Thursday, February 27, 2025

მამას!

 დღეს მამებზე მინდა ვილაპარაკო, თუ რამდენად აუცილებელია მათი ჩართულობა შვილის აღზრდაში. მამა რომ თავისი საქციელით მაგალითის მიმცემია შვილებისთვის, ყველამ ვიცით, მაგრამ ის შვილის სწავლების პროცესშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. თუმცა დღევანდელ დღეს, როცა მამების ნაწილი სახლში არაა და საზღვარგარეთ არის საშოვარზე წასული ან აქ მძიმე შრომითაა დაკავებული, ძნელია რამე მოვთხოვოთ, არა და რა აუცილებელია შვილებისთვის მამის სითბო და ყურადღება.

მამაჩემი სულ მუშაობდა, მეცნიერი გახლდათ, რამდენიმე წიგნის და მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი შრომის მეცნიერულ ორგანიზებაში, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოში აღარავის ჭირდება. თსუ- ში კითხულობდა ლექციებს., მუშაობდა კვლევით ინსტიტუტში, მანამდე თბილისის ელექტროშემდუღებელ ქარხანაში, თან დაუსწრებელზე სწავლობდა. მაგრამ მისთვის ბავშვების მეცადინეობა და აღზრდა -განათლება პრიორიტეტი იყო ყოველთვის.
მამა ყველა საგანში გვამეცადინებდა, დაფა სახლში გვქონდა, მათემატიკა ამიტომაც გვიადვილებოდა. ჩემს ძმას - მიშას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ამ საგანში, რამდენიმე ხერხით ხსნიდა ამოცანებს. გარდა აუცილებელი საგნებისა, ვსწავლობდით გერმანულს. ფერწერას, ქანდკებას, ძერწვას, ხელოვნების ისტორიას, ჭადრაკს. მამას დავყავდით ჭადრაკის სასახლეში, ვესწრებოდით ცნობილი მოჭადრაკეების თამაშს, უყვარდა პოეზია, გვიკითხავდა ცნობილი პოეტების ლექსებს, მღეროდა ხალხურ სიმღერებს. პიანინოს ყიდვის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ გიტარა, დოლი, ფანდური გვქონდა.
გვამეცადინებდა ასევე სპორტში, მათ შორის გოგოებსაც, ჭიდაობა, ბოქსი, სირბილი. არავინ დაგჩაგროთ და თავდაცვა უნდა შეგეძლოთო. რომ მახსენდება, მიკვირს, რა ნებისყოფა ჰქონდა ამ ადამიანს. არ იყო ადვილი ხუთ შვილთან მუშაობა. წერდა ლექსებს, თუმცა არ შეგვინახავს, თითქოს მაშინ არაფრად ვთვლიდით ამ ამბავს. ღმერთმა ყველას დაგილოცოთ მამები. მათი როლი შეუფასებელია შვილის ცხოვრებაში, თუმცა ახალგაზრდობაში ბევრ რამეს ვერ ვხვდებით და ვერ ვაცნობიერებთ. მართალია, რა იმედებსაც ამყარებდა მამა ჩვენზე, ის ვერ გავამართლეთ, დროებამ შეგვიშალა ხელი, ფეხი ვერ ავუწყვეთ, სამწუხაროდ!
ჩემო ერთგულო მამავ!
რამდენი დამრჩა სათქმელი,
ჩემო ერთგულო მამავ,
ზეცაში ადრე წახვედი,
ცრემლებს ვეღარა ვმალავ.
მომაკლდა შენი ლექსების
სიხარული და სითბო,
შენს ნაწერს ვეალერსები,
აქა მყოლიხარ თითქოს.
მომიკაკუნა სიბერემ,
მეც შემევერცხლა თმები,
ღმერთო, ის თოვლი მიბევრე,
მოგონებებით ვთბები.
არ დამამადლო ღიმილი
უკიდეგანო ციდან,
გულზე დამადნი ფიფქივით,
ძველი სიმღერა მითხარ.
მაია დიაკონიძე
1.12. 2021 წელი

No comments:

Post a Comment