Tuesday, November 21, 2023

მოგონებებიდან, მზესუმზირა

 მოგონებებიდან

ვის არ უყვარს მზესუმზირა, ყვითელფურცლება საოცრება, თავისი ფერებით მზეს რომ ჰგავს და მზის სიყვარულიც ჩავარდნია გულში, საითაც მზე გაიწევს, ისიც კისერწაგრძელბული მიჰყვება მას. ქართველებს სახელიც კარგად შეურჩევიათ: ,,მზესუმზირა". უყურებს მზეს, თვალს ვერ სწყვეტს. ისიც უფასებს ამ სიყვარულს და უხვად ჩუქნის თავის სხივებს. უკრაინაში სტუმრად ჩასულებს მზესუმზირების უზარმაზარი პლანტაციები გადაგვეჭიმებოდა ხოლმე თვალწინ. უკრაინა ერთ-ერთი ლიდერი იყო მზსუმზირის ზეთის წარმოებაში. ბებიას ბაღშიც ბევრი ყვაოდა. როცა საჭმელად გვეძახოდნენ, მზესუმზირების ქვეშ ვიმალებოდით მე და ჩემი და-ძმები. გვეგონა, ვერ გვიპოვიდნენ. ბებია თვითონ ამზადებდა ზეთს, საოცრად არომატული იყო. მოგვიხარშავდა კარტოფილს, ამ ზეთს დაასხამდა, კიტრსაც სამ დღეში დაგვიმჟავებდა და მივირთმევდით, კარტოფილს არაჩეულებრივი მზესუმზირის ზეთით, რომლის გემო არასოდეს მავიწყდება, მას მერე ასეთი არასოდეს გამისინჯავს და მჟავე კიტრით. აცხონოს ღმერთმა ჩემი უკრაინელი ბებია, სასწაული ქალი იყო. უზარმაზარ ჰექტარ მიწას თვითონ უვლიდა, კარტოფილიც ჰქონდა, თეთრი ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, სტაფილო, წითელი ჭარხალი, სიმინდი, მზესუმზირა, ლობიო მოჰყავდა, მაგრამ თეთრი იყო, ხილი, ყვავილების ბაღი, კურდღლების ფერმა, ასამდე ქათამი, ყველაფერი მოვლილი-დაწკრიალებული. ყოჩაღი იყო, ძალზე ყოჩაღი. ჩვენ რომ არაფერი მოგვკლებოდა, საქართველოდან ჩასულ ხუთ ბავშვს, სამუშაოს იღებდა იქვე ფოსტაში და კულტურის სახლში, გვიკერავდა, გვიქსოვდა, გვიქარგავდა. ახლა ვფიქრობ, ცოტათი მაინც დავსგავსებოდი-მეთქი მას. სააღდგომო პასკებს გამოაშრობდა და ზაფხულისთვის გვახვდრებდა. წამოვწვებოდით რუსულ ღუმელზე და ვახრამუნებდით. რა ჯობია ბავშვობის გახსენებას. მზესუმზირა ტომრებით გვქონდა ხოლმე, დასხდებოდნენ უკრაინელი ქალები თავიანთი სახლების ჭიშკართან, მეზობლებს მოიწვევდნენ, მოიდგამდნენ ამ მზესუმზირის ტომრებს, თან გზას უყურებდნენ, თან საუბრობდნენ, თან მზესუმზირას მიირთმევდნენ. მიყვარდა მათთან ერთად ჯდომა. მათი მოსმენა.ჩაიშალა მზესუმზირის ბაღები დღეს უკრაინაში, მაგრამ ხომ ისევ გაიზრდებიან, ღმერთი იყოს უკრაინელების დამხმარე ამ უთანასწორო ომში.
ბებიას ემალებიან, პასტელი, მხ. მაია დიაკონიძე
ყველაზე ხშირად ჩემი ძმები და მედეა იმალეოდნენ ხოლმე, ერთად სიარული და ცელქობა უყვარდათ

No comments:

Post a Comment