Friday, April 4, 2025

ბელას თავგადასავლები (საბავშვო)

                              ბელას ვარდისფერი ფეხსაცმელები

    გაიღვიძა თუ არა, ბელამ ვარდისფერ ტუფლებს გადახედა საწოლთან რომ ეწყო, დედამ გუშინ უყიდა, რა ლამაზებიაო, გაიფიქრა, სასწრაფოდ წამოხტა და ფეხსაცმელებში ჩაყო ფეხი. და წარმოიდგინეთ, ფეხსაცმელებმა უცებ ხელ-პირის დასაბანად წაიყვანეს. მერე სამზარეულო ოთახში შეარბენინეს, მერე სასწრაფოდ ჩაალაგა სკოლის ჩანთა და ჰერიო, სკოლისკენ გაეშურა. მაგრამ... აქ მოხდა საკვირველება და ბელამ სკოლის მაგივრად იმ სავაჭრო ცენტრისკენ აიღო გეზი, სადაც დედამ ფეხსაცმელები უყიდა. გაიარა სხვადასხვა მაღაზიები, უჭყიტინა ვიტრინებში თოჯინებს, მანეკენებს და ბოლოს მიადგა ფეხსაცმელების მაღაზიას. დაინახა ისეთი ფეხსაცმელები, თვითონ რომ ეცვა, გამყიდველი გოგონაც იგივე დახვდა, მაგრამ მასთან ერთად მაღაზიას კიდევ ოთხი გოგონა მოაწყდა, მათაც ბელასნაირი ვარდისფერი ფეხსაცმელები ეცვათ, ფეხსაცმელებმა თვითონ მოგვიყვანესო, იძახოდნენ. მეც ასევეო, დაუდასტურა ბელამ. გოგონებმა ერთმანეთი შეათვალიერეს. კარგად იცინეს კიდეც, ფეხსაცმელების ჭკუაზე დავდივართო. გადაწყვიტეს ერთმანეთი გაეცნოთ.

 - მე ლიზი მქვია, -  თქვა ქერათმიანმა

 - მე, ქეთი,  - განაცხადა წითურმა ჯინსებში გამოწყობილმა გოგონამ.

- მე, სალომე, - თქვა ბუთხუზა პირმცინარამ

- მე, სოფიო, - შეგიძლიათ სოფო დამიძახოთ, - თქვა ნაზმა, გამხდარმა მოზარდმა. 

- მე კი ბელა ვარ, - თქვა ბელამ, ამ ვარდისფერმა ტუფლებმა აქ ტყუილად არ მოგვიყვანეს ეტყობა, ერთმანეთი უნდა გაგვეცნო.

  ალბათ, - სიცილით დაუდასტურეს გოგონებმა.  ლაპარაკში ჩართულები გამოვიდნენ მაღაზიიდან, შეხვედრის ადგილი და საათი დათქვეს და სკოლებისკენ გაეშურნენ, დავაგვიანეთ, მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის, ასეთი საოცარი ამბებიც ხდება ხოლმეო. 

ბელამაც სკოლისკენ გასწია. თავის ფეხსაცმელებს ცოტა გაოცებული დააცქერდა, ეს რა სიურპრიზი მომიზადაო, მაგრამ ახალი მეგობრების გაჩენის სიხარულმა გადაფარა მისი გაოცება.

  ბელა ახალი თავგადასავლებისთვის მოემზადა.


       მოცეკვავე დედამიწა

ბელამ თვალები დააჭყიტა და პირველი, რაც დაინახა, მზის სხივები იყო, ხელებზე დასთამაშებდნენ, თითქოს ცეკვავდნენ. მოეწონა გოგონას მოცეკვავე მზის სხივები,
- ჩემთან დარჩით, - სთხოვა.
სასწრაფოდ წამოდგა ლოგინიდან, ჩაიცვა და სამზარეულოსკენ გაეშურა, სადაც ბებია ელოდებოდა. ბებია ყოველ დილას საუზმეს უმზადებს ბელას, როცა დედიკო არ იყო სახლში. მიესალმა ბებია გოგონას, თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა:
- დაჯექი, ბელა, შენი საყვარელი ბლითები გელოდება! - უთხრა. როცა ბელა ჭამას შეუდგა, ბებიამ გოგონას შეხედა და გაოცებისგან შეჰყვირა, მზის სხივები დასთამაშებდნენ ბელას ხელებზე, თითქოს ცეკვავდნენ. მალე მზის სხივებმა მაგიდაზე გადაინაცვლეს და იქ აცეკვდნენ, მერე ოთახსაც მოედვნენ, მზემ შემოიხედა ფანჯარაში.
ისე ლამაზად ცეკვავდნენ, ბებიასაც მოუნდა ცეკვა, გაშალა ხელები და წრე ჩამოუარა, ბელა წამოხტა სკამიდან და ბებიას გაჰყვა, ძაღლმა პატიკომ შემოიხედა სამზარეულოში, რა ხმაურიაო, ისიც მხიარული ყეფით და ხტუნვით გაჰყვა ბებიას და შვილიშვილს. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლიც აცეკვდა, გარეთ ჩიტები აჭიკჭიკდნენ, შეუერთდნენ საყოველთაო მხიარულებას. ცეკვავდნენ ეზოს ყვავილებიც, მათი შემხედვარე მინდორში ყვავილებიც აცეკვდნენ, პეპლებიც. ბელამ ფანჯრიდან გაიხედა და დაიძახა:
- მოცეკვავე დედამიწა!
მზემ თავისი სხივები კიდევ უფრო ცხოველმყოფელი გახადა, რომ მთელი დედამიწა გაეთბო, ისინიც კი, ვისაც ქვის გული ჰქონდა, რომ ყველანი შეუერთებოდნენ მოცეკვავეთ.

.              

                              

No comments:

Post a Comment