Thursday, February 29, 2024

აქ მინდა მოვიდე! (პატრიოტული)

 რად მინდა პარიზი, ვენა და ბილბაო,

აქ ჩემმა არწივმა ხომ შეკრა ირაო,

აქ ჩემი ცა არის, აქ ჩემი სახლია,

აქ მინდა მოვიდე ისევე ახლიდან.


აქ ჩემი მზე არის, ჩუქურთმა ქართული,

ჩემი წინაპრების აწმყო და წარსული,

სიდიდე ამ მთების სულ მიკვირს, საიდან?!

აქ მინდა მოვიდე ისევე ახლიდან. 



Wednesday, February 28, 2024

რა დროა და...

რა დროა და...
რა დროა და... სიყვარულის,
რა დროა და... აღმაფრენის,
შესევია კვირტი ქუჩას,
აღარ რჩება ჟამი თმენის.
აფეთქდება ალუბალი
და თეთრ კაბას დაიმშვენებს,
მე ისეთ კაცს რა ვუთხარი,
გულის მურაზს სხვაგან ეძებს.
ვაზი ტირის ვით მოხუცი,
რომ უყურებს ბადიშს თვისას,
მოგვიმრავლდეს ქორწილები,
ქართველთ მოდგმის, ასულ-ძისა.
რა დროა და... სიყვარულის,
რა დროა და... აღმაფრენის,
შესევია კვირტი ქუჩას,
გულისგულში სატარები.
მაია დიაკონიძე
28.02.2024 წელი

გაზაფხული

გაზაფხული
შემოუხსნიათ მთებს ყაბალახი,
ფერდებზე თოვლი თან-თან დაცურდა,
ჩამოუგდიათ უკვე ყაბახი,
მზექალი იწვევს თვისკენ მაცდურად,
ყველას აჯობა ვინაც ჯირითში,
ყველაზე ადრე გაშალა კვირტი,
და დედამიწაც ძგერს დღეს იმ რითმში,
რომ სიყვარული გვაჩუქოს დიდი.
მაია დიაკონიძე
28.02.2024 წელი



სიმღერა

 სიმღერა

წავიდა და ფეხი ავუწყვე
ფოთლების შრიალს და მუსიკას,
ჰანგები უთუოდ მაუწყებს,
ხმას ჩემი მაჯის და გულისას.
რა მინდა, ანდა რა მინდოდა,
როგორა ვსუნთქავდი, რაგვარად,
ვინც გულის გატეხვას ცდილობდა,
წავიდა, წავიდა სხვაგვარად.
მაია დიაკონინიძე
28.02.2024 წელი

მაიას რეცეპტები

 მაიას რეცეპტებიდან:

ერთგულებას, მადლიერებას და ყურადღებას ითხოვს ქალი მამაკაცისგან. თუ რომელიმე პირობა არ სრულდება, იმ ოჯახში აუცილებლად გაჩნდება ბზარი, რომლის აღდგენაც თითქმის შეუძლებელია. ასე ვფიქრობ! მოჩვენებითობა კი სულსაც აზიანებს და ხორცსაც. მოუფრთხილდით თქვენს ურთიერთობებს, თქვენს სიყვარულს, ადამიანებო!
ყველა რეაქც

მანდარინი (საბავშვო ლექსი)

 მანდარინი


ერთხელ  მამამ საახალწლოდ 

მოიტანა მანდარინი,

გაგვეხარდა და ავმღერდით:

- აიდარიდი, აიდარიდი,


სულმა გვძლია და მალულად

გავუსინჯეთ ყველას კბილი,

სუფრისათვის მოიკითხეს,

ხელში შერჩათ ტომრის ძირი.


აიდარიდი - ვაშლის ჯიში





ჯერ ვერ გავსინჯე (სატრფიალო)

 ჯერ ვერ გავსინჯე მაგ ტუჩის გემო,

ვერ დავეწაფე თვალების ტბებსაც,

და თუ კი მაინც პატივი მერგო,

უკვდავების წყლით შემივსებ ემბაზს,

სხეულს არ ელის მაშინ სიბერე,

დარდი დამტოვებს, რაც მქონდა გუშინ,

ჩემო წადილო, წლები მიბევრე,

ბევრჯერ დავესწრო კვირტობას ნუშის.

რომ შენთან ვიყო,როგორც მერცხალი,

შენც მოგიყვანო მზე გაზაფხულის,

მეც ვიგრძნო ისევ, რომ ვარ ცოცხალი,

გრნობა გაჩუქო შენც არნახული.



Tuesday, February 27, 2024

ჩემო მშობელო!

 ჩემო მშობელო!

(ზვიად გამსახურდიას ხსოვნას)

გულმა რომ ვერ დაგიტია,
ქედებად ამოიზარდე,
ყვავილნიც შენ თავს გიხრიან,
მაღლა ზეციდან მიწამდე.
ჩემო მშობელო, ღირსება
გმირთა ხვედრია მეტადრე,
საფლავიც ნუ ეღირსება,
სული ვინც მისცა ეშმაკებს.
მშობელ ხალხს ვინაც უმტყუნა,
სხვას - ორმო, თვითონ - სასახლე,
გადაქცეულა ურჩხულად,
ოცხოტომელებს ასახლებს.
ჩემო მშობელო, მიქია,
შენზე მზრუნველი, მეტადრე,
ვისი ცხოვრებაც მითია,
სულ ბოლო ამოკვნესამდე.
მაია დიაკონიძე
26.02.2024 წელი

შენ, ქართველო!

შენ, ქართველო!
შენ ქართველო, ტკივილს ებრძვი ნარკოტიკით,
ხანაც ლოთობ, ცეცხლით სახეგალოკილი,
რა გგონია, გამრთელდება საქართველო?!
განა ტკივილს გაგიყუჩებს ეგ, ქართველო!
იავარქმნილ შენს სამშობლოს შველა უნდა,
მამა-პაპის ფიქრი იყო რაიც მუდამ,
მოუმრავლდა ამ ჩვენს მიწას საფლავები,
შენ, ქართველო, ამ ბედკრულ დროს რასა შვრები!
მაია დაკონიძე
27.02.2024 წელი

მინიმა

 შენ ახლა გღვიძავს, ან იქნებ გძინავს,

იქნებ ძილბურანს მიეცი თავი,
მხოლოდ სამშობლოს, ისე ვით დედას,
არ მოუხუჭავს არასდროს თვალი.
მაია დიაკონიძე
27.02.2024 წელი

ექსპრომტი

 ექსპრომტი

სხვას რომ ვერავის ვუთხარი,
ხეებს გავანდე სათქმელი,
იქვე დავაგდე კურცხალი,
ღმერთმა გამიღო სარკმელი.
გავფრინდი, შევინავარდე,
უფალმა ჩიტად მაქცია.
სიზმარში ყველა მივანდე,
იქნებ სიზმარი არც კია.
ყოველთვის ჩიტი ვიყავი,
იადონი ან ნიბლია,
არა ვყოფილვარ ჭილყვავი,
სულ ვუგალობდი ბიბლიას.
მაია დიაკონიძე
27.02.2024 წელი

მინიმა

 სიმართლე გითხრათ, სურვილი არ მაქვს რაიმე ვწერო,

ჩემი ხმა ისმის ღაღადისად უდაბნოს შინა,

რამდენიც გინდა ბარათები არიგოს წერომ,

არ მაქვს იმედი, რომ მიაღწევს თუნდ ერთი მიზანს.

მაია დიაკონიძე

27.02.2024 წელი



ფესვი ვარ! (პატრიოტული)

 ფესვი ვარ!

ფესვი ვარ და ფესვად მიხმობს,
როცა მოვა ჩემი ჯერი,
შენ კი, ბიჭო, სად წასულხარ,
ხეს ფესვი რად მოაჭერი.
შემოაკლდა ხეს ნაყოფი,
ბევრი ხილი ვეღარ ხარობს,
აღარ დარჩა აქ სამყოფი,
შენ კი, ვაჟო, სადა ხარო?!
ფესვი ვარ და ფესვად მიხმობს,
როცა მოვა ჩემი ჯერი,
შენ კი, ბიჭო, სად წასულხარ,
ხეს ფესვი რად მოაჭერი.
მაია დიაკონიძე
25.02.2024 წელი

მინიმები

 გაიქეცი, თუ გაქცევა გინდა ჩემგან,

ჩვეული ვარ მთვარესავით სიმარტოვეს,

მე მეგონა შენ ვარსკვლავი იყავ მეგა,

ისე გაქრი, მისამართიც, არ დატოვე.

            ------------------

მარტივია სიმარტოვე,

მარტივით ხარ, ქარობ, გიჟობ,

ხელი მკარ და მიმატოვე,

გაგიმარტდა,  მივხვდი, ბიჭო.




მინიმა

 სადღაც კი უკრავს როიალი ჰანგებს ძველებურს

და კლავიშებზე აცვდებიან წვიმის თითები...
თუ შენი ნახვა სიცოცხლედ მიღირს,
რად დამიძვირე მაშინ ღიმილი?!

Monday, February 26, 2024

მგელს!

მგელს!
ვერ გაგხადეს შენ დარაჯი ეზოს,
უწვრთნელია, ვიცი, შენი ჯიში,
მგელი იყო, ძაღლზე უთქვამთ, ერთ დროს,
არა მჯერა, თუნდაც დამცენ მჯიღი.
საყელური დაიმშვენა ძაღლმა,
კუდის ქიცინს არ ეშვება ახლაც,
ოღონდ იყოს თბილადა და მაძღრად,
იხტუნავებს ცირკში მაღლა-მაღლა.
შენ კი მგელო, არ მიიღებ ლუკმას,
არამს, კუთვნილს ღატაკის და ობლის,
რა ვუთხარი დროს, უჟმურს და უკმარს,
ფეხაკრეფით ქვეყნად მიდი-მოდის.
შეგამჩნიეს, თავს აფარებ არტანს,
ადამიანს, როგორც ეშმაკს უფრთხი,
არ დანებდე, ჩემს იმედებს გატან,
თორემ კაცთა გაგიმზადეს ყულფი.
მაია დიაკონიძე
26.02.2024 წელი
2/26/24 8:58 PM


Friday, February 23, 2024

 წვიმას წავყევი, ნიაღვარი 

დიოდა მიწას,

მახსენდებოდა სისასტიკე, 

ბართლომეს ღამე,

ჰო, კაცის გულში მძვინვარებას 

ისევ არ სძინავს,

სისხლი სწყურია გამუდმებით, 

ვით წარმართ გალებს.


ეკლებზე ისევ გაატარეს 

თოთო ბავშვები,

ურჩხული ჭედეს ცეცხლოვანი 

რკინის ნალებით,

თუკი ყოველდღე სიკვდილს ცელით 

ვეთამაშებით,

რაღა გვიკვირდეს,ჯოჯოხეთს რომ ვერ 

ვემალებით.



სიბერე

 ადრე თვალებში ოქროსფერი მზე ეტეოდა,

დაპატარავდნენ, ვეღარ ჩადის უმწეო სხივიც,

თვალში დამდგარ ტბებს ქარიშხალიც ვერ ერეოდა,

ვეღარ ნამავენ ოცნებები  სხვაზე და  სხვისი.


ღაწვებზე არ კრთის  სილაჟვარდე დიადი ვარდის,

წარბები არ ჰგავს განათებულ მომშვილდულ მთვარეს,

შუბლს ურცხვად ღარავს ნაოჭები ხვიარა ბარდის,

სული მოხრილა, ვით ღამეში ბზა მგლოვიარე.


ხელებს ღარავენ მოუქნელი ლურჯი ძარღვები,

ლიანდაგებით დაქსელილი კვნესის სხეული,

შორს დარჩენილა სინატიფე ტანად ალვების,

აღარ ჩქეფს სისხლი ლელ-ჭანჭრობად გადაქცეული.

               ---------------------------------------

ღაწვებზე არ კრთის  ლაჟვარდი ვარდის,

წარბები არ ჰგავს მომშვილდულ მთვარეს,

შუბლს ურცხვად ღარავს ნაოჭთა ბარდი,

სული მოხრილა, ვით მგლოვიარე.




 

Thursday, February 22, 2024

სიყვარულის კაცი, ჩანახატი

                                      სიყვარულის კაცი


   ერთ კაცს ყველა და ყველაფერი უყვარდა: სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, ღმერთმა მომცა თავშესაფარი, როგორ არ უნდა მოვუაროო, დაწკრიალებულ- დასუფთავებული ჰქონდა ეზო- ყურე; ცხოველებიც უყვარდა, კატაც ჰყავდა სახლში და ძაღლიც, ამათზე უკეთეს მეგობარს, რას შეიძენს კაციო, ამბობდა, ეფერებოდა და თავისუფალ დროს ელაპარაკებოდა კიდეც, ძაღლი ყეფით პასუხობდა, კატა- კნავილით, იმათი ენაც ესმოდა, რას ეუბნებოდნენ იცოდა; ყვავილებიც უყვარდა და ხეხილი, ეზოში მდგარი, ზრუნვას არ აკლებდა; ნათესავიც უყვარდა და მეზობელიც. უპურმარილოდ და უკმაყოფილოს სახლიდან არავის გაუშვებდა. ჰოდა, ამ კაცს, სიყვარულის კაცი შეარქვეს ახლობლებმა. სიყვარულის კაცი სწორედ იქ გაჩნდებოდა, სადაც ვინმეს უჭირდა.
ერთ დღესაც სიკვდილი მოვიდა მის წასაყვანად. ატირდა ეზო-კარი. არ წაიყვანოო, უთხრეს ყვავილებმა, ვინღა მოგვრწყავს და მოგვივლისო. კატამ პირველმა დაინახა სიკვდილი და კაცს, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, გვერდზე მიუწვა, მეც წამიყვანე, უპატრონოდ აღარ მინდა ცხოვრება, შეევედრა სიკვდილს. ატირდა ვენახი, ყანა, ატირდა ცოლ- შვილი.
სიკვდილმა ვერ გაუძლო ამდენ ცრემლს, თხოვნა - მუდარას და კაცის წაყვანა გადაიფიქრა. სიყვარულის კაცი გამოკეთდა. სულ სიყვარულით სავსე გულით დადის და გარშემო სიყვარულს არიგებს.
გავცეთ ჩვენც სიყვარული, მიიღოს იმან, ვისაც სჭირდება.
მაია დიაკონიძე
22. 02. 2024 წელი

მოცეკვავე დედამიწა, საბავშვო ზღაპარი

       მოცეკვავე დედამიწა

გოგონამ თვალები დააჭყიტა და პირველი, რაც დაინახა, მზის სხივები იყო, ხელებზე დასთამაშებდნენ, თითქოს ცეკვავდნენ. მოეწონა გოგონას მოცეკვავე მზის სხივები,
- ჩემთან დარჩით, - სთხოვა.
სასწრაფოდ წამოდგა ლოგინიდან, ჩაიცვა და სამზარეულოსკენ გაეშურა, სადაც ბებია ელოდებოდა. ბებია ყოველ დილას საუზმეს უმზადებს ბელას, როცა დედიკო არ არის სახლში. მიესალმა ბებია გოგონას, თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა:
- დაჯექი, კუდრაჭა, შენი საყვარელი ბლითები გელოდება! - უთხრა. როცა ბელა ჭამას შეუდგა, ბებიამ ბავშვს შეხედა და გაოცებისგან შეჰყვირა, მზის სხივები დასთამაშებდნენ ბელას ხელებზე, თითქოს ცეკვავდნენ. მალე მზის სხივებმა მაგიდაზე გადაინაცვლეს და იქ აცეკვდნენ, მერე ოთახსაც მოედვნენ, მზემ შემოიხედა ფანჯარაში.
ისე ლამაზად ცეკვავდნენ, ბებიასაც მოუნდა ცეკვა, გაშალა ხელები და წრე ჩამოუარა, ბელა წამოხტა სკამიდან და ბებიას გაჰყვა, ძაღლმა პატიკომ შემოიხედა სამზარეულოში, რა ხმაურიაო, ისიც მხიარული ყეფით და ხტუნვით გაჰყვა ბებიას და შვილიშვილს. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლიც აცეკვდა, გარეთ ჩიტები აჭიკჭიკდნენ, შეუერთდნენ საყოველთაო მხიარულებას. ცეკვავდნენ ეზოს ყვავილებიც, მათი შემხედვარე მინდორში ყვავილებიც აცეკვდნენ, პეპლებიც. ბელამ ფანჯრიდან გაიხედა და დაიძახა:
- მოცეკვავე დედამიწა!
მზემ თავისი სხივები კიდევ უფრო ცხოველმყოფელი გახადა, რომ მთელი დედამიწა გაეთბო, ისინიც კი, ვისაც ქვის გული ჰქონდა, რომ ყველანი შეუერთებოდნენ მოცეკვავეთ.
მაია დიაკონიძე

21.02.2024 წელი                

Monday, February 19, 2024

 რად დამებედა!

რად დამებედა მე ეს მდინარე,
ეს ნარიყალა, - თეთრი იაბო,
ან გათვალული ამ ცის თვალები,
ვდგავარ მათ წინარ უიარაღო.
მოვეფერები ველზე გვირილებს,
გულში ჩავიკრავ ყვითელ ნარცისებს,
მე გეუბნები, - მიყვარხარ ისევ,
შენ მეუბნები, - მე კი არც ისე.
მაია დიაკონიძე
19. 02.2024 წელი

ერთ ცივ წყაროსთან

ერთ ცივ წყაროსთან ბუშმალა იდგა,

გარს ვეხვეოდით ცელქი ბავშვები,

ნეტავ, თუ ასე ენება უფალს, –

ცრუ ოცნებებით ტყუილად დავშვერით.

ზოგს დიდ კოსმოსში სურდა გაფრენა,

ზოგს ექიმობა, ზოგსაც - მწერლობა,

გვეგონა დიდი გვქონდა არენა,

ზოგს არც მზე ერგო და არც დედობა.

ამდენმა ომმა სისხლით შეღება,

ბევრის სახე და ბევრის გზა-კვალი,

აღვმართოთ მათი ხსოვნა ძეგლებად,

ცოცხლებს კი მიეც, ღმერთო, სავალი.







ხან შენ იყავი ნაწყენი!

ხან შენ იყავი ნაწყენი!
ხან შენ იყავი ნაწყენი,
ხან - მე, მოგისწარ იწროში,
მაინც შენ მყავდი ამ გულში,
მაინც სანთელად ვიწვოდი.
სიცოცხლის გზებით მიგყავდი,
მახსოვს ჭრელ-ჭრულა წინდები,
რა ვიცოდი, რომ იყავი,
ზეცაზე დანაწინდები.
მაია დიაკონიძე
17.02.2024 წელი



მინიმები

მინიმები
ვერც შენ მიცანი და ვერც მე,
ძებნაში გავიდა წლები,
იქნება, კიდეც რომ მეცნე,
მაინც ვერ მესუნთქა შვებით.
მწადია წითელ მზეს შევწვდე,
და აღარ ვიდარდო წლები,
სხივი მომედოს ხელებზე,
რომელიც სავსეა შენით.
------------------------
ერთად ვიცეკვეთ ტანგო,
მერე გაიყო გზები,
შენ რომ ეძებდი მიზეზს,
დასტურს აძლევდი მზერით.
=============
სუნთქვით გიცანი და
ტაქტიც აგაყოლე,
მაინც ვერაფერი
ვეღარ გაგაგონე.
მაია დიაკონიძე
17.02.2024 წელი

Saturday, February 17, 2024

მგებრები (ელგუჯა ციგროშვილის მონაყოლის მიხედვით)

       მგებრები

(ელგუჯა ციგროშვილის მონაყოლის მიხედვით)
ყოჩაღი ქალი იყო ბებია. სულ საქმეს ეძებდა, მოსვენებულს ვერ ნახავდი. როცა ვიძინებდი, ეღვიძა, როცა დილით თვალებს დავაჭყეტდი, მაშინაც ეღვიძა. ვეკითხებოდი: - ბებია, გძინავს როდისმე?! - მერეც მეყოფა ძილი, - მეტყოდა. დეიდებთან ერთად ცხოვრობდა. ზაფხულში იქ ჩასულს კვერცხი არ მაკლდა და ქათამი. ფარფარა კაბით და ხელჯოხით მახსოვს. კალთაში ჩავუდებდი ხოლმე თავს, ისე ვიძინებდი. მისმევდა თმებზე ხელს, - ჩემი ქოჩორა ბიჭიო. - მეალერსებოდა. ალბათ, ეს თუ იყო მისი დასვენება. დამიძახებდა დეიდა, - მოდი, ნემსზე ძაფი ამიგეო, - ბავშვს ნუ აწუხებ, თამაშობს, მოდი, მე აგიგებო,- ეტყოდა.
უეცრად დაბრმავდა. როცა სოფელში ჩავიდოდი, ჩემს ხმას რომ გაიგონებდა, დამიძახებდა, - ბებია, ახლოს მოდიო. - ხელს დამისმევდა სახეზე, ყველა ნაკვთს დამითვალიერებდა, მეტყოდა, - როგორ გალამაზებულხარ, ბიჭო!
საქმეს მაინც არ ანებებდა თავს. სახლში დაფაციფუცობდა, ხელის ცეცებით, ხან ჯოხით ყველაფერს აგნებდა. ხუთი წელი ბრმამ იცხოვრა.
ასი წლისა გარდაიცვალა, გასვენებისას, დეიდამ დაატირა, - დედაჩემო, სასაფლაოს კართან რომ დაგხვდებიან მგებრები - ახლობელ-ნათესავები, ბრმამ იქნებ ვერც იცნოო.
უცებ თავი ამტკივდა, საფეთქლები ახმაურდა, ვიგრძენი სისხლი როგორ წამომივიდა ცხვირიდან, გულისპირზე დამეწვეთა. ცხადში ვხედავდი ბებიაჩემს, ბრმა თვალებით, ჯოხით ხელში, როგორ მიიწევდა ჭიშკრისკენ, იქ იყო პაპაჩემიც, სხვა ნათესავებიც, მაგრამ ვერავის ხედავდა, ვერავის ცნობდა, ვერავის სთხოვდა დახმარებას...
ბამბით გამოვიტენე ნესტოები, სისხლი რომ შემეჩერებინა. ვეღარ ვსუნთქავდი. - უჩემოდ ბებიას როგორ დაასაფლავებენ მეთქი, - ვნერვიულობდი. უცებ თითქოს გონება გამინათდა, ბებიას სიტყვები მომესმა, - სხვა რომ დაინახო, არაა საჭირო თვალები, გულის თვალები ხედავენ და გულის ყურები ისმენენ. - დავმშვიდდი. ნელ-ნელა სისხლისდენაც შემიწყდა. გარეთ მანქანა მელოდებოდა. უკანასკნელ გზაზე გავაცილე ბებია, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მგებრები შეხვდებოდნენ, ისიც დაინახავდა მათ, ისინი უპატრონებდნენ და გზამართალს დააყენებდნენ. გულზე პეშვით მიწა მივაყარე. – მსუბუქი იყოს, ბებიაჩემო, ეს მიწა შენთვის. – წავიჩურჩულე. ვიცოდი, ბებიას ესმოდა.
იმ საღამოს ტრადიციულად მეორე სადღეგრძელო მგებრებისა - ამქვეყნიდან წასულებისა დაილია.
მაია დიაკონიძე
16.02.2024 წელი

Thursday, February 15, 2024

მოვდივარ... (პატრიოტული)


მოვდივარ...
პატარა ოდა, წისქვილი იქვე,
საცერი, ფქვილი, პატარა ღარი,
ჩამოიცრა და დაემხო პირქვე,
ადრე რაც მქონდა გულგასახარი.
ეზოს კუთხეში პატარა ძაღლი,
მშიერი მგელის თვალებით მიმზერს,
არ გამაყოლო, ცუგრია, ჯავრი,
შენი მზერაა, მაჭედებს გილზებს.
მოვდივარ, ქალაქს არ მინდა შევრჩე,
პატარა ოდა, წისქვილი, ღარი,
და ერთად დავდგამთ ცხოვრების სკეტჩებს,
ცუგრია, მე და ზღვა -მეგობარი.
მაია დიაკონიძე
15.02.2024 წელი


გაზაფხულის კაბიდან გადმოვადნილი ყვავილის ამბავი (საბავშვო ზღაპარი)

გაზაფხულის კაბიდან გადმოვადნილი ყვავილის ამბავი
ერთ დღეს, როცა გაზაფხულმა თავისი ჭრელი კაბით გაისეირნა ველ-მინდვრებში, ზედ ათასფერი ყვავილები ეხატა, ერთი ყვავილი კაბიდან გადმოვარდა და მიწაზე დაეცა. ატირდა ყვავილი, გაზაფხულს ეძახა, ეძახა, - არ მიმატოვოო, მაგრამ ჭრელკაბა გაზაფხული თავისი საქმეებით იყო გართული, იქ ხეებს მოეფერა, სული შეუბერა, გაათბო, აქეთ, ბალახს გადაუქროლა შიშველი ფეხებით, გამწვანდი, გამწვანდიო, მიაძახა, მალე დატოვა ის არე-მარე და სხვა ადგილისკენ გაეშურა. მიწაზე დაცემული ყვავილი ერთხანს ასე იყო, უმოძრაოდ, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მერე ნელ-ნელა წამოიწია, თვალი მოავლო იქაურობას, გვერდზე სხვა ყვავილები დაინახა, მრავლად იყვნენ, სუყველას მისკენ მიეპყრო მზერა, - ვინ ხარ, - ჰკითხა ყოჩივარდამ, - აქ საიდან მოსულხარო, - დაუძახა ნაზმა იამ.- ფესვები რომ ზემოთ აგიწევია, როგორ გინდა იარსებო. - ყვავილმა ფესვებზე დაიხედა, - უი, მართლაო, - გაიფიქრა, და იას ღიმილით უთხრა: - ეს ფესვები სულ არ მჭირდება, გაზაფხულის კაბაზე ვიყავი, იქ ვცხოვრობდი, მოვა და წამიყვანსო. - ერთ დროს ჩვენც ასე გადმოვვარდით გაზაფხულის კაბიდან და აქ დავრჩით, მოგიწევს მიწაზე ცხოვრება, - აკისკისდნენ ყვავილები. საღამომდე უცადა ყვავილმა გაზაფხულს, არ გამოჩენილა, ამასობაში წამოჟინჟლა კიდეც, ყვავილის ფესვები მიწაში ჩაიზარდა, მაგრამ როცა წვიმის წვეთები შეეხო ყვავილის ღეროებს და ფოთლებს, საოცარი უცნაური სურნელი დადგა. აღშფოთნენ ყვავილები, - შენ რა სუნიანი ყოფილხარ, გაიწიე ჩვენგან, არ მოგვწონხარო. - რაღა ექნა ყვავილს, გაიწია, გაიწია, სხვა ყვავილებისგან მოშორებით დადგა,
მეორე დილას თავისი წითელი ყვავილები მზეს მიაფიცხა და ისე აელვარდა, როგორც ცეცხლი. მინდორში დედასთან ერთად ნია გამოსულიყო სასეირნოდ. შორიდან დაინახა ცეცხლოვანი ყვავილი, აქ არასოდეს მინახავსო, მივიდა, დააკვირდა, მოეწონა მრგვალფოთლება. ხელი რომ მოკიდა მოსაფერებლად, ყვავილმა ისევ სურნელი გამოუშვა, - რა უცნაური სუნი აქვს, - გაიფიქრა და დედას დაუძახა. დედასაც მოეწონა უცნაური ყვავილი, - ამ სუნს იმიტომ გამოსცემს, რომ მწერები და არაკეთილმოსურნენი დააფრთხოს, - უთხრა ნიას. - ჰოდა კოღოები რომ მკბენენ, წავიყვანოთ, ქოთანში ჩავრგოთ, ჩემს ოთახში დავდგამო, - დაიტიტინა პატარამ. - კარგი, ეგრე ვქნათო, - თქვა და სიტყვა შეასრულა დედამ.
ყვავილი ჯერ ეზოში დარგეს, ადვილად გამრავლდა, მერე ქოთნებით ოთახებში ჩამოარიგეს, სახელიც შეურჩიეს: ბ ა ლ ბ ა, მაგრამ მაშინ ყველა ბალბა წითელი იყო. თუმცა ერთ დღეს, როცა გაზაფხულმა ნიას ოთახში შეიჭყიტა, თავისი კაბის ყვავილი დაინახა, მერე დანარჩენ ოთახებსაც ეწვია, ეზოსაც, - რა ერთფეროვნებააო, - დაიძახა და გადაწყვიტა ნიასთვის საჩუქარი გაეკეთებინა, სხვადასხვა ფერად შეღება ყვავილები. მას მერე ბალბა ათასი ფერისაა: ვარდისფერი, თეთრი, ჟოლოსფერი, ჭრელი. ადამიანებს მწერებსაც არიდებს, ამიტომ ის ქალაქი ბალბების ყვავილებით გაივსო, ზოგან კალათებით დაკიდეს, ზოგან - ქოთნებით, ბაღებიც გადაავსეს ამ საოცარი ყვავილით, ბალბების ქალაქი დაერქვა იმ ქალაქს, ნია კი ბალბას დედას ყვავილს ეძახის, რამდენი შეხედავს, სულ დედა აგონდება.
იმ დღეს, როცა ყვავილი იპოვა ნიაკომ, ბალბების დღესასწაული იმართება. ულამაზესი ჭრელი კაბებით მორთული გოგონები ბალბის ყვავილებით სავსე კალათებით მიემართებიან მინდვრებისკენ, თან საოცარ სიმღერებს მღერიან ყვავილებზე, სიყვარულზე.
შენ ყვავილო სიცოცხლისა,
ყველამ ვიცით ბალბა გქვია
გეფერებით დიდ გულთმისანს,
მეგობარო მწველი მზისა,
ყველას ჯობნი ყვავილეთში,
შეგამჩნიეთ ცოტა გვიან.
სხვა ყვავილები გაოცებულნი უყურებენ ამ სანახაობას და ყველა ჯერზე აღშფოთებულები ჩურჩულებენ, რატომ ერგო ამ ყვავილს ასეთი პატივიო. - თავმდაბალი რომ იყო, იმიტომო, - ეუბნება ჩუმად გაზაფხული. ბალბა მორცხვად ხრის თავს და ფიქრობს, იქნებ გაზაფხულმა ტყუილად არ გადმომაგდო კაბის კალთიდანო.
მაია დიაკონიძე


  

Wednesday, February 14, 2024

ვუღალატეთ ჩვენს სამშობლოს!

ვუღალატეთ ჩვენს სამშობლოს!

ვარდ-ყვავილის დრო გასულა,

ეს ცხოვრება აღარ გვინდობს,ვუღალატეთ ჩვენს სამშობლოს,ყველამ ერთად, თითო-თითომ.
კაკლის ჯოხით ვცემეთ, ვბერტყეთ,ფულით რომ გველაღა მიტომ,ვუღალატეთ ჩვენს სამშობლოს,ყველამ ერთად, თითო-თითომ.

შვილს!

შვილს!
რა უნდა გითხრა მე შენ ახალი,
რა უნდა გითხრა, რაც შენ არ იცი,
დაჩაგრულია ხშირად მართალი,
აღზევებული - გამტეხი ფიცის.
რამდენს უგანა თავისვე სისხლმა,
სულ ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში,
მიწას ნაგროვებს სულ მისხალ-მისხალ,
მისთვის სამშობლო ერქვა ძვირფასი.
არ გაუმართლა, შენც არ დაკარგო
იმედი, შენი სამშობლო სუნთქავს,
დაე, მის ცაში შენც ინავარდო,
,,სამშობლო მზეა", ერთ პოეტს უთქვამს.
ბევრი შეგხვდება სახეზე ღიმით,
მაგრამ იცოდე, ენდო არავის,
ფარისეველის დადის ის ნიღბით,
ნურვის გაანდობ მაგ შენს გასაჭირს.
გაენდე მხოლოდ ცაში მყოფ უფალს,
ის არის შენი მშველელი, მხსნელი,
და ნუ გაიტეხ ნურასდროს გულსაც,
წინ გამარჯვების კვარცხლბეკი გელის.
მაია დიაკონიძე
14. 02. 2024 წელი








ჩაიცმევდი აზიატსკებს!

ჩაიცმევდი აზიატსკებს!
ჩაიცმევდი აზიატსკებს,
ულვაშს დაუსვამდი ხელსა,
ვინ ატარებს დღეს ულვაშებს,
აღარც ვინმე ფიცსა დებსა.
აღარ არის უკვე უცხო,
აღარც ტყუილად დათქმა ფიცის,
კიდევ კარგი, დარჩა ხალხი,
ვინაც სიტყის ფასი იცის.
ჩაიცმევდი აზიატსკებს,
ულვაშს დაუსვამდი ხელსა,
ვინ ატარებს დღეს ულვაშებს,
აღარც ვინმე ფიცსა დებსა.
მაია დიაკონიძე
14.02.2024 წელი




კვიცი მინდა რომ გავხედნო!


 კვიცი მინდა რომ გავხედნო!

სურვილი მაქვს მზემ დამხედოს,
მისი მზერა მომხვდეს მწველი,
კვიცი მინდა რომ გავხედნო,
გადვუჭირო სხივთა წკნელი.
ანცი არის ჩემი კვიცი,
ჯიუტია და თავნება,
მაგრამ, ისიც კარგად იცის,
გახედვნა რომ არ ასცდება..
მას თუ უნდა ცაში ფრენდეს
და ისმოდეს მისი ქება,
სხვანაირად ის ზღაპარებში
ვერასოდეს ვერ მოხვდება!
მაია დიაკონიძე
14.02.2024 წელი

დიდების სკამი, მინიმა

 როგორც ბავშვი, ისევ ვცხოვრობ

ოცნებებში, ზღაპრებში,

იქნებ ვიღაც ჩემს სამყაროს
უმზერს ცოტა ამრეზით,
თავი კარგი რომ ჰგონია და
დიდების სკამზე ზის,
ჩემთვის კიდევ ისეთია,
როგორც ლექსში სკაბრეზი.
მაია დიაკონიძე
13.02.2024 წელი

Tuesday, February 13, 2024

 გუშინ არ წვიმდა?!

როგორ არ წვიმდა,
ეს მე მაწვიმდა
წვიმის მორევი,
ვის არ აწვიმდა?
მე სულ მაწვიმდა,
ჩამოვიბანე ჭუჭყი ცხოვრების.
აქ ხომ ღრუბელი თავს გვეხვეოდა,
არ დაგვყურებდა სხივთა მორევი,
დროც აღარ გვქონდა,
დროც აღარ იყო,
დავითის დროის გამეორების.
ჩვენთან სულ წვიმდა,
და ქანცს გვაცლიდა,
არც დაგვნათოდა სხივთა მორევი,
უფალო, ღმერთო! შენ გევედრები...
მე იმედი მაქვს, გამეორების.
ალეკო ასათიანი

ექსპრომტი

მართალია არის, ჩვენ სულ გვაწვიმდა,

და წვიმის სუნი დგებოდა ირგვლივ,

და ბევრის გულიც ისე გაცივდა,

გადაღებას ვერ მოესწრო წვიმის.

მართალი არის, ჩვენ სულ გვაწვიმდა,

ტალახიც ხშირად  აგვეკრო ფეხზე,

მაგრამ ვინ იცის, ჩვენი მთაწმინდა,

იქნება მხოლოდ ჩვენნაირთ ეძებს. 

მაია დიაკონიძე

13.02.2024 წელი


გამონათქვამები

 ერთხელ გავბეზრდი, 

მოგაწოდე უკან ფანქარი, 

რომ მამადლიდი, 

მე გავთალეო!

მაია დიაკონიძე

Monday, February 12, 2024

რად არა ვარ!


რად არა ვარ ცაზედ მზე, რომ

თვალში სხივად ჩაგივარდე,

იცი, თავს არ მოგაბეზრებ,

იქ დამტოვე ხვალ დილამდე.


შენთან ღამეს გავათენებ,

მეტყვი, რა ხარ, ჩემო სხივო,

მოგაყრი მზის საფანელებს,

ტრფობის სულიც იქნებ ვიხმო.


მერე დილით თუ გამიშვებ,

ავაშენებ მზისფერ არკებს,

დაგიტოვებ ჩემს სანიშნეს,

თვალში ცისარტყლას რკალებს.

მაია დიაკონიძე

12.02.2024 წელი




გავიღვიძე!

 გავიღვიძე!


გავიღვიძე, წინათგრძნობა
ამ ღამიდან დამყვა ავი,
მაღლა მზე რომ დავინახე,
იმედი და საესავი,
გავუღიმე, გამიღიმა,
ჩემი ყოფის იყო ასლი,
ხან კაშკაშებს და იღვრება
მზის სხივებად, როგორც თაფლი,
ხან კი ღრუბლს ეფარება,
ვერ გვისრულებს გულისწადილს,
მაინც ძალა მემატება,
როცა იმედს პეშვით მაწვდის.
მაია დიაკონიძე
12.02.2024 წელი

კაფია ეკას! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ჩემს ნინოს!
ნუ სწყვეტავ გვირილებს,
სუყველას უყვარხარ,
არც რა გაქვს ძმისწულო
შენ სამარჩიელო...
კაშკაშა მზის სხივი
და მთების სუნთქვა ხარ,
,,ყვაილთ დედოფალო,"
ლამაზო მთიელო! 😉 ❤
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.30.05.2016 წელი.

ელგუჯა ციგროშვილი
ეკას!
(ფშაურ კილოზე.)
1.ეკა,თვალი ნუ მოხუჭე,
წინათგრძნობა მიპყრობს ავი...
სადღაც დაძრწის მინოტავრი,
არ მოგვტაცოს შენი თავი.
2.ვიცი,რომ ხარ მოღალული,
ემიგრანტის მძიმე ჯაფით...
გაგვიხდება საძებარი,
არიადნე თავის ძაფით.
3.შენ თავს მაგას არ დავუთმობთ,
ვის სჭირდება რქებით სიძე...
თუმც კარგ სიზმარს ხედავ მაგრამ
გაიღვიძე! გაიღვიძე! 😉 ❤ ❤
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.06.05.2016 წელი.
ეკა,,,გიორგობას" გილოცავ! 😇