კახური ღვინო!
გამოამწყვდიეს ძველ ბოთლში ჯინი,
ამოუშენეს შუშის გისოსი,
ერთგული დარჩა დიონისოსი.
მომართვეს ერთხელ კახური ღვინო,
რა ვიცოდი რომ შიგ იჯდა ჯინი,
სულს ჩამეღვარა უცნაურ სითბოდ,
ტრფობის და თრობის აღმეძრა ჟინი.
ყველა მიყვარდა: შინა თუ გარე,
მიყვარდა კერა მამაპაპური,
არ მითქვამს სიტყვა ლუგუმი, მწარე,
ცხოვრებაც მქონდა მე საამური:
სოფლად ხვნა-თესვა არა ცხრებოდა,
კვალი რჩებოდა წიქარა ხარის,
ქარვის მტევანთა მრავალფერობა,
გულს ახარებდა არნახულ ძალით.
და მეც ზღაპრებში ხელახლა ვიშვი,
ცა ქუდად მხურავს, ქალამნად – მიწა
,,არ გადაშენდეს ქართული ჯიში!" -
ეს სადღეგრძელო უფალსაც მისწვდა.
იმ ერთ ძველ ბოთლში რომ იჯდა ჯინი,
კახური ღვინო ყოფილა თურმე,
გზა მიეც, ღმერთო, დაკრეფილს ჟინით,
ქართული ყურძნით დატვირთულ ურმებს.
მაია დიაკონიძე
4.11.2023 წელი
No comments:
Post a Comment