გოგონა დიდი თვალებით
ბავშვობაში დიდი, დიდი თვალები მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ შიგნით ჩამეტია მზეც, მთვარეც, ვარსკვლავებიც, დედა, მამა, ჩემი და-ძმები, ბიძაშვილები, ნათესავები ახლო და შორეული, მეზობლები, სათამაშო ბურთები, ფერიც მახსოვს, ერთი მხარე ლურჯი ჰქონდა, მეორე - წითელი. ფერადი ბუშტები, კალედოსკოპი, მზეზე რომ გავცქეროდით და ათასფერ ნახატებს ვხედავდით, ჩიკორი, დიდზე დიდი, სხვებს როდი ჰქონდათ ასეთი, მამამ მომიტანა, დავატრიალებდი, დავაბზრიალები, საათობით შემეძლო ამით მეთამაშა, თოჯინები... არ დამავიწყდეს ყვავილებიანი მინდვრები, ყანები, სიმინდის თუ ხორბლის, თონეები, წყაროები, სახლები, მთები, ვენახები, ბროწეულის ხეები და არ ვიცი კიდევ რა...დიახ, ყველაფერი მინდოდა ჩამეტია ჩემს თვალებში. მახსოვს ერთხელაც უკრაინაში ჩავედით ბებიასთან. დეიდამ შემომხედა და მითხრა: - მაია, სად წავიდა შენი დიდი თვალები?! - გაკვირვებულმა ჩავიხედე სარკეში, ასეთი რა შეამჩნია, რასაც მე ვერ ვხედავ მეთქი. გავოცდი, თვალები მართლა დამპატარავებოდა. იქნებ აღარც მინდოდა მეტი რამე მენახა და მეყო ის რაც ვნახე, ღრმად შევინახე გონებაში, აზროვნების ლაბირინთებში?! ან იქნებ ადამიანების უსაქციელობამ დამიპატარავა თვალები, ზოგჯერ ცდილობ, ნაკლები დაინახო. ან სულაც არ დაინახო არაფერი. ვინ იცის?!
No comments:
Post a Comment