ორიოდე დღის წინ წერეთლის მეტროსთან ასეთი სურათი ვნახე: სკამზე იჯდა კაცი, ცოტა შელახულ სამოსში, უსახლკაროს ჰგავდა, გვერდზე პური მოედო, გაყოფილი, ხელში ნაწილი ეჭირა და ისე გულიანად ჭამდა, ისე ილუკმებოდა, გეგონებოდა, დედამიწის მთელი პურის ყანები ამ ერთ მუჭა პურის ნატეხში ჩატეულიყო მის დასანაყრებლად. გვერდზე ჩიტები - ბეღურები დასკუპებილიყვნენ, მათთვისაც დაეყარა ნამცეცები, ისინიც ჟივილ-ხივილით დასწაფებოდნენ თავიანთ საზრდოს. ვიფიქრე, ალბათ, ვიღაც მადლიანმა უყიდა მეთქი ეს პური.
მივხვდი, იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ადამიანისთვის, ვიდრე დამშეულის დაპურება და ამ საქმეზე ზრუნვაა.
გამახსენდა ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ეს ლექსიც. სიამოვნებით გთავაზობთ:
მტრედი და მათხოვარი!
ქალმა მათხოვარი ნახა ზინზლიანი,
ნაზად შეისწორა საყურე და...
ხურდად წინ დაუგდო მზერა ზიზღიანი, –
ის... პურის ნატეხით მტრედებს აპურებდა.
იმის ჭუჭყიან ხელს მტრედი არ უფრთხოდა,
მაღლით სულიწმიდა დაჰყურებდა...
თვითონ რომ ფიქრობდა, იმ მტრედს კუჭს უძღობდა,
მტრედი მის სულს აქეთ აპურებდა.
კაცს აღარც ახსოვდა თავის მათხოვრობა,
მტრედის საქციელით კვირდებოდა,
თვალები, გულწრფელი ცრემლით ავსებოდა...
იგრძნო, რომ ვიღაცას ისაც სჭირდებოდა!
P.S. ჩვენც ასე, ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით,
ზოგი მტრედი ვართ და ზოგიც მათხოვარი...
და ზიზღით ერთმანეთს თუ მივაჩერდებით,
ჩვენი საქციელით განგვსჯის მაცხოვარი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19. 06. 2021 წელი
No comments:
Post a Comment