მაია დიაკონიძე

 

,,გვირილების აღდგომა"

  დღეს თამარ შაიშმელაშვილის პოეზიაზე მინდა ვისაუბრო.  ხელში მიჭირავს მისი წიგნი – ,,გვირილების აღდგომა" და სიამაყით მევსება გული, რომ ასეთი პოეტები არსებობენ საქართველოში. ტყუილად არ უთქვამთ; ,,საქართველო პოეტების ქვეყანააო", ,,ყველა ქართველი პოეტიაო", თამარი კი ასჯერ პოეტია, მისი პოეზია მზესავით ანათებს და ბრწყინავს და მზის სხივგამქრალი ადამიანების სულებშიც მზეს ანთებს, რადგან მას ადამიანი უყვარს მთელი მისი ბუნებით. ის ყველას გულშემატკივარია, ვან გოგის მზესუმზირაა, რომელსაც მზის ამოსვლას ადრიან, მზეს დაჰყვება, ჰკრებს მის სხივებს  და მერე სითბოს ყველას უნაწილებს. ლექსში ,,დავალ" ის წერს:

,,დავალ შენს ბილიკზე, მზეო,

ტირის ფეხისგულზე ნამი...

სადღაც, ამ ღრუბლების ზემოთ,

გიცდი გაზაფხულის გავლით..."

გაზაფხულივით ნაზი და სათუთია პოეტის სული, რომელიც სავსეა ყვავილების სურნელით, თაფლის სიტკბოთი. თითოეული ლექსი სულის პეიზაჟს ჰქმნის, ყველას თავისი ტონალობა, ჟღერადობა, მუსიკა აქვს. ლექსში ,,ვარდის ღამეა" ის გვეუბნება:

 ,,ვარდის ღამეა,

ღვივის ცრემლი, —

თეთრი მოცხარი,

შენთვის

გვირილებს შემოდგომის

ისევ ვახარებ...

მზის ბარაკონზე

დაწინწკლული სევდით

სძოვს ცხვარი,

სიცოცხლისა და იმედების

მშვიდი მახარე,"

დიახ, სიცოცხლე იმედის გარეშე მტკივნეული და გაუსაძლისია, ცხვარი კი სიცოცხლის, სიმდიდრის, ბარაქის სიმბოლოა. ის ღვთის სამწყსოა, შევხედავთ მთაზე შეფენილ ცხვარს და ჩვენი გული სიმშვიდით ივსება. ცრემლი ადამიანის მუდმივი თანამგზავრია. ის ხან სიხარულისაა და ხან მწუხარების, საოცრად ლამაზია თეთრ მოცხართან შედარებული ცრემლი.

  თვითონ წიგნის სათაური: ,,გვირილების აღდგომა" სიმბოლურია. წაკითხვისთანავე წინ წარმომიდგა გვირილების ველი ჩამავალი მზის სხივებით გადაწითლებული. საოცარი სანახაობაა. აღდგომა სიკვდილის დამარცხებაა, ძლევა სიავისა, ბოროტებისა. რას, თუ არა სილამაზეს, ხელოვნებას შეუძლია დაამარცხოს სიკვდილი. სწორედ ხელოვნებაში იძენს ადამიანი უკვდავებას. ხელოვნებაა ის ჩერო, რისთვისაც პოეტს თავი შეუფარებია. იქ ეძებს ის იმედს, სიყვარულს, სურვილების ასრულებას.

,,ჩემო სიყვარულის ნისლო,

ჩემო გვირილების ჩეროვ...

სურვილს სალბუნივით ვიშრობ,

თეთრი სიზმარივით გჩემობ".

პოეტის სიზმრები თეთრია, სადაც საქართველო ბრწყინავს, ელვარებს, სადაც არაა ომი, სადაც არ არის ღალატი.,,ღალატის ემბაზში არ მღერის ღიღილო", წერს პოეტი ლექსში ,,ღალატის ღამე". თამარი სიყვარულს მიიჩნევს დედამიწის მამოძრავებელ ძალად და სხვა რა უნდა გვინდოდეს მართლაც დედამიწაზე ადამიანებს?! საოცარი ლექსია ,,წვეთი". ქართული ანდაზა გამახსენდა: ,,ზღვა წვეთ-წვეთობით დაილიაო", ზღვა ხომ წვეთია, ასობით, ათი ათასობით, მილიონობით.

                                 წვეთი

წვეთი

ყველაზე ძლიერია,

წვეთი ზღვა არის...

ჩვენ წვეთ-წვეთობით

ამ ზღვას ვქმნით და

მასვე ვეკუთვნით...

ჩვენ ამ სიყვარულს

ჩვენს სულებში

ვზრდით და

ვაცოცხლებთ...

სხვა რა გვინდოდეს

წუთიერში, ნეტავ,

აქ –

ცოცხლებს?!

მართლაც, რა უნდა გვინდოდეს ადამიანებს, ღვთის შვილთ, დედამიწაზე სიყვარულის გარდა, მაგრამ სამწუხაროდ, დედამიწა სავსეა სიავით. ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ბოღმას, შურს, გაუტანლობას დაუსადგურებია მათ გულებში. რისი შედეგიცაა შემდგომ ომები, შიმშილობა, ბავშვთა სიკვდილი, განადგურებული ქალაქები, მიტოვებული სახლები. ერთ უსათაურო ლექსში პოეტი წერს:

,,თოვლი. სიმშილი.

ანძა გამხდარი.

მუნჯი ქალაქის

დროშა გამხდარი.

ვით დახლიდარი

ჩასაფრებია

ღვთის ანაბარად

დარჩენილ სულებს –

შუქიან პეპლებს

თუ წარმავლობის

სევდით გამთბარებს,

ამ უმწეობას

ვით შეიკედლებს

მზე მწუხარე და

გულმოფართქალე."

ამ ლექსის წაკითხვის მერე მიწასთან გასწორებული, ნანგრევებად ქცეული უკრაინის ქალაქი მარიუპოლი გამახსენდა და ღვთის ანაბარად მიტოვებული შუქიანი პეპლები - ბავშვები, რომელთაგან ბევრი დაიღუპა კაცობრიობის სამარცხვინოდ. მზესაც კი არ შეუძლია ამოავსოს ყველა ჭუჭრუტანა, ადამიანის სულის შავბნელი ხვეულები, რომლებიც ლაბირინთებივით ირევიან და ზოგჯერ ქვადქცეული ადამიანების გულებიდან გამოსვლის საშუალებას არ გვიტოვებენ.

  ახალი ეპოქა აჩქარებული ტემპით ცხოვრებას გვთავაზობს. დაღლილობა, დეპრესია ადამიანების სულიერი ხვედრია და რა საოცარია თამარ შაიშმელაშვილის ლექსი: ,,შემოდგომის ხე", რომელიც ჩვენ ადამიანებს ამ რუტინული ცხოვრებიდან გამოსავალს იმით გვთავაზობს, რომ ბუნებას ვუცქიროთ, დავტკბეთ მისი სილამაზით. მხოლოდ ამას შეუძლია ჩვენი გადარჩენა.

                  ხე შემოდგომის

დილით, როდესაც

კარს გაიხურავ

და მხრებზე ირგებ

რუტინას დროის...

გადაგიდგება გზაზე

უეცრად

ხე შემოდგომის...

ფოთლების მოლით...

გაგაჩერებს და

რაღაცას გეტყვის,

უთუოდ გეტყვის

სევდის რიალით

და საიდუმლოდ

საღრუბლეთისკენ

სურვილს გაგტაცებს

ფრიალ-ფრიალით.

   თამარის ლექსები სიყვარულის სიტყვასკვნილებითაა მოქარგული: ,,რტოებნატირალი", ,,სამანმჩენი", ცრემლჩაწნულები", ,,სანთელნარღვევი",  ,,მზემთვლემარე",  ლოცვასავით დაჰყვება მის ლექსებს ღვთის სადიდებელი. არ შეიძლება მისი ლექსები წაიკითხო და მისი  ჭასავით უძირო, ღრმად მოაზროვნე ბუნება არ დაინახო, რომელიც სამშობლოს სიყვარულით იწვის. მას ენატრება თვალებში სხივჩამდგარი საქართველო, აყვავებული თუშეთითა და ხევსურეთით, კახეთით და იმერეთით;

,,მენატრები და...

ვაღებ ფანჯარას,

შემომეყრება ტოტი

ნუშისა...

ჯვარი,

მზეზე აყვავებული."

აყვავებული საქართველოა მისი ოცნება:

,,ეს სიყვარულზე მეტია,

ეს სამყაროზე მეტია...

რაც სულში ვერ ჩაეტია,

რაც ცრემლში ვერ ჩაეტია...

სიზმარ-ცხადები გეტყვიან,

ჩემი თვალები გეტყვიან...

 დიახ, თამარის თვალები ყველაფერს ამბობენ, ის რაც ლექსში განფენილა, რითაც სუნთქავს მისი ლექსი.

  ქართველ მხატვართაგან კი მის პოეზიას ზურაბ ნიჟარაძის ფერწერას შევადარებდი, მზიანს და ოქროსფერს. ზურაბ ნიჟარაძის ფერწერული ტილოების სიუჟეტების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია, სისხლსავსე, ფერხორციანი. ის ძლიერ ქალებს ხატავს, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე, მაგრამ ამავე დროს მათი სულიერი სამყარო დიდი და დიადია.  ქალი სამყაროს მამოძრავებელი ძალაა, მას შეუძლია იყოს გმირიც და იყოს ნაზი სატრფოც, ხან მახვილით ხელში მოგვევლინოს და ხან - არფით, რომ დაატკბოს გარშემომყოფნი მუსიკის მომხიბლავი ჰანგებით. ზურაბ ნიჟარაძის ქალებიც ხან ზეცაში დაფრინავენ ფაფუკ ღრუბლებთან ერთად საყვირებით ხელში, ხან ყვავილებით ხელდამშვენებულები შემოგვცქერიან, ხან სოფლის უბრალო ქალები არიან მამლით მოსიარულენი, მოგზაურობენ ვირით და მასზეც მსხდარნიც მაინც დედოფლები არიან. რაღაცით ისინი თამარის ლირიკულ გმირებს მაგონებენ, ალბათ, სულის სინატიფით, შეუპოვრობით, ტრფიალების სინაზით. როგორ მაგონებს ზურაბ ნიჟარაძის ქალ-პერსონაჟს თამარის დედა თუნგით ხელში, რომელიც მის ლექსში: ,,თუნგი“ წარმოჩნდება:

 

ეს გაზაფხული ვერცხლისფერი

დედის თუნგია -

აყვავებული...

ცრემლის ზედაშე.

 

დედამ მზისფერი ჩქერალები

ჩამოწურა სპილენძის ნისლში,

ზანზალაკებად ჩაუდგა სევდა,

თეთრი ტკივილი,

როგორც ვენახში წინგორგოლაზე,

მღერის სული, სიტკბოებას ნაზიარევი... 

 

ხოლო როცა თამარ შაიშმელაშვილის ,,ხარისთვლა“ წავიკითხე, ზურაბ ნიჟარაძის ერთი ჩანახატი დამიდგა თვალწინ :,,ვაჟა-ფშაველა“, როგორ შეესაბამება ამ ლექსის სტრიქონები დიდ ვაჟას, სამყაროს აღქმის უზარმაზარი უნარი ჩანს აქ.

 

ელვარება ეცვა ღამეს,

შენი სევდის სისხლი მღლიდა,

შენს ნაღველში მოღუღუნე

სამღერალი დამიღვინდა...

შენს ხელებში მობიბინე

მზის ჯეჯილი ამიღიმდა...

ეს ტკივილი მიღმიერი,

ეს სიცოცხლე ამად ღირდა.

 

  როცა მხატვრის და პოეტის შემოქმედებაში პარალელებს ვავლებთ, ვხვდებით, რომ ხელოვნება ერთიანია, ეს არის გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეში, შინაარსი კი უცვლელია, ის ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ემსახურება. როგორც ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: მხატვრობა მუნჯი პოეზიაა, ხოლო პოეზია – ბრმა მხატვრობაა. თამარიც წერს და ქმნის პორტრეტებს(,,შენ, მამაჩემო“, ,,დედაჩემი“, ,,ქეთევან დედოფალს“, ,,ტრფობის პატიმარი“(ლევან გოთუას), ,,ერგნეთში“(ციცინო ბაბუციძეს) და სხვ.), პეიზაჟებს (,,თებერვლისა“, ,,მარტის ოქტომბერი“, თვითონ სათაურიც მიუთითებს ბუნების სასწაულზე).

 

როგორ გეძახი ამარტისფრად

და კვლავ სასწაულს როგორ ველი...

და მარტოობის ნანატრ სიზმარს

მარტავს ფოთლებით ოქტომბერი...

                   (,,მარტის ოქტომბერი“)

 

   არ შეიძლება პოეტის შემოქმედებაში არ გაესვას ხაზი სატფიალო ლირიკას. ის სიყვარულის ისეთ ბადეს ქსოვს, რომელშიც გაბმულს, - სატრფოს,  სიყვარულის მთელი სილამაზე უნდა აგრძნობინოს და არა ჟინმორეული ქალივით ვნებებისგან დაცალოს, ქანცი გაუწყვიტოს. თამარის სიყვარული ნაზი და ფაქიზია, იას ჰგავს, რომლის გათელვაც ფეხით ადვილად შეიძლება, მაგრამ ღრუბლებად ქცეული ის მიუწვდომელი და უსასრულოა. ის ჯემალ ქარჩხაძის  ,,ზებულონის“ ერთ-ერთ გმირს - ნესტანს მაგონებს, რომელსაც მსხვერპლშეწირვა შეუძლია, სატრფოს და სამშობლოს ბედი მისთვის უპირველესია. ბევრი ჩვენგანი ინატრებდა ასეთ ზებუნებრივ სიყვარულს, თოვლივით წმინდას, რომელსაც არ შეიძლება ტალახი, ადამიანური სისუსტენი   შეეხოს.  ის ლექსში ,,თეთრი ვარდებით“ ასე მიმართავს სატრფოს:

,,რომ გაზაფხული დაგიბრუნო

ცისფერპერანგა

სულიდან ლექსში, ლექსში სიზმრით აგიბიბინდე,

ჩემს ღამეებში თბილ ნისლად ვინ

მოგიფერადა,

რად ენატრები მოწკრიალე სულს,

ნაგვირილევს...“

    პოეტის სული მოწკრიალე ზარია, რომელიც უხმობს სატრფოს ზღაპრული ფერადი ყვავილების სამყაროში, რომ სულში გაზაფხული ჩაუსახლოს. მისი სიყვარული მოდილიანის სიყვარულია, უდიდესი მხატვრის, რომლის სატრფო - მუზა  მისი უძვირფასესი მეუღლეა.

 

ჩამოითოვლა სიზმარივით

ეს დღეც

ნოემბრის 

ნუშისთვალება სიყვარული

მოდილიანის.

 

წავიკითხავთ ამ სტრიქონებს და მაშინვე მოდილიანის ნუშისთვალება გრძელკისერა ულამაზესი ქალები წარმოგვიდგება თვალწინ.

   ლექსში ,,მზეს ეფარებიან"    კარგად ჩანს პოეტის პრინციპულობა, არ დაზავდეს ბოროტებას, სიავეს.  რაც არ უნდა ეცადონ გარეწრებმა, ის მათთან ალიანსში არასოდეს შევა. მისი სული პეპელასავით სუფთა და შეურყვნელი დარჩება მუდამ.

 

ავსიტყვის ზუსტი დამიზნებით                       

გულს ეკალ-ისრებს უმზადებენ...

დღეს დააბნელებენ კუპრი მზერით

და დიდ სიყვარულს მურს ადებენ...

და წრფელ ოცნებებს ეხლებიან...

დაულეწიათ ავჟანდები,

წყვდიადის კვამლში ვერ ხვდებიან,

ბოროტებასთან არ ვზავდები!

 

 თამარ შაიშმელაშვილის პოეზია საბადოა მეტაფორების.

ლექსში ,,სიცოცხლის ხე“ ის წერს:

 

ჩემი სამშობლო

სიცოცხლის ხეა,

უდაბნოში დარჩენილი

საქსაულივით -

დასაბამიდან ღვთის თვალებს

რომ ქსოვს....

 

ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ, არანაირი შეკითხვა აღარ გვებადება, – ვინ არის თამარი?! ყველაფერი დღესავით ნათელია, ის დიდი პოეტია.

   ეს მცირედია, რაც დავწერე თამარის რამდენიმე ლექსის წაკითხვის შემდეგ, ამოვთქვი რაც სულმა ვერ დაიტია. მკითხველს დიდი სიამოვნება ელის წინ, წარმატებებს ვუსურვებ თამარს, მკითხველის სიყვარულს და აღტაცებას, რაც ასე სჭირდება თითოეულ ხელოვანს!

პატივისცემით, მაია დიაკონიძე

26.10.2023 წელი

No comments:

Post a Comment