Friday, November 17, 2023

მაიას რეცეპტები (გონივრული აზრ-გამონათქვამები)

 დღე მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ. ამას წინათ ერთი ფსიქოლოგის ჩანაწერს ვუსმენდი. ჩემმა შვილებმა გაკვირვებით გადმომხედეს და მითხრეს: - დედა, შენ ხომ ეს ყველაფერი იცი, წლებმა გამოცდილება შეგძინა, რაღაში გჭირდება ფსიქოლოგი, შენ თვითონ შეგიძლია მისცე რჩევები ხალხს! - რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის როლს ვერ მოვირგებ, მაგრამ გარკვეული ცხოვრებისეული რეცეპტები მეც მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ახალგაზრდებს მათი მოსმენა არ უნდათ, ჰგონიათ, ყველაფერი იციან, ჩემი ასაკის ხალხს კიდევ აღარ სჭირდებათ, თვითონვე დაუგროვდათ დიდი ცოდნა. მაინც შევეცდები რამდენიმე რჩევა მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, აქ ახალი არაფერი იქნება, უბრალოდ, ჩემეულად ჩამოვაყალიბებ:

მაიას რეცეპტები ანუ ,,გონიერების აბები":
1. არასოდეს მოატყოოთ ბავშვი, რადგან მის თვალებში ჩამქრალი მზე ვერასოდეს გაანათებს სამყაროს.
2. არიან ადამიანები, რომელთა გულს ვერასოდეს მოიგებთ, ნურც ეცდებით, ტყუილი შრომაა, რადგან წითელი ხალიჩებიც რომ გაუფინოთ წინ,
მათთვის ეს მხოლოდ ტალახიანი მიწა იქნება.
3. ნუ გაუზიარებთ თქვენს გულისტკივილს ყველას, უფრო მეტიც, ჯობია, არავის გაუზიაროთ, რადგან არ იცით, ვინ როგორ გამოიყენებს თქვენს გაჭირვებას, შეიძლება ცოტა ხანში თქვენი სიტყვები წინვე დაგხვდეთ, თანაც გადაკეთებულ-გადმოკეთებული.
4. ნუ ენდობით სარკეს! თქვენგან დანახული და სხვათაგან დანახული თქვენი სახე შეიძლება სხვადასხვა იყოს.
5. უმადურობა ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა, ამიტომ ნურასდროს დაგწყდებათ გული, თუ კეთილი საქმისთვის მადლობა არ მიიღეთ. ამას თქვენ თქვენი თავისთვის აკეთებთ, პირველ რიგში. სიკეთე არ იკარგება. მადლიერი იყავით, რომ სიკეთის ქმნის საშუალება გაქვთ.
6. ვერასოდეს დაინახავ ცის სილამაზეს, თუ მას არ შეხედავ.
7. შვილები ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად, რაც მეტი გყავს, მეტად ნაწილდები, მეტი წილი რჩება შენი დედამიწაზე, ოქრო-ვერცხლი თვალს ახარებს, მაგრამ სანთელ-საკმეველს ვერ დაგინთებს გარდაცვალების მერე.
8. მარტოსული ადამიანი კაქტუსივითაა, ეკლები ასხია, არ შემეხოთო, მაგრამ ერთხელ ისიც ყვავილობს, მაშინ მის ყვავილს არაფერი სჯობია, ისე ახარებს თვალს.
9. თუ ადამიანს თქვენთვის დრო ვერ გამოუნახავს, ესე იგი, არ უყვარხართ! სიყვარული ქველია, თუ კი რამე ენანებათ თქვენთვის(თუნდაც რამდენიმე წუთი), იქ სიყვარულიც არაა.
10. მხოლოდ შვილის მიმართ დედის სიყვარულია მარადიული და უკვდავი. განა არის რამე სულზე ძვირფასი ამქვეყნად, შვილისთვის სულიც არ გვენანება. არის გამონაკლისებიც.
11. როცა საპატიო ყარაულში ვდგავართ, განა ყოველთვის ვაცნობიერებთ, რისთვის და რატომ?! გმირები, დიდება მათ! აქაც გვიცავენ დედამიწაზე და იქიდანაც - იმქვეყნიური საუფლოდან!
მაია დიაკონიძე
12.11.2023 წელი

12. როცა სულ მარტო რჩებით პრობლემის წინაშე, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, გახსოვდეთ, უფალი ყოველთვის თქვენთანაა, ის აუცილებლად დაგანახებთ გამოსავალს, შეიძლება უცხო ადამიანიც კი გამოგიგზავნოთ დასახმარებლად, მთავარია შეიცნოთ და ხელი არ ჰკრათ.
13. ყოველ დილით მადლობა უთხარით სამყაროს შემოქმედს, რომ ცოცხალი ხართ, შეგიძლიათ უმზიროთ ქვეყანას, ძილის წინ ილოცეთ, ისევ მადლი შეწირეთ უფალს, რომ ის დღე გებოძათ.
14. ბუნებაზე მშვენიერი არაფერია ქვეყნად, რომ გაიღვიძებთ, ფანჯრიდან გაიხედეთ, თვალები გარშემო მიმოავლეთ,თქვენი მზერა აუცილებლად შეჩერდება რაიმე ლამაზზე, უდაბნოშიც რომ იყოთ, დატკბით მისი მშვენიერებით, აუცილებლად იგრძნობთ ენერგიის მომატებას.
15. ძალით გაკეთებული საქმე არ არის ნაყოფიერი. ამიტომ პროფესია, რომელსაც თქვენ აირჩევთ, თქვენთვის სასურველი და საყვარელი უნდა იყოს. ისე დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწევთ თქვენს საქმეში.
16. გიყვარდეთ გარშემომყოფები, ისინი გვილამაზებენ ცხოვრებას, რომ არა ადამიანები, სადღაც უდაბნოში მყოფი კაქტუსივით ეკლებს გამოვისხამდით. ადამიანობა, პირველ რიგში, ურთიერთობაა.
17. წარმატებამ არ უნდა გაგვაამპარტავნოს. ბევრი წარმატებული გვინახავს მერე დაცემული, გვახსოვდეს ეს!
18. ჩვენ არავისზე მეტი ვართ და არავისზე ნაკლები, ყველანი თანაბარნი ვართ! თუ ვინმეს უნდა ზევიდან გვიცქიროს, გაუშვით, ადრე თუ გვიან, მასაც ეტკინება კისერი მაღლა ყურებით,
19. ტყუილად არ უთქვამთ, ,,შრომა აკეთილშობილებს ადამიანს", თუ სხვას ვერაფერს აკეთებთ, ყვავილებს დაუსხით წყალი, ნახეთ, როგორ სურნელს მოგაფრქვევენ,
მათაც შეუძლიათ მადლობის გადახდა.
20. ბავშვისთვის კარგი განათლების მიცემა ყველაზე დიდი საქმეა, ნუ დაიზარებთ მასთან მეცადინეობას. სიყვარულით ასწავლეთ, თამაშით, ბუნების მაგალითებით, რომ თქვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღოს.
21. მიწაზე ფეხს თუ არ დაადგმევინებთ ბავშვს, ფრენას ვერ ისწავლის, მიეცით დავალებები, გააკეთოს ოჯახის თუ მეზობლის საქმე, მიეჩვიოს შრომას, მხოლოდ მშრომელ ადამიანს შეუძლია მიღწიოს წარმატებას.
22. ნუ ჩაერევით სხვის საქმეში, თუ არ გთხოვენ. რაც გინდა კარგი გააკეთოთ, მადლობელი არავინ დაგრჩებათ, ის კი არა და, შეიძლება, გაგლანძღონ კიდეც.
23.ზოგჯერ არც პირშითქმა ვარგა და არც პირსუკან. ნუ ეცდებით გაბრაზებულზე ჭექა-ქუხილი დააყენოთ. გამოდარებას დაელოდეთ. მერე აწონ-დაწონეთ თქვენი სათქმელი და ისე უთხარით, ვინც გაწყენინათ. მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს.
24. დაფნის გვირგვინი ხალხმა უნდა დაგადგათ და არა ორმა კაცმა ან ადამიანების მცირედმა ჯგუფმა.
25. უსამართლობის ზეიმი ადამიანებს სიცოცხლის სურვილს, იმედს უკარგავს, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ მას, თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს.
26. დააფასეთ ადამიანები, რომლებიც ორიგინალურად აზროვნებენ, ნუ დასცინებთ მათ. რომ არა ისინი, დღეს არც მანქანა გვექნებოდა და არც თვითმფრინავი.
27.ნუ იჭორავებთ სხვა ადამიანებზე,თქვენთვის ეს შეიძლება გართობაა, ზოგს ეს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხის" მთავარი პერსონაჟი - მარიტა, ამის საუკეთესო მაგალითია.
28. ტალახიანკალოშებამოცმულ ადამიანებთან გერჩივნოს ურთიერთობა ზოგიერთ კაწკრიალებულ ფეხსაცმლიანთან ურთიერთობას, მთავარია, ვის როგორი სული აქვს, სუფთა თუ ჭუჭყიანი.
29. გაუფთხილდით იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ასეთები ბევრნი არ არიან, უმრავლესობა ადამიანებისა პირფერია, სანამ სჭირდებით, მანამდე იქნებიან თქვენთან კარგად.
30. რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, გახსოვდეთ, მედალს ორი მხარე აქვს, ყოველთვის თქვენადა სასიკეთოდ შემოატრიალეთ თქვენი ფიქრები, როგორც მანქანის მძღოლს არა აქვს შეცდომის უფლება, თქვენც მოიშორეთ ნეგატიური აზრები. რომ სადმე უფსკრულში არ გადაიჩეხოთ.
31. გახსოვდეთ, ადამიანები იშვიათად იცვლებიან! ერთხელ თუ გიღალატათ ადამიანმა, ის მეორედაც და მესამედაც გააკეთებს ამას. ღალატიზ დამიანის სულშია, საქციელი კი მისი გამოხატულებაა.
32. ღალატი ადამიანის გონებაში დიდი ხანი მწიფდება, ის არ არის სპონტანური, უცაბედი, ზოგჯერ თვეები, ზოგჯერ კი წლები მზადდება. ამიტომ, როცა გეუბნებიან, ,,ასე გამოვიდა", ,,უცაბედად მოხდა", არ დაიჯეროთ. ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა" იმის დასტურია, რომ ღალატმა შეიძლება დაგაკარგინოს სინდისიც, სამშობლოც, მეგობრებიც და თავიც. მისი გამართლება შეუძლებელია.



No comments:

Post a Comment