როგორც ყოველთვის, ახლაც ისევ მარტო დავდივარ,
მირაჟის გზები ოაზისთან არასდროს მიდის...
მერე „მშრალ ხიდთან“ ფეხათრევით, ტანჯვით, გავდივარ
და ძველმანების ბაზრობაზე ჩემს დარდებს ვყიდი.
მქონდა ღიმილიც, ოცნებებიც, — ყვავილი სულის...
ბევრიც მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,
დარდებიღაა საზღაური ჩემი წარსულის,
ფეხზე დგომის ფასს მაშინ იგებ, — თუკი დაეცი!
ნიკალასავით დახლთან დგომა მზარავს და მაკრთობს,
არც ბაგეს მიმკობს დახლიდარის ღიმილი ქლესა...
დავხუჭავ თვალებს, ამ ჩემს დარდებს ან ვინ მომპარავს,
ყელს ებჯინება ფორიაქი და გულის კვნესა.
არვინ იყიდის ჩემს საქონელს, არა ვარ მარტო,
ჩემს გვერდზე სხვებსაც უხვადა აქვთ დარდების გროვა,
გავაჩუქებდი... მაგრამ დარდი ვის მივუმატო,
ჯიუტად ვდგავარ, ვიცი, ჩემი მყიდველიც მოვა.
ნუთუ არავინ აღარ დარჩა მუშტარი დარდის?
ნუთუ ბოლომდე დაიცალა იმედის თასი?
ნიკალასავით მეც მინდოდა მირთმევა ვარდის...
თუმცა ვხვდები, რომ ჩემს ვარდს მისთვის არა აქვს ფასი.
სხვა გასაყიდი არაფერი არ მაბადია,
სულიღა შემრჩა, მაგრამ არის უფლის ტარიგი...
იმას არავის არ მივყიდი, ცხადზე ცხადია,
მხოლოდ უფალმა იცის მისი „ყიდვის“ თარიღი!
მქონდა ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...
ბევრიც მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,
დარდებიღაა საზღაური ჩემი წარსულის,
ფეხზე დგომის ფასს მაშინ იგებ, — თუკი დაეცი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12.12.2012 წელი
---------------------------------------მაცხოვრის მათხოვარი
თვალ და ხელს შუა
განახევრდა საათი ქვიშის,
შორს, ჰორიზონტზე,
გროვდებიან ღრუბლები შავი,
განკითხვის ჟამის
შემეპარა თანდათან შიში,
პასუხს რომ მომთხოვ,
ღმერთო, რითი ვიმართლო თავი?
მცნებებს ვიცავდი,
მეტ-ნაკლებად ვზომე ნაბიჯი,
ცოდვები მაინც დამიგროვდა
ცდუნების ფასად...
და რაც მიბოძე, ის
ტალანტი, — სიკეთის ნიჭი,
შემომეფლანგა, ვერ
ვაქციე ათად და ასად.
თუმც კარგად მახსოვს
ის იგავი, იმ ტალანტებზე,
კვლავ შენს წინ ვდგევარ,
დაცემულთა დიდო იმედო...
იქნება კიდევ მომცე
შანსი გასავლელ გზებზე, —
ერთი ტალანტი იქნებ
კიდევ გამოიმეტო!
ქ. თესალონიკი,
24.04.2016 წელი
-------------------------------
ვკითხულობ ვაჟას... არ მასვენებს ,,მბორგალი სული":
მე
ვარ ალუდა, ვარ ბაკური
და... ვარ მინდია;ხან უკან მომდევს, ხან წინ მისწრებს ქვეყნის წარსული
და ვერც კი ვიგებ, სარკმელს მიღმა რა ამინდია.
გულში მზეა და თვალებშიც კრთის მისი ნათელი,
ავი წყვდიადი ვერას აკლებს ღვთიურ განთიადს...
ბერი სანათას დანთებული თაფლის სანთელი,
ერის მომავლის იმედად და რწმენად ანთია!
ღმერთო! მასწავლე ლოცვა, — შენი სადიდებელი,
არ მათქმევინო სიტყვა: — ფშუტე, ბერწი, ლუგუმი,
შენ მოუმართე ერისკაცებს საქმეში ხელი,
,,ლაშარის გორზე შასადგომად" მოდის ლუხუმი!
დრო არ არსებობს... ვერ მძლევია, - ღვთიური ნიჭის.
წარსულს ვერ ვარქმევ: ,,დროს გარდასულს", ან თუნდაც ,,სხვა ჟამს"...
და როცა ძალზე მიხარია, ან ძალზე მიჭირს, –
ვკითხულობ ვაჟას!
ვკითხულობ ვაჟას!
ვკითხულობ ვაჟას!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 15 აგვისტო, 2020 წელი
---------------------------------------
მოგიწყვეტ ვარსკვლავებს!
(ფშაურ კილოზე)
თოვლია მთებზე და
ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი
ქარები დაქრიან,
პირიმზევ, შენ ახლა
რა გინდა არაგვზე,
ჯერ გაზაფხულამდე
ძალიან ადრეა.
რამდენჯერ გითხარი,
არ უნდა იჩქარო,
რატომ არ გასვენებს
ჯიუტი აზრები,
შენ, ჩემო დილის მზევ
და ღამის ცისკარო,
ხომ იცი, უჩემოდ ადვილად
დაზრები.
სუყველგან თოვლია,
აცალე, გა-დარ-დეს,
ხომ ხედავ, ამ ზვავებს,
ხევებში ჩაყრილებს...
რაისად მიმატებ, საწუხარ-სადარდელს,
რაად არ დაუცდი, მარტებს
და აპრილებს.
მოვდივარ, მოვკვალავ,
ამ თოვლს და ნამქერებს,
არა მაქვს სხვა ფიქრი,
არა მაქვს სხვა დარდი,
სულ კოცნით გაგითბობ,
მაგ სხეულს ნაფერებს,
ორივეს შაგვიხვევს
ეს ჩემი ნაბადი.
სასთუმლად დალალქვეშ
გაგიფენ ამ მკლავებს
და ვნების ყვავილი,
კვლავ გაიმაისებს...
რომლებსაც აირჩევ,
მოგიწყვეტ ვარსკვლავებს,
დათაფლულ ტუჩებით
დავიტკბობთ აისებს!
თუმც ისევ თოვლია
ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი
ქარები დაქრიან,
პირიმზევ, კარგია,
რომ მოხველ არაგვზე,
პირის მზე მოჰფინე,
ხეობას ავდრიანს!
ქ. თესალონიკი,
21.02. 2015
წელი
-----------------------------------------------
საოცარია ჩვენი განცდები,
თუ გვეგულება ვიღაცა ფარად,
ყველა განსაცდელს მისით ავცდებით,
ვიცით და... გვძინავს მშვიდად და წყნარად.
დროში გაჩხერილ მტკივნეულ წარსულს,
ვიღაცა გვირჩენს ღვთაებრივ კოცნით,
ძილში თუ ცხადში მოპარულ ავსულს,
სწორედ ის ებრძვის ხმლითა თუ ლოცვით.
ამიტომ გვძინავს წყნარად და მშვიდად,
გულის კარებიც რომ დაგვრჩეს ღია...
ის გვეგულება კიბედ და ხიდად
და მას მოყვასის იმედი ჰქვია.
ის არის ჩვენი ცხოვრების ძალა,
ხან უსასრულო, ხანაც მცირედი...
ღმერთო! იმედი არ მოგვიშალო!
არ გაგვიცრუო, ღმერთო, იმედი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12. 09. 2012 წელი
-----------------------------------
ძალიან ბევრი ლექსი ვიცოდი,
ბევრიც გავცერი თვალის საცერში,
მეც
პოეზიის ცეცხლით ვიწვოდი,
შედევრს ვეძებდი ყველას ნაწერში.
ბევრიც ვიპოვე, გულით შევაქე, –
ვინაც არ დარჩა მკითხველის ვალში
და მომერიდა, ვინმეს ვენახე,
როგორ ვედექი პოეტებს კვალში.
სიმორცხვემ მძლია, დავთმე, დავნებდი,
აღარ დავუწყე რითმას წვალება...
დღეს გული მწყდება, რატომ დავუშვი, –
ჩემში პოეტის გარდაცვალება!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 15. 12. 2011 წელიყველა რეაქცია:
No comments:
Post a Comment