Thursday, April 10, 2025

ანბანთქება


ანაბანა შეისწავლეს 
თორნიკემ და თათულიმ,
ბებოს, პაპას ყურს უტკბობენ 
უტკბილესი ქართულით.

ასოები ციმციმებენ,
როგორც ვარსკვლავ-ზღაპარში,
კარზე მოდგა გაზაფხული, 
ანბანივით მწყაზარი.

აშარი და ავია დღეს რომ დაქრის ქარია,
შემოგლიჯა კარები, ყველა გვერდზე გაწია,
მხოლოდ დიტოს მოეფერა, აკვანი დაარწია,
გაიხარა პაწიამ, ღიმით ტუჩი ასწია.

ანკესს ჭია წამოაცვა, გაიტრუბა ლოდინში,
ბებო უნდა გაახაროს ერთი-ორი ქორჭილით,
დილიდანვე ცხენს კაზმავდა, გამოწმინდა სადგომი,
სათევზაოდ წაიყვანა, ხომ უნდოდა თავსმდგომი?!

აგვისტოო, ცხელო, მწველო,
ცაში ოქროს ბურთი ზეობს,
მინდვრებში კი მზესუმზირებს
გახმობიათ უკვე ღერო.
მთების წყაროს დასტრიალებს
ნიავი და აქცევ ქარად,
სიცხის ბუღით გვიწვავ თვალებს,
გრილ სიოს კი ჩვენგან მალავ.
.აგვისტოო, სულის ლხინო,
ატმად, ვაშლად, ყურძნად ლხინობ,
ფერცვალობის მადლი გვიხმობს,
ავთოს, ლევანს, სოფოს, ნიკოს!


ბლის კუნწულა ჩამოწყვიტა, გაიკეთა საყურე,
ყვითელ ნაყოფს ძირსა ყრის და იხვის ჭუჭულს აპურებს,
თვითონაც ხომ გაჰკრა კბილი, თან გაავსო კალათი,
ბებოც უნდა გაახაროს ტკბილზე-ტკბილი ქარვათი.


ბათუმში რომ წვიმა იცის, მართლა უნდა ისეთი,
ზეცა ჭექს და ელვა კვესავს, მეხმა გაჰკრა აბედი,
გაშავდება, გამუქდება, ზღვაც ტალღებად ირწევა,
სახლში თუ ვერ მიასწარი, შენც წამოხვალ წვიმებად.

განდაგანა დაუარა გიუნამ და ცელქმა ფისომ,
გაკვირვება ვერ დამალა ბებომ, თვალზე ცრემლი სდისო,
მეგობრობა რომ აქვთ ამათ, მართლა უნდა ასეთიო,
წიგნსაც ერთად კითხულობენ, ყდას ატყვია თათებიო.


გულიანი ბიჭი არის ჩვენი თომა, გურიელი,
მეზობელს თუ ტვირთი მოაქვს, გამოიღოს უნდა ხელი,
ლოცავს ყველა, შინ და გარეთ, არის ბებოს წამალი,
სახლში აბგით პური მოაქვს, ჩამობერტყა კაკალი.

გააშვილეს კატის კნუტი,
განა ერთი, მგონი, ხუთი,
კარგ ხელშია ბეწვის ბურთი,
მაინც დარდობს ყველა კნუტი,
ყუთს, რომლითაც წაიყვანეს,
დედა კატის სუნი უდის.

დათვმა წეროს სთხოვა შველა,
გაუგზავნა დეპეშა,
- გამიწიე დახმარება,
მომეშველო ეგება,
თათი მტკივა, ვერ ვნადირობ,
რომ მიშველო, გერგება,
მხოლოდ თევზი უნდა ვჭამო,
სხვა მე არ შემერგება!
- მეგობარს თუ გაუჭირდა,
წერო მუდამ მზად არის,
გაჭირვების ტალკვესია,
ადრე იჭერს თადარიგს.
დაიჭირა თევზი ტბაში,
გააგზავნა ამანათით,
დათვმა პირში გადაუშვა
იმ მტკივანი დიდი თათით.


დაიჩემა ერთხელ მელამ,
მიყვარხართო ტყეში ყველა,
საჩუქარი მინდა გიძღვნათ,
ვერ ჰპოვებთო ვერსად იმგვარს.
გაეცინათ მხეცებს ტყეში,
დაკარგაო, ნეტავ, გეში?!
როდის იყო შევუყვარდით,
გაგვაცურებს საჩუქარით,.
მაგრამ მელამ მთვარისხელა
დაურიგა სოკო ყველას,
ჩვენში აბედს ეძახიან,
.
იფნის ტყეში გაისმოდა
სიმღერა, მზე აისობდა,
საჩუქარი თუა გულით,
ხეს რას უზამს მაშინ ცული?!

- გული უნდა მოჰყვებოდეს
საჩუქარსო, -  გასთქვა მელამ.


ტიტიკოს წასკდა ტირილი, -
დღეს გაუფუჭდათ მანქანა,
ახლა მოუწევს სირბილი,
სახე ეწვება ქარდაქარ,
სკოლაში ფეხით იაროს,
მისი რა საკადრისია,
მკვეხარაა და ამაყი,
სულ სხვაა მისი "მისია".
მაგრამ ამჯერად მეგზური
გახდა კლასელი მანანა,
იმასთან ერთად იცინა,
იმასთან ერთად გალაღდა.
იმ დღიდან დადის სკოლაში
ფეხით და არა მანქანით,
იქ აკაციას ჩამოკრეფს,
პირს იტკბარუნებს მაყვალით
და ასე ფიქრობს ბიჭუნა,
ნეტა, სად ვიყავ აქამდის?!


დიტოს აემღვრა გუნება,
ბევრი შეჭამა ბალიო,
არ დაუჯერა ბებიას,
ვერ შეეგება ალიონს.
შვრიის ფაფა და წამალი
მიართვა დილით ბებიამ,
- რომ არ იყავი დამჯერი,
ხედავ,  მუცელი გტკენია?!
დღეს უნდა იწვე ლოგინში
ვეღარ გაივლი ტყეშიო,
სოკო მაკუნამ მოკრიფა,
რომ მოგიმზადოს კერძიო.


ელენე დიდი გოგოა,
უნდა წავიდეს სკოლაში,
"ე" ასოც იცი, "ბ" ასოც,
ისწავლა ფოტოკოლაჟით,
ბობი ელენეს ძაღლია,
უყვარს გოგონა ძალიან,
"ე"- ს ხსენებაზე ფოტოზე
ეძებს  ელენეს ბაფთიანს,
"ბ" იტყვი, გვერდზე უთითებს,
თავის თავსა სცნობს, ბრაზიანს.
სხვა ასოს გოგოს სასწავლად,
რატომღაც ვეღარ იმეტებს,
"ე"-სთან და "ბ"-სთან მეგობრობს,
მათ ეძებს კინოტიტრებზეც.


ემზარს უთხრეს,  -  ადრე ადექ,
უნდა მწყემსო კრუხ-წიწილი,
ქორმა, ძერამ არ მოგტაცოს,
მელიამ არ გაჰკრას კბილი.
- დააბოტებს ემზარიკო
ჯოხით ხელში, უვლის ეზოს,
ყოველ წუთში ითვლის წიწილს,
არ გამექცნენ ასეთ მწყემსსო,
რა იცოდნენ წიწილებმა,
ემზარიკოს დიდი დარდი,
იქვე ბოსტნებს მიაშურეს,
კრუხიც მიჰყვა წიწილს ხათრით,
უკან მისდევს ციცქნა ბიჭი,
ყველა ბოსტანს დაუარა,
ეკალ-ბარდს არ შეუშინდა,
აშრიალა დიდი ყანა.
თავის ეზოს მოაშურა
როგორც იქნა, დედა კრუხმა,
იმას მოჰყვა წიწილებიც,
ჩვენი ბიჭიც, ფეხბაკუნა,
მოუწონა დედამ, მამამ,
ბიჭს ასეთი საქციელი,
არ დაკარგა კრუხ-წიწილი,
არ მოვიდა ცარიელი.
გახარებულ ემზარიკოს
ისე ტკბილად ჩაეძინა,
სიზმარშიაც კრუხს დასდევდა,
მას მწყემსავდა მთელი დილა.
.

ვარლამს ძლიერ მოენატრა
მოხუცებთან საუბარი,
ბებო  აძლევს დაპირებას, -
ზღაპრის გუდას მოხსნას თავი.
და მოუთხრობს პაპაც ამბავს,
ტყეში მგელი ბევრი არის,
მონადირე იყო ერთ დროს,
დათვმა გაჰკრა ბასრი კლანჭი
და აჩვენებს ნაიარევს,
ვარლამს ტოვებს გაოცებულს,
პაპასნაირ მონადირეს
ვეღარ ნახავ, ვერც დროს ქებულს,
ენატრება მოხუცები,
მალე დაჰკრავს ბოლო ზარი,
კორპუსს თავზე წამოქცეულს
ხელს დაუქნევს სწრაფი, ლაღი,
ბებოს, პაპას ჩაეკვრება,
ჩამოუვლის სოფლის ბილიკს,
ძველთაძველი ოდა უცდის,
წინაპრების სუნი უდის.


ვარაიდა-ვარადა, ბებომ კაბა დაბლანდა,
მოაზომა სოფიკოს და პატარა ძამიკოს
თვალზე ცრემლი მოადგა, - მე რად დავრჩი გერადა,
მეც ხომ მინდა შარვალი, წყალზე ვავსო ხელადა,
ისეთივე წითელი, როგორც მამლის ბიბილო,
სხვა ფერს მე არ ჩავიცმევ, მე უნდა მომისმინოთ,
გაეცინა ბებიას, ჯერ არ შემიკერია მე შარვალი აქამდე,
მაგრამ შენი ხათრი მაქვს და მოგართმევ ვადამდე.
ბიჭი კმაყოფილია, ღობეს მისდგა ილიანს,
ომობანას თამაშობს ის, კოტე და ილია,
გამოვარდა მამალი, ფეხმარდი და ფრთამალი,
მიაფრინდა ილიას, გამოგლიჯა იღლია,
ახლა ტირის დათიკო, ამ მამალმა რა გვიყო?!
აღარ მინდა შარვალი, როგორც მამლის ბიბილო,
იმ ფერის შემიკერე, რომ ატარებს მამიკო.


ზოზინ-ზოზინით მიადგა ღობეს პატარა ილაო,
უნდა გადახტეს, ვერ სწვდება, ფეხქვეშ დაიდგა ქილაო,
ეპოტინება, ღობის თავს უნდა გამოსდოს ხელიო,
მურიკამ ქილას ცხვირი ჰკრა, - შენ მოინდომე ბევრიო,
რომ გაიპარო, დედიკომ მერე გიპოვოს სადაო?
ეზოდან გარეთ ცხვირს ნუ ყოფ, აქაც თამაშობ კარგადო!


ზარმაცია გოჩა, ვირს ჩამოგავს ოჩანს,
ეხვეწება დედა, - მომიტანე შეშა,
- წამოწოლილს ტახტზე, მაინც ვერას ასმენს,
გვერდზე უზის კატა, მასთან ერთად ხატავს.
ააჭრელა ფურცლები სკუტერით და კატერით,
- გარეთ შენ არ გადიხარ, სად გინახავს ასეთი?!
- ეკითხება რონია, გვერდზე ცხოვრობს მგონია,
- ზღვაც არა გაქვს ნანახი, არც იქ გინდა თამაში,
ეს ცხოვრება ჩაგივლის, ლალია და ბადახში!
- ტახტზე სძინავს გოჩას, არა ესმის ოჩანს,
ხან პულტი აქვს ხელში, ტელევიზორს ეტრფის,
ხან მეომრებს თამაშში ამოარჩევს ლაშქარში,
კომპიუტერს ეომება, ხმალი რჩება ქარქაშში.



თუთის ჭამა უყვარს ნუგზარს,
მოითხუპნა ერთხელ პირი,
კბილებიც კი შავი ჰქონდა,
შესცქეროდა ყველა რიდით,
თავის სახლთან რომ მოვიდა,
მურიკელა ყეფდა ფინთად,
მოზვერიც კი ააზმუვლა,
თავს იქნევდა წინ და უკან,
სანამ თოკით არ დააბეს,
ნუგზარია, ვერ დარწმუნდა.
კატამაც ვერ ინო ბიჭი,
დაიკარგა ცხრა მთას იქით,
უცხოს მისვლა რომ ეოცა,
ბებომ ლინზა დაიკოფსა.
იმას იქით ჩვენი ბიჭი
აღარ დადის შავი პირით,
თუთით პირს რომ გამოივსებს,
დასაბანად მზეც კი იწვევს.


თათიას კატას, ტანიას,
თათი ეტკინა ძალიან,
გოგომ დაადო სახვევი,
თავისი კაბის ნაჭერის,
თათი რომ ვეღარ გალოკა,
დახვდა მუდარის თვალებით,
ოღონდ მომხსენი სახვევი,
თაგვს დაგახვედრებ დაფეხვილს.


იოლია ტახტზე წოლა,
რთული არის კეთება,
ყველი, მჭადი ბებოს მოაქვს,
სიტყვაც არ გემეტება,
რომ მადლობა უთხრა მზრუნველს,
სიყვარულით შეხედო,
გამუდმებით ითხოვ, ყვირი,
როგორ უნდს შეგერგოს?!
ადექ, გვერდი დაუმშვენე
სათვალიან ბებიკოს
თორემ მალე მობეზრდება,
მიგატოვებს, ეთიკოს.


ინდაური გაიფხორა, გადაშალა კუდი,
ფისუნია შეაშინა, ნინოც გარბის ფუთით,
სათამაშოდ გამოსულებს მისცა ბებომ პური,
- ჩემიაო, -  ინდაურმა, გადაუგდეს გული,
- ბებო სხვა პურს გამოგვიცხობს, წყალზე წავალთ თუნგით,
- მშრომელებს და გულკეთილებს ყველა უცქერს შურით.


- კურდღელს ორი ყური აქვსო,
- თქვა ლელუკამ, პაწაწინამ,
მაგრამ ფეხი ვერ დათვალა,
გადათვალა ორი წინა,
სამი, ოთხი აღარ იცის,
ვერ ისწავლა თურმე ძმისგან,
ორ თითსა სწევს მხოლოდ ნიკო,
რომ თქვას, გახდა ორი წლისა.


კაკანებდა ვარიკა,
მასთან ერთად მარიკა
აწესებდა განრიგსაც, -
როდის ჭამენ ქათმები,
დაუყაროს მარცვლები,
მაგრამ წივის წიწილი,
თავის დედას უჩივის,
- მე ხომ ძლიერ პაწია ვარ,
ხშირადა ვჭამ მადიანად,
მე რად მინდა განრიგი,
ჭამაში მაქვს თანრიგი.



კობა ართმევს ქოფაკს
თავის შარვლის ზონარს,
ჩააფრინდა კბილით,
ვერ შეიკრა ღილით,
პაპა უცქერს ღიმით,
ვერ იკავებს სიცილს,
მეგობრების თამაში
მისთვის არის ლხინი.



კორდებს, ველებს გადათელავს.
დილით ადრე დგება გელა,
ხმას შეუწყობს ტოროლას,
შემოსძახებს "ოროლას",
ესალმება ყაყაჩოს,
სამშობლოთი ამაყობს,
მწყემსი არის კეთილი,
უკვე გამობრძმედილი.









No comments:

Post a Comment