Monday, November 27, 2023

  გურიის მთებში, გურიის მთებში,

თუ ერთხელ მაინც წასულხარ ნებით... გადაგავიწყებს ამ ქვეყნად ყველას, გულში ჩაგიკრავს ძლიერი მხრებით.. გურიის გზაზე,იქვე გზისპირას, მოკრიმანჭულობს წყარო ანკარა, დაღლილ მგზავრს პეშვით სულს დაგირწყულებს, აახმიანებს ,, ბუკს და ნაღარას". იქვე გაგიშლის სუფრას ხვავრიელს, ნაირნაირი, ჩამტკბარი ხილით, ორნახად ,,ჭაჭას" შემოგაშველებს, გეტყვის: მიირთვი, მადლია დილის... დაგალოცინებს გურიის წალკოტს, ბახმაროს მთიდან მქროლი ნიავი, ქედს მოიდრეკენ ამაყი მთები, ოღონდ არ გქონდეს ფიქრი სიავის. გურიის ცაზე, მზეს ბორჯღალოსანს, გაუფოფრია ოქროს დალალი, ვინც სიყვარულით სტუმრობს გურიას, მასზე ეს ლექსი იყოს ალალი... ც.აბაშმაძე

ვისთვის... ზაზა ფელიშვილის ექსპრომტ-კომენტარით


 ვისთვის...


ვისთვის ოქრო – გიშერი ვარ,

ვისთვის ეკლიანი ვარდი,

მეგობრობას მიგებ ხიდად?!

სხვა არაფრის გვქონდეს დარდი.

ექსპრომტ-კომენტარად ზაზა ფელიშვილისგან

ოქრო- გიშერი

ეს დღეც შენია ის დღეცა,
შენს სახეს ირეკლს ისევ ცა,
,,ქალი მაჩუქე!"--- შენს თავს მთხოვს
ცა და რა უნდა მიმეცა?!
თუ არ მოიშლის მაგ თხოვნას,
არ გავუბრაზდე კიდეცა...
ჩვენი მზე არის მაია,
სხივითაც გვიყვარს... ისეცა!
სამკაულია და ცაო
ვერ მოგცემთ ოქრო- გიშერსა!!!..
24.11. 2022 წ. სოფ. ქიწნისი.
ზაზა ფელიშვილი.

მინდა, რომ შენი მზე ვიყო! (,,სკვერული")

მინდა, რომ შენი მზე ვიყო!

მინდა რომ შენი მზე ვიყო, 

შენი მთვარეც და ვარსკვლავიც,

გაზაფხულიც და ზაფხულიც,
შემოდგომაც და ზამთარიც,
ცის ნამი, წყაროც, მდინარეც, –
ია და იასამანიც,
ოღონდაც ძლიერ გიყვარდე,
ტრფობას არ ჰქონდეს სამანი.

ქსომტ-კომენტარი ავთანდილ ჟღერიასგან
ყაყაჩოს ველი გაშლილი,
ჩქერიც და ვარდი მცინარე,
კვირტივით აფეთქებული,
ქალავ, ჩემს მკლავზე
მძინარე.)))))❤️

Saturday, November 25, 2023

მაიას რეცეპტები, დარიგებანი, გონიერების აბები

 მაიას ცხოვრებისეული რეცეპტები:

1. როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, თქვენ კი არ პასუხობთ, მოემზადეთ შემდეგი შეურაცხყოფებისთვის, იოლი მსხვერპლი ხართ არამზადებისთვის. წესიერი ადამიანი ან არ მოგაყენებთ შეურაცხყოფას, ან მერე ბოდიშს მოგიხდით მაინც.
2. თუ მამაკაცი თქვენზე მეტად სხვა ქალს ანიჭებს უპირატესობას, დედის გარდა, იქ არაფერი გესაქმებათ.
3. ზოგი დიდებას მოიხვეჭს და მერე ამას გასამდიდრებლად იყენებს, ზოგი გამდიდრდება და მერე ამით უნდა დიდების მოხვეჭა, ფიროსმანს არც დიდება ჰქონია სიცოცხლეში და არც ფული, მაინც იქცა მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრად და მისი ნახატები მილიონები ღირს. რომ იტყვიან: ,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო"
4. ის ვერასოდეს შეაფასებს თქვენს შრომას და ვერ გაიგებს მის ფასს, ვისაც იმ საკითხში არაფერი გაეგება, ისე როგორც ძაღლი ვერ შეაფასებს ბეთჰოვენის მუსიკას, თუმცა ისეთიც მინახავს, მთვარის სონატაზე რომ მღერის, უფრო სწორედ, ყმუის.
5. შური და ბოღმა ადამიანს ზოგჯერ ისე დაამცრობს, თვითონაც ვერ ხვდება, როგორ პატარავდება სხვის თვალში. დიდბუნოვანი ადამიანები მთებივით არიან, ვერანაირი ქარი მათ გვერდზე ვერ გადადგამს.
6. ჭორის აგორება და სხვისი განადგურება ადვილია, მაგრამ იმ ჭორმა შეიძლება თქვენც მოგიყოლოთ ქვეშ.
7. სადაც არ გაფასებენ, იქ არ უნდა გაჩერდეთ, რომ არ დაჭკნეთ მოურწყავი ყვავილივით. სადაც სიყვარული არაა, იქ ყველაფერი უდაბნოდ იქცევა, თქვენ კი -ეკლიან კაკტუსად.
8. თუ მამაკაცი (მეუღლე, შეყვარებული) თქვენი თანდასწრებით სხვას უხმობს, სხვას ეძახის, სხვას ელაპარაკება სიამოვნებით და თქვენ ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ, ამის დემონსტრირებას არ ერიდება, თქვენი გულისტკენა მისთვის არაფერია, არ უყვარხართ! ათასი რამით თავის დამშვიდება და მისი გამართლება არასწორია, სჯობს სიმართლეს თვალი გაუსწოროთ!
9. სინათლე კარგია, მაგრამ დიდი შუქი გვაბრმავებს, დაიცავით ყველაფერში ზომიერება!
10. თუ კი სულში ზეიმია, არა აქვს მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებთ, მეტყევის ქოხში თუ სასახლეში, ბედნიერი ვიქნებით ყველგან, სიმდიდრემ შეიძლება დაგვამძიმოს კიდეც, განა ტყუილად იშორებდნენ თავიდან ქონებას მორწმუნენი?! ქვრივ-ობლებს ურიგებდნენ...
11. მადლიერი იყავით ყველაფრისა, თუნდაც ერთი შეწეული სიტყვის, დასახმარებლად გამოწვდილი ერთი ხელის, ერთი გაღიმების, ერთი ლუკმის, რომ კიდევ უფრო მეტი მოგეცეთ!

Friday, November 24, 2023

მოღალატეებს!

 მოღალატეებს!


ბევრჯერ მატკინეს, მესროლეს
ტყვია ბერდენკის, ნაგანის,
ისე მივდივარ იმქვეყნად,
არ მყავდა მე ამხანაგი.

თუ მებრძვი, მოდი, პირისპირ,
როგორაც ბრძოლის წესია...
ღალატი გზაა ირიბი,
გვახსოვს ჯვარცმული მესია.

და თუ კი მესვრი, მესროლე
პირისპირ, გული დაძონძე,
ზურგში სროლით ნუ წამართმევ,
სიცოცხლეს, ღმრთისგან ნაბოძებს.
მაია დიაკონიძე
19.11.2023 წელი

,,მოღალატეებს!"

 ბევრი მომექცა ტუტუცად,

არ დამიფასა ამაგი, ზოგ-ზოგმაც ,,წაიბრუტუსა", – მეგონა მე ამხანაგი. თუ მებრძვი, მოდი, პირისპირ, როგორაც ბრძოლის წესია... ღალატით ყველა იძლევა, გვახსოვს ჯვარცმული მესია.

და თუკი მესვრი, მესროლე
პირდაპირ, გული დაძონძე, ზურგში სროლით ნუ წამართმევ სიცოცხლეს, – ღვთისგან ნაბოძებს. 19. 11. 2023 წელი


Thursday, November 23, 2023

უფალო!

უფალო!

მადლით აივსო ჩემი სული,
ვით ძუძუ ხსენით,
მომინდა, მაგრამ ცაში ვეღარ შევითარეშე ... როგორც ყველა სხვას , ჩემი თავი მეგონა ბრძენი, მაგრამ უფალო , ვერ ვიცხოვრე ცოდვის გარეშე . წამომაყენე დაცემული , მომკიდე ხელი , ვხედავ ჩემ ირგვლივ მრავალია კიდევ ცდუნება , დამტუქსე, როგორც ურჩ შვილს ტუქსავს მისი მშობელი , მე ეს დატუქსვა ქებასავით მესალბუნება .
20.11.2023 წელი

ახლა ვიგრძენი, მეორე ვარიანტი

 ახლა ვიგრძენი .

როგორ დამძიმდა ჩემი სული ,
ახლა ვიგრძენი , მომინდა , მაგრამ ცაში ვეღარ შევითარეშე ... როგორც ყველა სხვას , ჩემი თავი მეგონა ბრძენი , მაგრამ უფალო , ვერ ვიცხოვრე ცოდვის გარეშე . 2 . წამომაყენე დაცემული , მომკიდე ხელი , ვხედავ ჩემს ირგვლივ მრავალია კიდევ ცდუნება , დამტუქსე , როგორც ურჩ შვილს ტუქსავს მისი მშობელი , მე ეს დატუქსვა ქებასავით მესალბუნება .

Вечірня година (коханій мамі) Леся Українка , საღამოს საათი (დედის სიყვარული), თარგ. მაია დიაკონიძის უკრაინულიდან

 

Вечірня година (коханій мамі) Леся Українка , საღამოს საათი (დედის სიყვარული), თარგ. მაია დიაკონიძის უკრაინულიდან

 Вечірня година (коханій мамі)

Уже скотилось із неба сонце,
Заглянув місяць в моє віконце.
Вже засвітились у небі зорі,
Уже заснуло, заснуло й горе.
Вийду в садочок та погуляю,
При місяченьку та й заспіваю.
Як же тут гарно, як же тут тихо,
В таку годину забудеш лихо!
Кругом садочки, біленькі хати,
І соловейка в гаю чувати.
Ой, чи так красно в якій країні,
Як тут, на нашій рідній Волині!
Ніч обгорнула біленькі хати,
Немов маленьких діточок мати,
Вітрець весняний тихенько дише,
Немов діток тих до сну колише.


საღამოს საათი
(დედის სიყვარული), ლესია უკრაინკა, თარგ. უკრაინულიდან მაია დიაკონიძის
მზე გადავიდა დასალიერში,
მთვარემ შემომცინა ძილის წინა,
თვალანთებულის ცას აქვს იერი,
უბედურებამაც მიიძინა.
გავალ ბაღებში და გავლაღდები,
მნათობს ვუმღერებ მთელი არსებით,
მშვენიერებას ვუმზერ, ვმაღლდები
ზეცასთანა ვარ ახლა აზრებით.
აქ ბაღები, თეთრი სახლებია,
ყურებს მიტკბობს ნაზ ბულბულთა სტვენა,
უკრაინის ღვთიურ სილამაზეს,
ვით სამოთხის, განა აღწერს ენა?
გადაფარა ღამემ თეთრი სახლი,
სადაც ბავშვებს აღარა ჰყავთ დედა,
ვერ ჩერდება გაზაფხული ქარი,
მშვიდი ფშვინვით იავნანას ყვება.
2022 წელი, მარტი

Wednesday, November 22, 2023

ელგუჯა ციგროშვილის შესახებ! ავტ. გოჩა გოჩაშვილი

 პოეტების ნდობა არ იქნება!

არა, რეალურ ცხოვრებაში არაფერს ვერჩი, მხოლოდ მათ შემოქმედებას ვგულისხმობ. ისეთ სიტყვას შექმნიან, ან უკვე არსებულს ისეთნაირად დაწერენ, არანაირ წესში რომ არ ჯდება, თუმცა იმდენად ორგანული და ბუნებრივი ხდება-ხოლმე ეს სიტყვა, სხვანაირად ვეღარც წარმოგიდგენია ადამიანს.
პირველად ეს ვიფიქრე პოსტერის ნახვისას, რომელიც გვაუწყებდა, რომ გაიმართებოდა ჩვენთან მოღვაწე პოეტის - ელგუჯა ციგროშვილის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით, არც მეტი, არც ნაკლები, - „დედა-შვილობა.“ დიახ, ზუსტად ასე, დეფისით გაყოფილი „დედაშვილობა.“ ვინმე სხვას რომ ეხებოდეს საქმე, გრამატიკულ, ან მექანიკურ შეცდომად ჩათვლი, მაგრამ როცა საქმე ჩვენს პოეტს ეხება, სხვა ამბავია აშკარად. იმიტომ, რომ ქართულ ენასთან ოდენ „შენობითი“ ურთიერთობა კი არა, კაი მეგობრობაც აკავშირებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საღამო ემიგრაციაში იმართება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც ბიოლოგიური დედა-შვილის კავშირზე არ უნდა იყოს საუბარი. თან, აკაკის „განთიადსაც“ თუ მოვიშველიებთ („დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ“), უფრო სამშობლოსა და უცხოეთში მყოფი ქართველის ურთიერთობაზე გავალთ (ღონისძიებაზე დადასტურდა ამ ვარაუდის სისწორე).
მაშ, რატომ დეფისი? საერთოდაც, დეფისი კია, მაგრამ, თავისი არსით, იქნებ კითხვის ნიშანია? სამშობლოსთან ერთიანობას რამე ხომ არ დაემუქრა? ან, იქნებ საყვედურია სამშობლოსადმი?..
ცოტა მოგვიანებით მივიღე მოსაწვევი, სადაც „დედაშვილობა“ ეწერა. აი ასე, ყოველგვარი დეფისის გარეშე. მიდი ახლა და გამოიცანი, რატომ ამოვარდა ეს ჩვენი დეფისი...
მასში პედაგოგმა იმძლავრა და ამიტომ ჩაასწორა?
ვაჟას „ალუდას“ ხაზს ხომ არ აგრძელებს, რომ სამშობლოსადმი საყვედურ-სამდურავი არ შეიძლება?
იქნებ ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ გაახსენდა, რომ დედაშვილობაში შენ-ჩემობა არ უნდა იყოს? რომ, ვინ ვისთვისაო, დედაშვილობაში საკითხავი არ არის?
კიდევ სხვა რამ მიზეზის გამო? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რას გაუგებ პოეტებს?!..
აი, ასეთი იყო ფიქრნი ჩემნი „დედაშვილობა“-ში დეფისსა და უდეფისობასა ზედა. თავად საღამოზე, რომელსაც ორგანიზება თესალონიკის ქართული საზოგადოება „საქართველო“-ს ხელმძღვანელმა - ელგუჯა მინაძემ გაუწია, რა ხდებოდა, წვრილად აღარ მოგიყვებით, ძალიან გამიგრძელდება სიტყვა. სწორედ ის შემთხვევაა, „აი, იქ რომ უნდა ყოფილიყავით.“ ძალიან მოკლედ რომ გითხრათ: მიუჯდა მერხს ჩვენი პოეტი, გაკვეთილი კი აქეთ ჩაგვიტარა; ჩაგვკიდა ხელი და დროში გვამოგზაურა - სამყაროს დასაბამიდან დღევანდელ დღემდე; გზად ათასწლეულები გვედო, საგზლად კი - ისტორია, მითები, ზღაპრები, ლეგენდები, სამშობლო, მონატრება, სიყვარული, დედაშვილობა...
და რითმები, რითმები, რითმები...
ყველა რეაქცია:
ელგუჯა ციგროშვილი და 6 სხვა პიროვნება

Tuesday, November 21, 2023

მოგონებებიდან, მზესუმზირა

 მოგონებებიდან

ვის არ უყვარს მზესუმზირა, ყვითელფურცლება საოცრება, თავისი ფერებით მზეს რომ ჰგავს და მზის სიყვარულიც ჩავარდნია გულში, საითაც მზე გაიწევს, ისიც კისერწაგრძელბული მიჰყვება მას. ქართველებს სახელიც კარგად შეურჩევიათ: ,,მზესუმზირა". უყურებს მზეს, თვალს ვერ სწყვეტს. ისიც უფასებს ამ სიყვარულს და უხვად ჩუქნის თავის სხივებს. უკრაინაში სტუმრად ჩასულებს მზესუმზირების უზარმაზარი პლანტაციები გადაგვეჭიმებოდა ხოლმე თვალწინ. უკრაინა ერთ-ერთი ლიდერი იყო მზსუმზირის ზეთის წარმოებაში. ბებიას ბაღშიც ბევრი ყვაოდა. როცა საჭმელად გვეძახოდნენ, მზესუმზირების ქვეშ ვიმალებოდით მე და ჩემი და-ძმები. გვეგონა, ვერ გვიპოვიდნენ. ბებია თვითონ ამზადებდა ზეთს, საოცრად არომატული იყო. მოგვიხარშავდა კარტოფილს, ამ ზეთს დაასხამდა, კიტრსაც სამ დღეში დაგვიმჟავებდა და მივირთმევდით, კარტოფილს არაჩეულებრივი მზესუმზირის ზეთით, რომლის გემო არასოდეს მავიწყდება, მას მერე ასეთი არასოდეს გამისინჯავს და მჟავე კიტრით. აცხონოს ღმერთმა ჩემი უკრაინელი ბებია, სასწაული ქალი იყო. უზარმაზარ ჰექტარ მიწას თვითონ უვლიდა, კარტოფილიც ჰქონდა, თეთრი ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, სტაფილო, წითელი ჭარხალი, სიმინდი, მზესუმზირა, ლობიო მოჰყავდა, მაგრამ თეთრი იყო, ხილი, ყვავილების ბაღი, კურდღლების ფერმა, ასამდე ქათამი, ყველაფერი მოვლილი-დაწკრიალებული. ყოჩაღი იყო, ძალზე ყოჩაღი. ჩვენ რომ არაფერი მოგვკლებოდა, საქართველოდან ჩასულ ხუთ ბავშვს, სამუშაოს იღებდა იქვე ფოსტაში და კულტურის სახლში, გვიკერავდა, გვიქსოვდა, გვიქარგავდა. ახლა ვფიქრობ, ცოტათი მაინც დავსგავსებოდი-მეთქი მას. სააღდგომო პასკებს გამოაშრობდა და ზაფხულისთვის გვახვდრებდა. წამოვწვებოდით რუსულ ღუმელზე და ვახრამუნებდით. რა ჯობია ბავშვობის გახსენებას. მზესუმზირა ტომრებით გვქონდა ხოლმე, დასხდებოდნენ უკრაინელი ქალები თავიანთი სახლების ჭიშკართან, მეზობლებს მოიწვევდნენ, მოიდგამდნენ ამ მზესუმზირის ტომრებს, თან გზას უყურებდნენ, თან საუბრობდნენ, თან მზესუმზირას მიირთმევდნენ. მიყვარდა მათთან ერთად ჯდომა. მათი მოსმენა.ჩაიშალა მზესუმზირის ბაღები დღეს უკრაინაში, მაგრამ ხომ ისევ გაიზრდებიან, ღმერთი იყოს უკრაინელების დამხმარე ამ უთანასწორო ომში.
ბებიას ემალებიან, პასტელი, მხ. მაია დიაკონიძე
ყველაზე ხშირად ჩემი ძმები და მედეა იმალეოდნენ ხოლმე, ერთად სიარული და ცელქობა უყვარდათ

ბებიას წინდა, ჩანახატი

 მახსოვს, ბავშვობაში ბებია წინდებს გვიქსოვდა, გამოკიდებდა ჭრელ-ჭრელებს, ლამაზებს ეზოში თოკზე, ჰაერმა გაუაროსო, 18 წყვილს, 18 შვილიშვილი ვყავდით. აბა, რა სჯობდა მათ ყურებას, არაფერი. ვაშლებს შორის იყო თოკი გაბმული, აქეთ წითელ-წითელი ვაშლები იწონებდნენ თავს, აქეთ წინდები. ჩავიცმევდი ბებიას მოქსოვილ წინდას, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, არ დამეხეს მეთქი, მაგრამ ხან ბარდზე, წამოვდებდი, ხან – ეკალზე, დაიგლიჯებოდა ადგილ-ადგილ, ამოკემსავდა ბებია, ყველაზე ადვილად ქუსლი უცვდებოდა და თითების ადგილი, ამოიყვანდა თვლებს, ამოქსოვდა ისევ იმ ადგილებს, მაგრამ უცვეთელი აბა რაა, დამრჩებოდა დაგლეჯილი წინდები. დღეს ამ წინდებმა საქართველო გამახსენა. ვინმე მეტყვის, სად საქართველო და სად ბებიას წინდაო!!! მაგრამ სწორედაც იმ დარღვეულ, ადგილ-ადგილ ამოგლეჯილ წინდას მაგონებს ჩვენი ქვეყანა, ქუსლებგაცვეთილს, უთითებოს, ადგილ-ადგილ ამორღვეულს ჩვენივე მიწის ეკალ-ბარდითა თუ ვარდისავე ეკლით, ჩვენივე თვისტომის თუ მტრის მიერ დაგლეჯილს, ბედის უკუღმართობით თუ დროის ბორბალში მოყოლილ- დაზიანებულს. და სად არიან იმ 18 წინდის პატრონები, მათი შვილები, შვილიშვილები... მიმოიფანტნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, ზოგი ავსტრიაშია, ზოგი - საფრანგეთში, ზოგი – ყაზახეთში, ღმერთმა ამრავლოს ქართული გენი, სადაც არ უნდა იყოს... მე კი ის დაფლეთილი წინდა მტკივა, ჩემი დაფლეთილი საქართველო, პატრონებიც რომ გაჰქცევია და ბედის ანაბარადაა მიტოვებული...

დღეს ჯერ ავტობუსით, მერე მეტროთი ვიმგზავრე, მომღიმარი, ბედნიერი სახე ვერ დავინახე, მხოლოდ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები მხიარულობდნენ. არა და ჯერ კიდევ 35 წლის წინ ბედნიერი ღიმილიანი თბილისი დამიდგა თვალწინ. მხოლოდ გულისგამგმ

ჩანახატი

 ჩანახატი

სალის სიყვარულში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა და როდესაც პაატამ უთხრა , მიყვარხარო, დაიჯერა. არასოდეს დალაპარაკებია მამაკაცებს, მხოლოდ კლასელებს და ჯგუფელებს. თვითონ შეუყვარდა ერთი, იმანაც არაფერი იცოდა ამის შესახებ. იტანჯებოდა, თავის გულის ნადებს არავის უმხელდა. დაუპატარავდა გული, კაკლის ნაჭუჭივით გაუხდა. დაიჭმუჭნა, დაბერდა მასავით. ახლა კი, როცა უთხრეს, მოყვარხარო, გულმა სიგანეშიც გაიწია და სიგრძეშიც, გადიდდა, სალიც იმ ვარდის კოკორივით გაიფურჩქნა, ზამთარში, ყველასთვის მოულოდნელად რომ აყვავდება ხოლმე, ყველა გაოცებული რომ უყურებს, ნეტავ, ამ სიცივეში რამ გაფურჩქნა და გაალამაზაო. მოვიდა ყინვა, მოაზრო ყვავილი. რა გეგონა, აბაო, გაეცინა ზოგიერთს. დამჭკნარი ყვავილი კი ფურცელ-ფურცელ დაიშალა, მოეფინა თოვლს მისი წითელი ფურცლები, თეთრ თოვლზე დაღვრილ სისხლს დაემსგავსა. იქ ჩავლილმა პატარა გოგონამ წამოკრიფა, , დაენანა, ცივ თოვლში რად ჰყრიაო, სახლში წაიღო, ახლა ჩაის სვამს იმ ვარდისას და ყოველ დღე ისმენს ერთი ქალის სიყვარულის ისტორიას, რომელსაც არასოდეს გაუმართლა.

Monday, November 20, 2023

სიზმარში მაინც ჩაგეხუტები! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ელგუჯა ციგროშვილის სალაღობო ლექსს შემოგთავაზებთ

დღეს ,,ჩახუტების დღეაო... "
(და რომელი დღე არ არის
,,ჩახუტების?!")
სიზმარში მაინც ჩაგეხუტები!
არ დამელია ირგვლივ
მგმობელი,
შენ ერთი მყავხარ
შემამკობელი;
მადარებ ზურმუხტს,
ვარდსა თუ იას
და არ მაკარებ
ახლოს ცივ ნიავს;
ჩემგან თუმც მადლი
არა გფენია, –
სამდურავიც კი
არ დაგცდენია;
დღე თუ ვერ გნახავ ,
ნუ იბუტები,
სიზმარში მაინც
ჩ ა გ ე ხ უ ტ ე ბ ი!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ. თესალონიკი. 21.01.2023 წელი
,,ჩახუტების დღე! "

ხომ იცი, ღმერთო!, ავტ. გელა ციგროშვილი

 ხომ იცი, ღმერთო!

ხომ იცი, ღმერთო, ჩემი თავი რომ მიღირს ჩალად...
მთელი ცხოვრება უგზოს ვკვალავ, ბევრჯერ მიჭირდა...
მამულო,შენი სიყვარული რომ გვადევს ვალად..
დაგვიწყებია და რის ფასად?!-- მუდამ მიკვირდა...
ან რაღად უნდა ამას ცრემლი და ჭყლეტა ტვინის?!
იმის ლოდინი... მეტად როდის გაგვიჭირდება?!
როდის გახსნიან გზებს ციტრუსის, ვაშლის თუ ღვინის?!
გვრცხვენოდეს, გაქრა წინაპართა ყველა ღირსება...
ლუკმა პურს ვეძებთ და კაცები ვეღარცა ვბიჭობთ..
ამოსკდა გულში, ყველაფრის ვართ მგონი ჩამდენი..
ამ ძაღლურ ყოფას ვაჟკაცური სიკვდილი გვიჯობს..
,,ქუდზე კაციო",--დაძახებას ელის რამდენი!!!.
შემოგვჩვევია შენზე ფიქრი და უკვე, ახლა..
ნამდვილად ვიცით, სად წაგვიყვანს ბედი მდევარი...
ნუ შეგვაშინებს ცამეტივე ტყვიის ზედ დახლა...
თუნდ დამიზნებით გულშიც დაგვცენ ცხრა სატევარი...
,,ნამუსის ქუდი" მებრძოლს მუდამ თავზე ახურავს..
მამულის მიწაც წინაპართა მსგავსად გვიშვილებს..
ერო და ბერო, ვიღას ვუცდით,--შევუნთოთ ქურას..
ქართლის დედაო,დაგვილოცე მიზანი შვილებს!!!..
გელა ციგროშვილი

Friday, November 17, 2023

სალაღობო, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 სალაღობო

,,მცხეთის ქალაქს მირონი დუღს,"
არ სჭირდება ამას ფიცი ...
ლობიო თუ მოგიდუღეს,
როგორ დაგხვდა ჩვენი ციცი?
20.05.2023 წ

მწვანე პომიდორის მწნილის რეცეპტი მანანა ტონიასგან

 მანანა ტონია

მე გასწავლი, საოცარ რეცეპტს მაიკო!
მიახური, ქინძი, ცერეცო და წითელი პიმპილი დაჭერი წვრილად და აურიე ერთმანეთში. გაჭერი პომიდვრები 4 ად ოღონდ ნაწილები არ დაცილდეს. ეს მწვანილეულის ფარში ჩადე შიგ და ჩაალაგე ქილებში. აადუღე წყალი და შეავსე ქილები. ქილა რამდენი ლიტრიანიცაა, იმდენი სუფრის კოვზი მარილი და იმდენივე ჩაის კოვზი ძმარი ჩაასხი.თითო ლიტრზე ერთნახევარი ასპირინი უყავი. დახუფე! ეგ არის სულ. ეს გააკეთე და მახსენებ. მჭიდროდ ჩატენე ნაყოფი. წყლით უნდა იყოს დაფარული. ვიზუალურად ულამაზესი და უგემრიელესია.

მაიას რეცეპტები (გონივრული აზრ-გამონათქვამები)

 დღე მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ. ამას წინათ ერთი ფსიქოლოგის ჩანაწერს ვუსმენდი. ჩემმა შვილებმა გაკვირვებით გადმომხედეს და მითხრეს: - დედა, შენ ხომ ეს ყველაფერი იცი, წლებმა გამოცდილება შეგძინა, რაღაში გჭირდება ფსიქოლოგი, შენ თვითონ შეგიძლია მისცე რჩევები ხალხს! - რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის როლს ვერ მოვირგებ, მაგრამ გარკვეული ცხოვრებისეული რეცეპტები მეც მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ახალგაზრდებს მათი მოსმენა არ უნდათ, ჰგონიათ, ყველაფერი იციან, ჩემი ასაკის ხალხს კიდევ აღარ სჭირდებათ, თვითონვე დაუგროვდათ დიდი ცოდნა. მაინც შევეცდები რამდენიმე რჩევა მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, აქ ახალი არაფერი იქნება, უბრალოდ, ჩემეულად ჩამოვაყალიბებ:

მაიას რეცეპტები ანუ ,,გონიერების აბები":
1. არასოდეს მოატყოოთ ბავშვი, რადგან მის თვალებში ჩამქრალი მზე ვერასოდეს გაანათებს სამყაროს.
2. არიან ადამიანები, რომელთა გულს ვერასოდეს მოიგებთ, ნურც ეცდებით, ტყუილი შრომაა, რადგან წითელი ხალიჩებიც რომ გაუფინოთ წინ,
მათთვის ეს მხოლოდ ტალახიანი მიწა იქნება.
3. ნუ გაუზიარებთ თქვენს გულისტკივილს ყველას, უფრო მეტიც, ჯობია, არავის გაუზიაროთ, რადგან არ იცით, ვინ როგორ გამოიყენებს თქვენს გაჭირვებას, შეიძლება ცოტა ხანში თქვენი სიტყვები წინვე დაგხვდეთ, თანაც გადაკეთებულ-გადმოკეთებული.
4. ნუ ენდობით სარკეს! თქვენგან დანახული და სხვათაგან დანახული თქვენი სახე შეიძლება სხვადასხვა იყოს.
5. უმადურობა ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა, ამიტომ ნურასდროს დაგწყდებათ გული, თუ კეთილი საქმისთვის მადლობა არ მიიღეთ. ამას თქვენ თქვენი თავისთვის აკეთებთ, პირველ რიგში. სიკეთე არ იკარგება. მადლიერი იყავით, რომ სიკეთის ქმნის საშუალება გაქვთ.
6. ვერასოდეს დაინახავ ცის სილამაზეს, თუ მას არ შეხედავ.
7. შვილები ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად, რაც მეტი გყავს, მეტად ნაწილდები, მეტი წილი რჩება შენი დედამიწაზე, ოქრო-ვერცხლი თვალს ახარებს, მაგრამ სანთელ-საკმეველს ვერ დაგინთებს გარდაცვალების მერე.
8. მარტოსული ადამიანი კაქტუსივითაა, ეკლები ასხია, არ შემეხოთო, მაგრამ ერთხელ ისიც ყვავილობს, მაშინ მის ყვავილს არაფერი სჯობია, ისე ახარებს თვალს.
9. თუ ადამიანს თქვენთვის დრო ვერ გამოუნახავს, ესე იგი, არ უყვარხართ! სიყვარული ქველია, თუ კი რამე ენანებათ თქვენთვის(თუნდაც რამდენიმე წუთი), იქ სიყვარულიც არაა.
10. მხოლოდ შვილის მიმართ დედის სიყვარულია მარადიული და უკვდავი. განა არის რამე სულზე ძვირფასი ამქვეყნად, შვილისთვის სულიც არ გვენანება. არის გამონაკლისებიც.
11. როცა საპატიო ყარაულში ვდგავართ, განა ყოველთვის ვაცნობიერებთ, რისთვის და რატომ?! გმირები, დიდება მათ! აქაც გვიცავენ დედამიწაზე და იქიდანაც - იმქვეყნიური საუფლოდან!
მაია დიაკონიძე
12.11.2023 წელი

12. როცა სულ მარტო რჩებით პრობლემის წინაშე, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, გახსოვდეთ, უფალი ყოველთვის თქვენთანაა, ის აუცილებლად დაგანახებთ გამოსავალს, შეიძლება უცხო ადამიანიც კი გამოგიგზავნოთ დასახმარებლად, მთავარია შეიცნოთ და ხელი არ ჰკრათ.
13. ყოველ დილით მადლობა უთხარით სამყაროს შემოქმედს, რომ ცოცხალი ხართ, შეგიძლიათ უმზიროთ ქვეყანას, ძილის წინ ილოცეთ, ისევ მადლი შეწირეთ უფალს, რომ ის დღე გებოძათ.
14. ბუნებაზე მშვენიერი არაფერია ქვეყნად, რომ გაიღვიძებთ, ფანჯრიდან გაიხედეთ, თვალები გარშემო მიმოავლეთ,თქვენი მზერა აუცილებლად შეჩერდება რაიმე ლამაზზე, უდაბნოშიც რომ იყოთ, დატკბით მისი მშვენიერებით, აუცილებლად იგრძნობთ ენერგიის მომატებას.
15. ძალით გაკეთებული საქმე არ არის ნაყოფიერი. ამიტომ პროფესია, რომელსაც თქვენ აირჩევთ, თქვენთვის სასურველი და საყვარელი უნდა იყოს. ისე დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწევთ თქვენს საქმეში.
16. გიყვარდეთ გარშემომყოფები, ისინი გვილამაზებენ ცხოვრებას, რომ არა ადამიანები, სადღაც უდაბნოში მყოფი კაქტუსივით ეკლებს გამოვისხამდით. ადამიანობა, პირველ რიგში, ურთიერთობაა.
17. წარმატებამ არ უნდა გაგვაამპარტავნოს. ბევრი წარმატებული გვინახავს მერე დაცემული, გვახსოვდეს ეს!
18. ჩვენ არავისზე მეტი ვართ და არავისზე ნაკლები, ყველანი თანაბარნი ვართ! თუ ვინმეს უნდა ზევიდან გვიცქიროს, გაუშვით, ადრე თუ გვიან, მასაც ეტკინება კისერი მაღლა ყურებით,
19. ტყუილად არ უთქვამთ, ,,შრომა აკეთილშობილებს ადამიანს", თუ სხვას ვერაფერს აკეთებთ, ყვავილებს დაუსხით წყალი, ნახეთ, როგორ სურნელს მოგაფრქვევენ,
მათაც შეუძლიათ მადლობის გადახდა.
20. ბავშვისთვის კარგი განათლების მიცემა ყველაზე დიდი საქმეა, ნუ დაიზარებთ მასთან მეცადინეობას. სიყვარულით ასწავლეთ, თამაშით, ბუნების მაგალითებით, რომ თქვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღოს.
21. მიწაზე ფეხს თუ არ დაადგმევინებთ ბავშვს, ფრენას ვერ ისწავლის, მიეცით დავალებები, გააკეთოს ოჯახის თუ მეზობლის საქმე, მიეჩვიოს შრომას, მხოლოდ მშრომელ ადამიანს შეუძლია მიღწიოს წარმატებას.
22. ნუ ჩაერევით სხვის საქმეში, თუ არ გთხოვენ. რაც გინდა კარგი გააკეთოთ, მადლობელი არავინ დაგრჩებათ, ის კი არა და, შეიძლება, გაგლანძღონ კიდეც.
23.ზოგჯერ არც პირშითქმა ვარგა და არც პირსუკან. ნუ ეცდებით გაბრაზებულზე ჭექა-ქუხილი დააყენოთ. გამოდარებას დაელოდეთ. მერე აწონ-დაწონეთ თქვენი სათქმელი და ისე უთხარით, ვინც გაწყენინათ. მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს.
24. დაფნის გვირგვინი ხალხმა უნდა დაგადგათ და არა ორმა კაცმა ან ადამიანების მცირედმა ჯგუფმა.
25. უსამართლობის ზეიმი ადამიანებს სიცოცხლის სურვილს, იმედს უკარგავს, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ მას, თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს.
26. დააფასეთ ადამიანები, რომლებიც ორიგინალურად აზროვნებენ, ნუ დასცინებთ მათ. რომ არა ისინი, დღეს არც მანქანა გვექნებოდა და არც თვითმფრინავი.
27.ნუ იჭორავებთ სხვა ადამიანებზე,თქვენთვის ეს შეიძლება გართობაა, ზოგს ეს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხის" მთავარი პერსონაჟი - მარიტა, ამის საუკეთესო მაგალითია.
28. ტალახიანკალოშებამოცმულ ადამიანებთან გერჩივნოს ურთიერთობა ზოგიერთ კაწკრიალებულ ფეხსაცმლიანთან ურთიერთობას, მთავარია, ვის როგორი სული აქვს, სუფთა თუ ჭუჭყიანი.
29. გაუფთხილდით იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ასეთები ბევრნი არ არიან, უმრავლესობა ადამიანებისა პირფერია, სანამ სჭირდებით, მანამდე იქნებიან თქვენთან კარგად.
30. რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, გახსოვდეთ, მედალს ორი მხარე აქვს, ყოველთვის თქვენადა სასიკეთოდ შემოატრიალეთ თქვენი ფიქრები, როგორც მანქანის მძღოლს არა აქვს შეცდომის უფლება, თქვენც მოიშორეთ ნეგატიური აზრები. რომ სადმე უფსკრულში არ გადაიჩეხოთ.
31. გახსოვდეთ, ადამიანები იშვიათად იცვლებიან! ერთხელ თუ გიღალატათ ადამიანმა, ის მეორედაც და მესამედაც გააკეთებს ამას. ღალატიზ დამიანის სულშია, საქციელი კი მისი გამოხატულებაა.
32. ღალატი ადამიანის გონებაში დიდი ხანი მწიფდება, ის არ არის სპონტანური, უცაბედი, ზოგჯერ თვეები, ზოგჯერ კი წლები მზადდება. ამიტომ, როცა გეუბნებიან, ,,ასე გამოვიდა", ,,უცაბედად მოხდა", არ დაიჯეროთ. ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა" იმის დასტურია, რომ ღალატმა შეიძლება დაგაკარგინოს სინდისიც, სამშობლოც, მეგობრებიც და თავიც. მისი გამართლება შეუძლებელია.



Thursday, November 16, 2023

ჩემი არის ნამცხვარიც! საბავშვო ლექსი

 ჩემი არის!

ჩემი არის ნამცხვარიც,

ტორტის დიდი ნაჭერიც,

სოკოთი და მოცხარით,
ბებო, ჩემთვის დაჭერი!
გიგლა წყალს ეზიდება,
შეშაც აქვს დასაჩეხი,
თათული ეპირება,
ამოხსნას თავსატეხი?!
აბა, ვისა სცალია
ნუგბარების საჭმელად?
მე ვარ თავისუფალი
ამჟამად და ამჯერად.
მაია დიაკონიძე
14.11.2023 წელი

მე და ფისო, საბავშვო ლექსი

 მე და ფისო


ჩემს ფისუნას თათი სტკივა,
შევუხვიე თეთრი ბინტით,
ღუმელთან თუ აღარ მივა,
მის სიცელქეს ვინღა იტყვის?!

კალთაში მყავს, არსად ვუშვებ,
საჭმელს ვაჭმევ ჩემი ხელით,
ექიმობას მევე ვუწევ,
არ დაიწვას ტაფით ცხელით.
მაია დიაკონიძე
15. 11. 2023 წელი

Wednesday, November 15, 2023

სიმღერა

 სიმღერა(იქნებ, ვინმემ დამიწეროს კიდეც)

გულზე ხელი მომჭიდე,
თუ გრძნობ, როგორ ფართხალებს,
თუ გრძნობ, როგორ ეხვევა
ტკივილებში,ხედავ?
მივადექი სხვა კუთხეს,
სხვა ზღვასა და სხვა მხარეს,
მაინც ვერ დაგივიწყე,
ჩემო კარგო, ხედავ?
ამოუცნობ ბილიკებს
წავყევი და შენც წაყევ,
ბედმა სად არ გვატარა,
დავცოტავდით, ხედავ?
თმები, თითქოს ქაოსი,
მოგვრევია ტაროსი,
ნაოჭებში ჩაფლულებს,
არა გვიკვირს, ხედავ?
წახვედი და მეც წაველ,
აღარ ვიტყვი დანარჩენს,
ბედმა ისევ დაგვცინა,
შეგვახვედრა, ხედავ?
ხელი მომეც, ვიცეკვოთ,
აბა, ტაში, ბიჭებო,
ჩაგვეძინა ორივეს,
საყვარელო, ხედავ?
ახლა მაინც ერთად ვართ,
ცეცხლის პირას კერა გვაქვს,
შეუკეთე, არ ჩაქრეს,
ინავლება, ხედავ?!
მაია დიაკონიძე
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, ლალი ჩხეიძე და 7 სხვა პიროვნება