Tuesday, November 21, 2023

ჩანახატი

 ჩანახატი

სალის სიყვარულში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა და როდესაც პაატამ უთხრა , მიყვარხარო, დაიჯერა. არასოდეს დალაპარაკებია მამაკაცებს, მხოლოდ კლასელებს და ჯგუფელებს. თვითონ შეუყვარდა ერთი, იმანაც არაფერი იცოდა ამის შესახებ. იტანჯებოდა, თავის გულის ნადებს არავის უმხელდა. დაუპატარავდა გული, კაკლის ნაჭუჭივით გაუხდა. დაიჭმუჭნა, დაბერდა მასავით. ახლა კი, როცა უთხრეს, მოყვარხარო, გულმა სიგანეშიც გაიწია და სიგრძეშიც, გადიდდა, სალიც იმ ვარდის კოკორივით გაიფურჩქნა, ზამთარში, ყველასთვის მოულოდნელად რომ აყვავდება ხოლმე, ყველა გაოცებული რომ უყურებს, ნეტავ, ამ სიცივეში რამ გაფურჩქნა და გაალამაზაო. მოვიდა ყინვა, მოაზრო ყვავილი. რა გეგონა, აბაო, გაეცინა ზოგიერთს. დამჭკნარი ყვავილი კი ფურცელ-ფურცელ დაიშალა, მოეფინა თოვლს მისი წითელი ფურცლები, თეთრ თოვლზე დაღვრილ სისხლს დაემსგავსა. იქ ჩავლილმა პატარა გოგონამ წამოკრიფა, , დაენანა, ცივ თოვლში რად ჰყრიაო, სახლში წაიღო, ახლა ჩაის სვამს იმ ვარდისას და ყოველ დღე ისმენს ერთი ქალის სიყვარულის ისტორიას, რომელსაც არასოდეს გაუმართლა.

No comments:

Post a Comment