Wednesday, November 8, 2023

მზის კაბა

 

მზის კაბა


მახსოვს ბებიას ნათქვამი,

სიტყვა, ჩამესმის ახლაც,

,,ბუნებას არა ჯობია!",

თავს წვიმის წყალით მბანდა.

მთვარე რომ ამოვიდოდა, 

პირსავსე, თეთრი, ბადრი,

,,დაგხედოს!" ასე მეტყოდა,

,,იყავ იმისი დარი!"

შემილოცავდა, მზად ჰქონდა

შავტარიანი დანა,

,,თვალი კაცისა ბასრია,

ენა აქვს გველისთანა,

ხინჯი არ დაგრჩეს პაწიავ,

გაშორებ ბოროტს, ავ თვალს,

ავად რომ აღარ გამიხდე,

მე დაგიმზადებ წამალს!"

გაშლიდა მზეზე თავთავებს,

პურს დამიცხობდა მერე,

იმ პურის გემო კვლავ მახსოვს,

გული ფართხალებს ჯერეთ.

ბებიას ხსოვნას ვინახავ,

მისივე ნაქონ სკივრში,

შევხედავ იმის მზის კაბას,

მადგება გასაჭირში.




No comments:

Post a Comment