Saturday, August 27, 2022

გუშინ მესიზმრა (სატრფიალო)

გუშინ მესიზმრა, ჩქერალები მათოვდა მზისა,
ისე ვბრწყინავდი, როგორც მზეზე დილის ცვარ-ნამი,
და შუქ-ჩრდილები მთაგრეხილებს კეტავდა, ხსნიდა,
გზებს და ბილიკებს მოჰყვებოდა ჩემი ადამი.
იმან ამიხსნა საიდუმლო ამა ქვეყნისა,
რომ გზა კეთილი არ ასცდება მორწმუნეს, მართალს,
და არასოდეს არ ყოფილა თურმე გვიანი
მიზნის მიღწევა, როცა მიწას უფალი ფარავს.
დაე, მზის ჩასვლას ჰგავდეს ახლა ჩემი ცხოვრება,
ამ ჩემს სიყვარულს სიცოცხლისას უკვდავყოფს წამი,
და თუ ოდესმე ეს სამყარო განმეორდება,
მინდა რომ ისევ ქალი ვიყო, ადამის ძვალი.
მაია დიაკონიძე
27.08.2022წელი

 



No comments:

Post a Comment