Monday, February 17, 2025

გელა ციგროშვილის ლექსები 21-ე საუკუნის პოეზიის ,,რჩეული" გაგზავნილი

მე ფხოველი ვარ
თუმცა ყოველ დღე პირჯვარს ვისახავ,
კვლავ ფხოველი ვარ, სულით წარმართი,
გოლგოთას მთაზე ჩემს ჯვარს მივათრევ,
გავანახევრე გრძელი აღმართი...
რაც ჩემს წინაპრებს უწამებია,
დროს მოვყვებოდი, მეც მას ვფიცავდი,
დავუჩოქებდი არმაზ ღვთაებას,
თავს დავუხრიდი დაბლა მიწამდის...
ვაღმერთე ვაზი და შევიყვარე,
ღვინის ღვთაება, – მთვრალი აგუნა..
არც მითხოვია იმაზე მეტი,
რაც კი განგებამ დღემდის მარგუნა...
ვლოცე მზე, მთვარე და ვარსკვლავები,
გაცსა და გაიმს ზვარაკს ვწირავდი..
ვადღეგრძელებდი ირგვლივ ღვთაებებს,
რწმენის ქურაში სულსა ვპირავდი..
ლახტითა ვხოცე მთებში დევები,
იახსრისა და კოპალას დარად,
ლაშარს მივენდე, ქრისტე ვიწამე,
ჯვარი მქცევია მცველად და ფარად..
ცისარტყელას ფრთებს ავედევნები,
მისი თაღის ქვეშ გაძრომა მინდა,
ცის ნამს ვაპკურებ მარჩენალ მიწას,
დედა ღვთისმშობლის ცრემლივით წმინდას..
შვიდგზის დავლოცავ დედამიწის მადლს,
ბარაქით სავსე მინდვრებს და ველებს...
დიდი ბავშვივით მოვეფერები,
გლეხკაცის შრომით დაკოჟრილ ხელებს..
მივუალერსებ, ვეამბორები,
მარჩენალ ხარებს, ნაჯაფარ ქედზე,
დავუჩოქებ და სანთლებს დავუნთებ,
წუთისოფელთან მორკინალ რქებზე..
დედაც ღვთაებად დამისახია,
როცა ვიფიცავ მის სულს და მანდილს..
თან გულმხურვალე ლოცვით ვამცირებ
დედამიწას და ცას შორის მანძილს...
თუმცა ყოველ დღე პირჯვარს ვისახავ,
კვლავ ფხოველი ვარ, - სულით წარმართი,
გოლგოთას მთაზე ჩემ ჯვარს მივათრევ,
აღარ მთავრდება გრძელი აღმართი...
მე ფხოველი ვარ, ჩემი ხატის ყმა,
ჩემს გზას წარმართავს მუდამ უფალი,
ჩემი კუთხის და ჩემი მამულის
მცველი, ფარი და ჭირისუფალი...
გელა ციგროშვილი.. 11.11.2000 წ.
--------------------------------------------
მოხვალ, შეიცვლება ყოველი!

ძილში შენ ორეულს მოველი,
ათასჯერ სიზმრებში ნაფერებს..
მოხვალ. შეიცვლება ყოველი,
სულზე დამიკოცნი ნაკერებს..
ჩაჟანგულ გულის კარს გამიხსნი,
გაუშვებ ტკივილებს ნაგუბარს..
კვლავ და კვლავ სიყვარულს აგიხსნი,
უწმინდეს გრძნობებში ნადუღარს..
მთვარესაც შავ ღრუბლებს მოვახვევთ,
შიშველი არავინ გვიხილოს..
გრძელ ღამეს ვნებებში მოვათევთ,
დალალში ჩაგიწნავ ღიღილოს..
დაგტოვებ სიზმარში შეფარულს,
მამალმა თუნდ ასჯერ იყივლოს..
გაღმერთებ ჩემს გულში შეპარულს,
გონებამ ცაშიც რომ მიჩივლოს..
გელა ციგროშვილი
-----------------------------------
წ ა რ ს უ ლ ი ს ზ მ ა ნ ე ბ ე ბ ი
შირაქის ველზე დაბრძანდება უფალი ღამე,
უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..
ელამი თვალით გადმოსცქერის ნამგალა მთვარე
სახელდახელოდ მოქოხებულ ტოტების კარავს..
გუთნეულები შებმულია ელის ალიონს,
გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი..
პაპა ღიმილით დინჯად ქაჩავს კაკლის ყალიონს,
არ მოუხუჭავთ ყოჩაღ ბავშვებს მთელ ღამეს თვალი..
მორიგეობით ამატებენ ცეცხლს ტოტებს ღვიის
წიწვი ბრიალებს,მწარე ბოლი კოღოებს აფრთხობს..
შემოვერცხლილან ვაჟკაცები,--მღეჭავნი ტყვიის,
მათ ფეხებთან კი ისევ მათი ბავშვობა ანცობს..
ჩაჰხუტებიან,მოჰხვევიან მუხლებზე პაპებს,
ღამეც მშვიდია,შესაფერი მინდვრის და ველის..
თვალანთებულნი ყურს უგდებენ ლეგენდა-ზღაპრებს
და ყველა ერთად შირაქის ცის ალიონს ელის..
ბერი კოპალა ლახტის ქნევით მოჰკივის დევებს,
ავის გორისკენ იახსარი მოუძღვის ლაშქარს..
ღვთისშვილთ ყიჟინა შემოურბენს ფხოვის მთა--ხევებს
და ნიშანს აძლევს,მათ საშველად მომქროლავ ლაშარს..
სად ქრება მითი,ისტორია ან სად იწყება?!--
არ უკვირს ქართველთ ბრძოლისა და ყიჟინის ხმები..
არ დადგეს ეჭვქვეშ არაგველთა რწმენა-- ღირსება,
ფიცვერცხლნაჭამნი კრწანისისკენ მოქრიან ძმები..
შესწებებია ჯაჭვ--ჯავშანი სისხლიან სხეულს,
მარტო სიკვდილი თუ დაიხსნის კარგ ყმებს ფიცისგან,,
ექვსი ათასი შეილეწეს ლეგენდად ქცეულთ,
სხვას რას ელოდნენ არაგველთა მოდგმა--ჯიშისგან?!
გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი,
ცისკრის ვარსკვლავმაც გაიბრწყინა მზისკენ მავალმა..
ტოროლამ ცაში საგალობლის გაავლო კვალი
უკვე მესამედ დაიყივლა სოფლად მამალმა..
პაპა ადგება,შეუძახებს ღამის მათევრებს,
ნაბდის კალთებზე ყველა თავის საგზალს გააწყობს..
წაიხემსებენ,მოირგებენ წელზე სატევრებს
და გუთნის დედა მეხრეებსაც რიგზე დააწყობს..
ანთებულ სანთლებს ხარებს მშვიდად მიაკრავს რქებზე,
ცა--ქვეყნის გამჩენს მოზვრის მომცრო ყანწით დალოცავს..
აღმოსავლეთით დაძრულ ნათელს გაჰხედავს მთებზე,
წყალობას შესთხოვს ოთხივ კუთხივ წმინდა სალოცავს..
გადაჰკრავს სახრეს მომლოდინე ნიშებს და შვინდებს
და ალიონზე გაიბნევა წკრიალა ხმები..
დღეს აქ ხარებით არვინ ებრძვის საწუთროს ბინდებს,
წარსულო,--ერთგულ წიქარასთან ერთადა კვდები..
პაპები წვრთნიდნენ ცოტა ხნის წინ ,,ალგეთის ლეკვებს'',
სხვა დრო მოსულა, მომავალი მძიმე ექნებათ..
აღარვინ ებრძვის ათას მომხდურს;-თურქს,სპარსს თუ ლეკებს
ბავშვებიც მიყავთ,სექტემბრიდან სწავლა ეწყებათ..
ყოველ საღამოს მობრძანდება უფალი ღამე,
უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..
გულისტკივილით გადმოსცქერის ჭაღარა მთვარე
შირაქის ველზე მიტოვებულ ტოტების კარავს!!..
გელა ციგროშვილი
2.09.13
----------------------------
ღიმილით ვითვლი

დასაბამიდან ამოცლილ ნეკნს დავეძებთ ყველა..
ვპოულობთ, ვკარგავთ, ისევ სხვისკენ გაგვირბის თვალი..
და თუ ნაპოვნმა იარები ვერ გაამრთელა,
დამბადებელო, ვინ ღა არის აბა მართალი ?!
ღმერთო, ნუ დალევ ქვეყანაზე ევას მსგავს ქალებს..
მწყემსო კეთილო, ეს ცოდვილი ფიქრიც მაცალე..
ღიმილით ვითვლი ხერხემალზე უნეკნო მალებს,
უფალო, ადამს მგონი მეტი ამოაცალე?!..
გელა ციგროშვილი
28.11.13..
------------------------------------
შემინდე, უფალო!

უფალ ღმერთს ზეცაში სასწორი ჰქონია..
ჩვენ ცოდვებს წონიან განგებას ვბარდებით..
ბეწვის ხიდს გავცდითო, როდესაც გვგონია..
წყდება, კვლავ ცოდვათა მორევში ვვარდებით..
თვით უფლის წყალობით უგონოდ დამთვრალი,
დავობენ ერთურთში სული და სხეული..
სიყვარულს ვამსხვერპლე ორივე მათგანი,
უნაზეს მიწიერ გრძნობით ვარ სნეული..
დღეს ჩემივ ნეკნიდან მიბრუნებ სიხარულს..
კითხვა თუ გამიჩნდა, შემინდე უფალო..
თუ ევა გიჩენს და გამოზრდის სიყვარულს
შენ რატომ დატოვე ედემი უქალო?!
მტანჯა და მაწვალა ამ ფიქრმა აქამდე..
სიყვარულს გვანათლებ კეთილსაც,--წყეულსაც
და ვიდრე ზეცაში პირნათლებს გვნახავდე,
ამ გრძნობით გვიმშვენებ სულსაც და სხეულსაც..
უამრავ ვნებებში ბილიკი დასთოვე,
ვერ ხედავს ყველა და უფსკრულში აბიჯებს..
ახლა რომ გრძნობასთან პირისპირ დამტოვე..
იცი,რომ პირდაპირ სინდისზე მაბიჯებს?!
გელა ციგროშვილი
9.12.13 წ. თელავი..
----------------------- -
თ ვ ე თ ა ს ი მ ფ ო ნ ი ა
სიხარულით შემოვცქერი შენი სარკმლის მარტს და აპრილს,
მოჩვეული ნიბლია ვარ, ვკენკავ ლექსებს ჩემთვის დაყრილს..
იები და ენძელები მიწას თოვლის კლიტეს ახსნის,
ჩაიხუტებს გაზაფხული, ნუშს და ატამს მხრებგადაშლილს..
ძარღვში სისხლი აჩქროლდება, ლამის გულის ხეთქავს სარქველს,
ალუჩების აფეთქება, დრო მოვა და იტყვის სათქმელს...
მარტს უხდება, ღაწვის თავზე ხალის კოცნა, – დაპირება...
ჭიგოს ჩახვეული ვაზის აცრემლება, ატირება...
ფეხშიშველიც თუ მოურბენ ჯეჯილს აპრილ-მაისების..
აყვავებულ მთა და ბარის სურნელებით აივსები..
მიმოთიბე თიბათვეში ბალახები მინდორ-ველის...
შეიგრძენი, მკათათვეში ხოდაბუნი როგორ გელის...
დიდ გვალვაში წვიმის მოსვლა,- უკვდავების წამალივით,
ცისარტყელას გაბრწყინება ღვთისმშობელის დალალივით..
თვით ღმერთებიც გააოცე ფერთა შეცვლით აგვისტოში..
გადატყორცნე დედამიწა ბუნიობის დროდან-დროში..
უფალს სთხოვე, შემოდგომას ნუ დაგვილევს ბუნებაში..
ღვინობისთვით გაგვიმჟღავნოს ვის რა უდევს გუნებაში..
შეაწიე ღვთისმშობელი ულამაზეს ქართულ წყვილებს..
ქალ-ვაჟები დაუბედე უფლისაგან დალოცვილებს..
დეკემბერში გაგვახარე, მადლი მოგვეც ქრისტეშობის..
ცოტა ხანში თოვლის ბებოს უტკბილესი პაპაც მოდის..
საახალწლო სუფრის გვერდით ვინმე ბუხარს გაახურებს..
ნამქერებიც ვერ გადაშლის ბედის მეკვლის ნაფეხურებს..
სვეტიცხოვლის დიდ ტაძართან კვლავ მოხდება ნათლისღება..
წმინდა ნინოს ნატერფალზე სულიწმინდა დაეშვება..
თებერვალი ციკლს დაკეტავს,ჩაუდგება წყალი ხეებს..
ზამთარი კუდს შემოიქნევს,დაისესხებს მარტის დღეებს..
გაზაფხული თავის სათქმელს ფრთამალ მერცხალს დააბარებს..
გიჟი მარტი უამრავ კაცს ქალის ჭკვაზე გაატარებს..
სასურველ ქალს გულს ნუ ატკენ, იის კონით გაეკიდე..
დე... გამეფდეს სიყვარული, ცა და ხმელის კიდით-კიდე .!!!..
გელა ციგროშვილი
9.03.2013 წ.
------------------------------
ა ღ ს ა რ ე ბ ა!
რაც შევძელ, ცხოვრებას ვეჭიდე,
ფიქრს კი,– ზოგს ვერ ვძლიე წარმართულს...
მოყვრისთვის უფსკრულებს ვეხიდე,
მთა–კლდეებს, ზეცამდის აღმართულს.
ვისწავლე ტკივილის მოთმენა,
ჭიდილი ვნებების წყურვილთან,
გულით დანახვა და მოსმენა, –
ვერ მშველის, ვმარცხდები სურვილთან!
წმინდანი, ხმელეთის მორიგე,
მპატიობს, მაბრუნებს ფარაში...
ვერ ვმგლობ, ვერც ცხვრის ქურქი მოვირგე, –
უ ფ ა ლ ო! გჭირდები მა – რაში?!
ვმერყეობ, ერთგული ფიცისა, –
ვისთვის სეირია, არაკი...
არც ცის ვარ და ... აღარც მიწისა, –
როგორაც სახატე ზვარაკი!
სირცხვილი მტანჯავს და მაწვალებს,
ალბათ აქვთ ციური მიზანი;
ღ მ ე რ თ ო! დამიფარე ცოდვილი, –
მიწიერ ვნებათა ხიზანი!!!
გელა ციგროშვილი
=======================================

სიზმარი.
მესიზმრა,წარსულში,იქ სადაც
უსაზღვრო ქაოსი მძვინვარებს,
რძისფერი ნისლები ჰფარავდა,
შანდლებად ანთებულ მყინვარებს.
მივყევი,ზღაპარს თუ რეალურს,
მითიურ პრომეთეს მოვგავდი..
და კავკასიონზე მიჯაჭვულ
ამირანივითა ვბორგავდი.
ტანთ მეცვა,ხალიბთა ნაჭედი,
რვალზე უმტკიცესი ჯავშანი,
გორგასლის მუზარადი მეხურა,
მგელ-ლომის ზუჩი და ჩაჩქანი.
მივყევი,მზისა და მთვარის შუქს,
მთლად მოვვლე წყალი და ხმელეთი,
ქვესკნელში შევბოჭე ცერბერი,
მზის სხივით გავკვეთე ბნელეთი..
ათასჯერ გმირულად მოვკვდი და
სიცოცხლე დავიწყე თავიდან...
ეს მე მომიტანა ვაშლები,
ატლასმა მითიურ ბაღიდან.
ჰელიოსს ვეთხოვე რაშები,
მზის ეტლი ცარგვალზე ვაჭენე,
პირველმა დავუჩოქე ცაბაოთს,
იესოც პირველმა ვახსენე..
კენტავრებს, ციკლოპებს, ტიტანებს,
ვინ იცის,რამდენჯერ შევები,.
ღვთისშვილთა მხარდამხარ ვიბრძოდი,_
ლახტით ამოვხოცე დევები.
მე ვეხმარებოდი ჰერაკლეს,
ლერნეში,ჰიდრას რომ შეება...
აიეტს მოვტაცე მედეა,
ცოდვა ჩავიდინე ვეება..
ალპებში გზა ვაჩვენე ჰანიბალს,
საბრძოლო ეტლები ვაგორეთ,
ტირანებს ვურყიეთ ტახტები,
იმპერატორები დავტორეთ.
გალებში გავყევი კეისარს,
გალერით ვუწიეთ ეგვიპტეს,
დაფნის გვირგვინები დაგვადგეს,
რომში ტრიუმფებიც მოგვიწყვეს.
ბაბილონს ვაშენე გოდოლი,
როდოსში კოლოსი ზვიადი,
ალექსანდრიიდან, შუქურით,
გავკვეთე უსაზღვრო წყვდიადი.
ავთანდილს,ფრიდონს და ტარიელს,
ქაჯეთის ციხესთან ველოდი...
ნინოს გზას მოვყევი მცხეთამდის,
ქართლის მოქცევაში ვშველოდი.
წყლები შადრევნებად ავზიდე,
ვრწყე სემირამიდის ბაღები,
მე ავაშენე და მოვხატე,
მცხეთის,სვეტიცხოვლის თაღები..
დავითის დროშასთან შევყარე,
ლაშქარი იმერთა--ამერთა...
ცოცხალი ვიქეცი ლეგენდად,--
აღმაშენებელი დამერქვა!
დიდგორთან დავლეწე თურქობა,
ხმალი სისხლში ვფერე,ვადამდე...
გავშალე ივერთა საზღვარი,
ნიკოფსით, შორს,დარუბანდამდე!
თამარის დროშის ქვეშ ვიომე,
შამქორთან,ყარსში თუ ბასიანს...
ვუცხონე დედ--მამის საფლავი,
დემეტრეს და ცოტნე დადიანს!
გმირი გამოვზარდე ნოსტეში,
აზიის პირველი მხედარი...
ჩვენ ერთად ვიგლოვეთ,მარტყოფთან,
პაატას უთავო ცხედარი.
მე თვითონ ვიყავი ალუდა,
ვარიგე მტერი და მოკეთე,
ადათს გადვუდექი თემისას,--
მოკლულ ქისტს, მკლავი არ მოვკვეთე!!!
ვეომე,ირანს თუ ოსმალეთს,
ასპინძის ხიდი მე ჩავტეხე,
ლეკების ლეგენდა ბელადი,--
ერეკლეს მახვილით გავკვეთე!
როდესაც შევებით აღა-ხანს,--
(კრწანისთან გვებრძოდა წყეული...)
მე ჩამოვეშველე ერეკლეს,
სამას არაგველად ქცეული!
თუმც გაქრა,გაფრინდა სიზმარი,
მზადა ვარ,თუნდაც ამ წამიდან,
კვლავ ათას ლეგენდად ვიქცე და
სიცოცხლე დავიწყო თავიდან!
გელა ციგროშვილი.
ქ. თელავი. 2002 წელი, ოქტომბერი



შეყვანის ღილაკი
შეყვანის ღილაკი
Gela
შეყვანის ღილაკი
შეყვანის ღილაკი
შეყვანის ღილაკი

No comments:

Post a Comment