მიდიხარ
...და ასეც ხდება, გზები იყოფა გადაუკვეთელ პარალელებად. მიდიხარ, მრჩები მაინც სამყოფი: სუნთქვად, სინათლედ და გაელვებად... ვუყურებ ღამეს - სურათს მოსაწყენს (გავს მალევიჩის კვადრატს სარკმელი)... მიდიხარ, წითელ ტუჩსაცხს მომაცხებს, შენი ტუჩები - კოცნის ქარგებით. ეს სიყვარული შენ რას გარგებდა, სიგიჟის ხვედრით, შეუძლებლობით დაჭაობებულ გზებით გაგნებას ვცდილობთ (გაცილებ, და მე ვეფლობი) რომ სიღმეების ვეხები მწვერვალს, ლექსით თუ სიზმრით, ხილვის სიცხადით, როგორც მზე ჩადის და იწვერება, ისე ჩაგყვები სულით თიხამდე... გზები, გზებია, ქარის ბლონდებით, და უსასრულოდ მიდის, მრუდდება... მიყვარხარ! მაგრამ არ გელოდები, შენი ნებაა, თუ დაბრუნდები...დრო ყველა ნაბიჯს გადააფასებს!
დრო ყველა ნაბიჯს გადააფასებს...
სხვა თავგანწირვის არ მაქვს უფლება,
რომ შენს დედოფლურ კდემას ვაფასებ
სიყვარულის და ტრფობის უთქმელად,
შავ-თეთრ დღეების ვდგავარ დაფაზე,
სვლაგანწირული, როგორც პაიკი...
ერთი სიკვდილიც ვერ გადააფასებს,
ჩემს ერთგულებას შენდამი, - მაიკო!
No comments:
Post a Comment