პოეტების ნდობა არ იქნება!
არა, რეალურ ცხოვრებაში არაფერს ვერჩი, მხოლოდ მათ შემოქმედებას ვგულისხმობ. ისეთ სიტყვას შექმნიან, ან უკვე არსებულს ისეთნაირად დაწერენ, არანაირ წესში რომ არ ჯდება, თუმცა იმდენად ორგანული და ბუნებრივი ხდება-ხოლმე ეს სიტყვა, სხვანაირად ვეღარც წარმოგიდგენია ადამიანს.
პირველად ეს ვიფიქრე პოსტერის ნახვისას, რომელიც გვაუწყებდა, რომ გაიმართებოდა ჩვენთან მოღვაწე პოეტის - ელგუჯა ციგროშვილის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით, არც მეტი, არც ნაკლები, - „დედა-შვილობა.“ დიახ, ზუსტად ასე, დეფისით გაყოფილი „დედაშვილობა.“ ვინმე სხვას რომ ეხებოდეს საქმე, გრამატიკულ, ან მექანიკურ შეცდომად ჩათვლი, მაგრამ როცა საქმე ჩვენს პოეტს ეხება, სხვა ამბავია აშკარად. იმიტომ, რომ ქართულ ენასთან ოდენ „შენობითი“ ურთიერთობა კი არა, კაი მეგობრობაც აკავშირებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საღამო ემიგრაციაში იმართება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც ბიოლოგიური დედა-შვილის კავშირზე არ უნდა იყოს საუბარი. თან, აკაკის „განთიადსაც“ თუ მოვიშველიებთ („დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ“), უფრო სამშობლოსა და უცხოეთში მყოფი ქართველის ურთიერთობაზე გავალთ (ღონისძიებაზე დადასტურდა ამ ვარაუდის სისწორე).
მაშ, რატომ დეფისი? საერთოდაც, დეფისი კია, მაგრამ, თავისი არსით, იქნებ კითხვის ნიშანია? სამშობლოსთან ერთიანობას რამე ხომ არ დაემუქრა? ან, იქნებ საყვედურია სამშობლოსადმი?..
ცოტა მოგვიანებით მივიღე მოსაწვევი, სადაც „დედაშვილობა“ ეწერა. აი ასე, ყოველგვარი დეფისის გარეშე. მიდი ახლა და გამოიცანი, რატომ ამოვარდა ეს ჩვენი დეფისი...
მასში პედაგოგმა იმძლავრა და ამიტომ ჩაასწორა?
ვაჟას „ალუდას“ ხაზს ხომ არ აგრძელებს, რომ სამშობლოსადმი საყვედურ-სამდურავი არ შეიძლება?
იქნებ ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ გაახსენდა, რომ დედაშვილობაში შენ-ჩემობა არ უნდა იყოს? რომ, ვინ ვისთვისაო, დედაშვილობაში საკითხავი არ არის?
კიდევ სხვა რამ მიზეზის გამო? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რას გაუგებ პოეტებს?!..
აი, ასეთი იყო ფიქრნი ჩემნი „დედაშვილობა“-ში დეფისსა და უდეფისობასა ზედა. თავად საღამოზე, რომელსაც ორგანიზება თესალონიკის ქართული საზოგადოება „საქართველო“-ს ხელმძღვანელმა - ელგუჯა მინაძემ გაუწია, რა ხდებოდა, წვრილად აღარ მოგიყვებით, ძალიან გამიგრძელდება სიტყვა. სწორედ ის შემთხვევაა, „აი, იქ რომ უნდა ყოფილიყავით.“ ძალიან მოკლედ რომ გითხრათ: მიუჯდა მერხს ჩვენი პოეტი, გაკვეთილი კი აქეთ ჩაგვიტარა; ჩაგვკიდა ხელი და დროში გვამოგზაურა - სამყაროს დასაბამიდან დღევანდელ დღემდე; გზად ათასწლეულები გვედო, საგზლად კი - ისტორია, მითები, ზღაპრები, ლეგენდები, სამშობლო, მონატრება, სიყვარული, დედაშვილობა...
და რითმები, რითმები, რითმები...
ყველა რეაქცია:
7ელგუჯა ციგროშვილი და 6 სხვა პიროვნება
No comments:
Post a Comment