ზამთრის სურათი
თოვლია გარეთ, დაუფარავს მთები, მინდვრები,
გზა დაუმალავთ სახლისკენ ფარფატა ფიფქებს,
დაყრილა მიწა აქა-იქა, რომ ვაკვირდები,
მზერას მომტაცებს მოჭრიალე გზაზე ურემი,
ბერკაცს ბადიში შემოუსვამს რუდუნით გვერდზე,
დასველებია ბიჭს ლამაზი შავი წუღები,
პაპა დიდ თოვლში დაბნეული შარაგზას ეძებს.
მალე მივალთო, - ეუბნება შვილიშვილს კაცი, -
ნეტავ თუ მალე გადაიღებს, ძლიერი თოვა?! –
ფიქრობს, თუმც გულში სადარდებელს დიდხანს არ აცლის,
ყმაწვილს უკოცნის სიყვარულით ფუნთუშა ლოყას.
და განსაცდელიც უკან რჩება, გამოჩნდა სახლი,
თოვლს დაუფარავს ეზო-კარი, ასი წლის ოდა,
პაპას კი დიდი იმედი აქვს ამინდის ხვალის,
იცის, რომ მალე გაზაფხული ჭრელკაბა მოვა.
მაია დიაკონიძე
26.02.2025 წელი
No comments:
Post a Comment