ორბელის ციხესთან
/ციხის ჩივილი/
უვიცო მგზავრო,არც მომხედე,გამცდი,წახვედი..
აღმიქვამ ისე,როგორც გლახას,ბინძურ მათხოვარს..
ისევ შეცდი და ჩამოშორდი უფალ მაცხოვარს..
ერთ უსახელო კლდის ქიმზე ვარ ცრემლით ნაშენი..
ქვეყნის წარსულის გადამრჩენი,-ჭირში საფარი..
ბევრჯერ ყოფილა ურდოს ძვლები ხევში ნაფენი,
ეს ყველაფერი ალბათ შენთვის არის ზღაპარი..
ვერას მაკლებდნენ შინ და გარეთ ვერაფერს მტრები..
ვიდექი სალად ხეობაში გამორჩეული..
უშენოდ წლები ვეღარ ვზიდე,მატკინა მხრები,
საუკუნეებს ვეღარ ებრძვის ბერი სხეული !!!..
შეჩერდი მგზავრო,ნუ მიყურებ როგორც მათხოვარს..
რაც ბრწყინავს,მასზე რატომ გრჩება მარტოდენ თვალი?!
ყველა გლახაში გულისხმობდე უნდა მაცხოვარს,
ამ ცისქვეშეთში მარტო ასე დაგრჩება კვალი..
შეჩერდი,მოდი,შეისვენე,ლუკმა გატეხე..
აპკურე ღვინო საძვალეთა დაშაშრულ ლოდებს..
გმირთა სავანეს მოდებული შამბი აჩეხე,
დაუგდე ყური,ქარი ციხის აწმყოსა გოდებს..
შეჩერდი, ერთხელ საძირკვლის ლოდს შეუდექ მხრებით..
ლიბომოთხრილი კოშკი ლამის შეერთოს ხევებს..
შეგიგრძნო ისევ, ძველებურად დამიდექ გვერდით
და მერე ერთად დავეჭიდოთ ქაჯებს და დევებს !!!
გელა ციგროშვილი
25.10.13.ლეჩხუმი
No comments:
Post a Comment