Tuesday, April 1, 2025

მასალა ,,დილისთვის"

 

ავტორი: მაია დიაკონიძე

 

                  შემოდგომის ფოთლები

 

  დადგა შემოდგომა და ფოთლებმა ძალიან მოიწყინეს, ჯერ ერთი მოსწყდა თავის ალაგს, მერე მეორე, ქარმა ისინი სხვადასხვა მხარეს გადაისროლა და მიწაზე მოაფინა. ხეზე დარჩენილები კანკალით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს, არ უნდოდათ დედა-ხესთან განშორება, ამიტომ მონდომებით ეკვროდნენ ტოტებს, მაგრამ შემოდგომის ქარი რის ქარია, თუ ისე არ დაუბერა, რომ ფოთლები იქით-აქეთ არ მოისროლა, ცოტა არ წაითამაშა! გინახავთ, ალბათ, როგორ მიარბენინებს ქარი ფოთოლს, ხან იქით მიაგდებს, ხან აქეთ, თითქოს ფეხბურთს თამაშობსო..  მართლაც, ახლაც მიეხალა ხეს და სულ სათითაოდ დააწყვიტა ფოთლები, დაატრიალა, დაატრიალა და ისინიც მიწას დაანარცხა, ნეშომპალად უნდა იქცნენ და მიწა გაანოყიერონო. ქალაქშიც აათამაშა ქარმა ფოთლები, რიგ-რიგად დააწყო, შარი-შური გააქვს ფოთლებს გამვლელების ფეხქვეშ ასფალტზე, დილით მეეზოვე ცოცხით მოხვეტს და ურნაში გადაუძახებს, მერე ქალაქის დასუფთავების სამსახურის მანქანები ჩამოუვლიან ურნებს და ფოთლებს ქალაქგარეთ გაიტანენ, მიწას ჩაეხვევიან იქაც ფოთლები, შეეზრდებიან, ნეშომპალად იქცევიან, გაანოყიერებენ. მაგრამ განა ყველა ფოთოლს ეს ბედი ეწევა?

     თინა მასწავლებელმა დღეს ბავშვები ქალაქის მთავარ პარკში გაიყვანა, შემოდგომის ფოთლები შევაგროვოთო. დინარამ ყველაზე დიდი ფოთოლი იპოვა, თინა მასწავლებელს მიურბენინა, - ნახეთ,  რამხელა ფოთოლი ვიპოვეო, - ნეკერჩხლისააო, - აუხსნა მასწავლებელმა, შოთიკომ ქაღალდის პარკი ალვის ხის ფოთლებით აავსო, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, ბურთივით მრგვალები არიანო, რამდენიმე ვერხვის ფოთოლიც მიამატა. სხვებმაც უხვად დაიმშვენეს ხელები აკაციის, ცხენის წაბლის, ჭადრის, მუხის, არყის ფოთლებით. წიწვოვანი ხეები - ნაძვი, ფიჭვი, კვიპაროსიც მრავლად დგას ამ ბაღში, მაგრამ ისინი ხომ მარადმწვანეა, ამიტომაც ბავშვებმა მხოლოდ ფერად-ფერადი გამხმარი ფოთლები შეაგროვეს, ზოგი ისევ მწვანე დარჩენილიყო, ზოგს ყვითელი შერეოდა, ზოგსაც წითელი შეფერილობა მიეღო, მათ შორის მოყავისფრონიც იყვნენ, ცხენის წაბლის ქურქებიც გამოაყოლეს ხელს, ზღარბუნიებს რომ ჰგვანან, იქვე გამხმარი ბალახიც მიგლიჯ-მოგლიჯეს და სკოლაში დაბრუნდნენ. დღეს ხელგარჯილობის გაკვეთილი აქვთ. ბავშვებმა წინ დაილაგეს ფოთლები და დიდხანს გულდასმით ათვალიერეს, ამათგან რა უნდა გავაკეთოთო. მალე პატარა ხელებმა ნაირ-ნაირი სურათები შექმნეს, ზოგმა მელაკუდა გააკეთა წითელი ფოთლებით, ზოგმა - მამალი, ათასფერი ბოლოთი, ზოგმა - გოგონა, სოკოებით სავსე კალათით, შოთიკომ თავის სურათზე ბურთებით მოთამაშე ბიჭუნები დახატა. ვისაც როგორი ფანტაზია აქვს, ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამისთვის წებო, მაკრატელი და მუყაოს ფურცლებიც დასჭირდათ ბავშვებს, ყველაზე მეტად კი, თინა მასწავლებლის რჩევები გამოადგათ. თავიანთი სურათები ბავშვებმა სკოლის დერეფანში გამოკიდეს, რომ ყველას ენახა, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შემოდგომის ფოთლებისგან. ფოთლებსაც ძალიან მოეწონათ ასეთი  გარდასახვა, მათ ხომ ბავშვებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს.

    პატარებო და დიდებო, სცადეთ, იქნებ თქვენც გამოიხმოთ თქვენი ფანტაზია და თქვენივე ხელით შექმნათ სურათები ათასნაირი პეიზაჟებით. გაახაროთ თქვენი ახლობელი ადამიანები!

 

                         უბრალო ფანქარი

 

   ნიკო წელს პირველად წავიდა სკოლაში და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უკვე დიდი ბიჭი ვარო, ამაყად გამოაცხადა სახლში. ანბანის სწავლა დაიწყო და თან ყველა ასოსთვის სურათებსაც სიხარულით ხატავდა,  გაავსო სახატავი ფურცლები ნაირ-ნაირი ნახატებით, იაც დახატა, თივის ზვინიც, თხაც, მზეც, მართალია ისეთი ვერ იყო, მხატვრის დახატული რომ არის, მაგრამ არა უშავდათ. ფერადი ფანქრები ძალიან მოსწონდა და საოცრად უფრთხილდებოდა. ისინიც გათამამებულნი ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, არა მე გჯობივარ და არა მეო, ცისფერი ფანქარი თავს იწონებდა, ჩემს გარეშე ნიკო ვერც ზღვას დახატავს და ვერც ცასო, ყვითელი ამბობდა, ქვეყნიერება იმიტომ არსებობს, რომ მზე არის და მის გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა დედამიწაზეო,  წითელი ხომ ტოლს არავის უდებდა, გაჰკიოდა, ცხოვრება რა იქნებოდა წითელი ბურთის და წითელი ვარდების გარეშეო, მხოლოდ უბრალო ფანქარი არ იღებდა ხმას, რომელიც ფერადი ფანქრების ყუთშიც კი არ იდო, იმიტომ რომ ცალკე იყიდეს, ნიკო ჩანთიდანაც კი არ იღებდა, რაში მჭირდებაო. მაგრამ ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა  ბავშვებს უთხრა, უბრალო ფანქარი და საშლელი ამოიღეთო. გაუკვირდა ბიჭს, ნეტავ, რისთვისო. ამოიღო და მერხზე დააწყო ორივე. გამოცოცხლდა უბრალო ფანქარი, იქნებ, მეც მომეცეს საქმეო. მასწავლებელმა ბავშვებს რვეულში სწორი ხაზის გავლება დაავალა, ვერ გაავლეს, ნიკოს გავლებული ხაზი საოცრად დაკლაკნილი გამოვიდა, წაშალეთ და ახლიდან გაავლეთო, ისევ ვერ გაავლო სწორი ხაზი ბიჭმა, ახლა სახაზავი მოიშველიეთო, უთხრა მასწავლებელმა, სახაზავიც ამოიღო ჩანთიდან, უცებ გაავლო ნიკომ სახაზავის დახმარებით სწორი ხაზი, აი, სახაზავი რაში გვჭირდებაო, დაადგინა ნიკომ, სწორი ხაზების გასავლებადო, ახლა მაგიდა და სკამები დახატეთო, სულ წვალებ-წვალებით დახატა, ხან სახაზავი ეჭირა ხელში, ხან საშლელი და ხან ფანქარი, მაგრამ ისეთი ლამაზი მაგიდა და სკამები დახატა, თვითონაც გაუკვირდა, ახლა სახლი დახატეთო, უთხრა მასწავლებელმა, კმაყოფილი წამოვიდა ბიჭი სკოლიდან, ისე მოეწონა სახლების ხატვა, მამას უთხრა, არქიტექტორი უნდა გამოვიდეო. მას მერე სულ უბრალო ფანქარი უჭირავს ხელში, საშლელი და სახაზავი, ფერადმა ფანქრებმაც ხმა ჩაიკმინდეს და ზევიდან აღარ დასცქერიან უბრალო ფანქარს, ეს ჩვენზე  საჭირო ყოფილაო. თუმცა ნიკოს არც ფერადი ფანქრები ავიწყდება და ხან ცისფერ ზღვას ხატავს, ხან ოქროსფერ მზეს და ხანაც მწვანე ბალახს. ფანქრებიც კმაყოფილები არიან ყველანი ერთად, საჭირონი ვყოფილვართო.

 

                           პიესა (შემოდგომის ფოთლები) ოთხ მოქმედებად

 

                          მოქმედი პირები:

 

პირველი ფოთოლი

მეორე ფოთოლი

გოგონა

დედა

ლიზი

ნატალია

თინა მასწავლებელი

 

                           პირველი მოქმედება:

 

შემოდგომის საღამოა, ნეკერჩხლის ხეს ორი ფოთოლი შერჩენია

 

პირველი ფოთოლი:

 

მხოლოდ ორნი დავრჩით ხეზე,

ქარმა ყველა მოწყვიტა,

ზოგი აქვე მიმოფანტა,

ზოგიც გვიმზერს შორიდან.

 

მეორე ფოთოლი:

 

მართალი ხარ, ორნი დავრჩით,

ხეზე მიმაგრებული,

სხვებიც აქვე ახლო წვანან,

მიწას მიბარებულნი.

თონეში რომ ჩაცვენილან,

მაგათ რა ეშველებათ?

ბებო პურის ცხობას იწყებს

ადრე, როცა თენდება.

 

პირველი ფოთოლი:

 

არა, არა, იმ სველ ფოთლებს

ბებო, განა, დაანთებს,

მათ თონიდან რომ ამოყრის,

ერთ ჭურჭელში ათავსებს,

ეზოს გარეთ გაიტანს და

იქვე ხევებს აავსებს.

 

მეორე ფოთოლი:

 

ჩვენი ბედიც ეს ყოფილა,

ასე ბრუნავს სამყარო,

შემოდგომის დადგომისას

ადგილს ვიცვლით ათასსო:

ზოგი ხევში აღმოვჩნდებით,

ზოგიც კიდევ ბინაზე,

გუშინ გოგო სოფიკუნას

იკებანა მიართვეს.

 

 

პირველი ფოთოლი:

 

იკებანა რაღა არის?

ახლა მესმის პირველად,

ვინ მიართვა? ალბათ, ისევ,

ოთო ბიჭი იქნება!

 

მეორე ფოთოლი:

 

იკებანა ნაკრებია

ყვავილ-ფოთოლ-ტოტების,

ყვავილების ხელოვნება

იაპონელთ ეკუთვნის.

 

პირველი ფოთოლი:

 

დავიჯერო, ჩვენნაირი

გადამხმარი სჭირდებათ?

 

მეორე ფოთოლი:

 

ზოგს ნატურა უყვარს მწვანე,

ზოგი ჩვენზე გიჟდება.

არ გინახავს? ყვითელ ფოთოლს

ქალი წიგნში ათავსებს,

თვალწარმტაცი  ოქროსფერი

წლებსაც უძლებს ათასებს.

 

პირველი ფოთოლი:

 

გამოდის, რომ უკვდავება

ზოგჯერ ჩვენც კი გვეწვევა,

ხან ფერწერულ ტილოზე ვართ

ტბაში მცურავ გედებთან...

 

 

მეორე ფოთოლი:

 

ასე არის, ჩემო კარგო,

ასე არის ნამდვილად,

ხედავ, ქარმა დაუბერა,

ახლა მოგვწყვეტს ადვილად.

 

                                

მართლაც ქარმა დაუბერა, მოგლიჯა ხიდან უკანასკნელი ორი ფოთოლი, დიდხანს აფრინა

 

                           მეორე მოქმედება

 

 

დიდი ხნის ფრენის შემდეგ ქარმა ფოთლები ერთი სახლის ფანჯარაში გადაისროლა და მაგიდაზე მოათავსა. გოგონამ მაგიდაზე დაცვენილი ფოთლები აიღო, შეატრიალ-შემოატრიალა, დიდხან უყურა და მერე იქვე მდგარ დედას მიმართა:

 

გოგონა:

რა ლამაზი ფოთლებია,

ალბათ, არის ნეკერჩხლის,

პატარა ხეს ჩავდგამ ყუთში,

სამკაულად ტოტების

მივამაგრებ ამ საყვარლებს,

მაქვს ყვავილთა კონებიც.

ხომ იქნება ძალზე კარგი,

გავაცოცხლებ დროებით.

 

 

დედა:

 

მადლი არის შენი საქმე,

სილამაზე არ წახდეს,

იკებანა მეგობრებთან

ერთად ბაღში ააწყვე.

მიეჩვევით მუშაობას,

შენც ეგ საქმე გახარებს.

 

გოგონამ გვერდზე გადადო ფოთლები და სამუშაო მასალის მომზადებას შეუდგა. ფოთლები ერთმანეთს ეჩურჩულებიან

 

პირველი ფოთოლი:

 

მოვხვდით, მგონი, კარგ ადგილას,

ძლიერ მომწონს ოთახი,

ხედავ, ფეხით არ გაგვსრისეს,

არც ურნაში მიგვაგდეს.

 

მეორე ფოთოლი:

 

იმედია, ჩვენც ამ ქვეყნად

საკუთარ გზას მივაგნებთ.

 

 

                              მესამე მოქმედება

 

გოგონა დედასთან ერთად საბავშვო ბაღისკენ მიეშურება, ზურგჩანთაში უწყვია ფოთლები, ქაღალდები, ტოტები, ზოგიც ხელში უჭირავს

 

დედა:

 

ბაღში ახლა მაგ მასალით

რამე კარგი ააწყვეთ,

ყვავილების ხელოვნება

მგონი, უკვე გასწავლეს,

თუ არა და თქვენს კარგ აღმზრდელს

ყველაფერი ანახეთ.

თვითონ გირჩევთ, რა აკეთოთ,

საქმეს მოგცემთ პატარებს.

 

გოგონა:

 

აბა, აბა, არ დავსხდებით

უქმად, ასე მგონია,

მე, ლიზი  და ნატალია

ვშრომობთ რაც გვაქვს ღონეა.

 

დედას გაეცინა, ხელი მოხვია გოგონას და ბაღში აღმზრდელს ჩააბარა

 

                           მეოთხე მოქმედება

 

გოგონა:

 

ლიზი, მოდი, რა განახო!

ფოთლებია ნარნარი,

გვირილებიც წამოვიღე,

ბებოს ჰქონდა გამხმარი,

ყელში ივლებს ამის ნაყენს,

როცა სხვა გზა არ არის,

მგონი პირის სიმშრალე აქვს,

აღარ შველის წამალი.

 

 

 გოგონები ათვალიერებენ ფოთლებს, ტოტებს, გამხმარი გვირილის ყვავილებს

 

ლიზი:

 

სად იპოვე, ახლა მითხარ,

ეს ლამაზი ფოთლები?

ქუჩაში ხომ მეც გავდივარ,

პაპას ფეხით მოვყვები,

ეგეთი ხე არ მინახავს,

ესხას, როგორც ძოწები,

ლალი, ქარვა, ზურმუხტები,

რომ ვუყურებ, ვოცდები.

 

გოგონა:

 

ჩემთან სახლში შემოფრინდნენ,

მაგიდაზე დამისხდნენ,

ალბათ, უნდათ, კიდევ დიდხანს,

ვუყუროთ და ვაკვირდეთ!

 

ნატალია:

 

წამო, თინა მასწავლებელს

ვაჩვენოთ და რას გვირჩევს?

იკებანა  გავაკეთოთ, -

სუყველა რომ განცვიფრდეს.

 

გოგონები მასწავლებლისკენ მიეშურებიან, ყვავილებს და ფოთლებს აჩვენებენ, თინა მასწავლებელიც უწონებს გადაწყვტილებას

 

თინა მასწავლებელი:

 

აზრი ძლიერ კარგი არის,

ჩემო კარგო პატარებო,

სიყვარულით სავსე არის

იკებანას ხელოვნება,

ნაერთია ცის და მიწის,

ყვავილები, თითო ტოტი,

განა ტყუილად იწევს მზისკენ

ხე ბებერი, ნერგიც ნორჩი?!

 

გოგონა:

 

ჩვენ გარეშე, მე მგონია,

არ იქნება სრულყოფილი

დედამიწა, დიდი ბურთი,

ჩვენი როლი არის დიდი.

 

თინა მასწავლებელი:

 

ასე არის გოგონებო,

მოიტანეთ ცოტა მიწა,

თქვენს ხელებში არის ძალა,

მე ჩაგიდგამთ ყუთში ფიცარს,

დავამაგროთ ზედ ხის ტოტი,

გამოვასხათ ყვავილები,

ფოთლებიც ზედ დავამაგროთ,

ყველა დატკბეს მათი ცქერით.

 

თინა მასწავლებელი და გოგონები ერთად მუშაობენ. გააკეთეს შესანიშნავი იკებანა და მაგიდაზე დადგეს

 

ნატალია:

 

ოჰ, რამდენი ვიმუშავეთ,

არ მეგონა, ახლა მივხვდი,

თუ გამხმარი მასალისგან

ამდენ სილამაზეს ვქმნიდით.

 

ლიზი:

 

ამის მერე ლამაზ ფოთოლს

ავიღებ და ყუთში ჩავდებ,

მერე შევქმნი იკებანას,

ჩემს დედიკოს გავახარებ.

 

ფოთლებიც ერთმანეთს ეჩურჩულებიან

 

პირველი ფოთოლი:

 

ჩვენ ამჯერად გაგვიმართლა,

როგორც ადრე, ვსხედვართ ტოტზე,

ჩვენ გვიცქერენ, ამაყობენ,

როგორც სხვები, ვიცვლით როლებს,

დღეს ერთნი ვართ, ხვალ კი - სხვანი,

ამ ცხოვრების ვარღვევთ მორევს.

 

მეორე ფოთოლი:

 

არაფერი არის მყარი,

დღეს ნედლი ხარ, ხვალ კი - მჭკნარი,

დაფასება უნდა ყველას,

ამისთვის გვაქვს ხელოვნება.

უკვდავება არ აგვცდება,

თუ იქნება კაცის ნება.

 

ფარდა ეშვება

 

                 მოცეკვავე დედამიწა

 

 გოგონამ თვალები დააჭყიტა და პირველი, რაც დაინახა, მზის სხივები იყო, ხელებზე დასთამაშებდნენ, თითქოს ცეკვავდნენ. მოეწონა გოგონას მოცეკვავე მზის სხივები,

 - ჩემთან დარჩით, - სთხოვა.

სასწრაფოდ წამოდგა ლოგინიდან, ჩაიცვა და სამზარეულოსკენ გაეშურა, სადაც ბებია ელოდებოდა. ბებია ყოველ დილას საუზმეს უმზადებს ბელას, როცა დედიკო არ არის სახლში. მიესალმა ბებია გოგონას, თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა:

  - დაჯექი, კუდრაჭა, შენი საყვარელი ბლითები გელოდება! - უთხრა. როცა ბელა ჭამას შეუდგა, ბებიამ ბავშვს შეხედა და გაოცებისგან შეჰყვირა, მზის სხივები დასთამაშებდნენ ბელას ხელებზე, თითქოს ცეკვავდნენ. მალე მზის სხივებმა მაგიდაზე გადაინაცვლეს და იქ აცეკვდნენ, მერე ოთახსაც მოედვნენ, მზემ შემოიხედა ფანჯარაში.

  ისე ლამაზად ცეკვავდნენ, ბებიასაც მოუნდა ცეკვა, გაშალა ხელები და წრე ჩამოუარა, ბელა წამოხტა სკამიდან და ბებიას გაჰყვა, ძაღლმა პატიკომ შემოიხედა სამზარეულოში, რა ხმაურიაო, ისიც მხიარული ყეფით და ხტუნვით გაჰყვა ბებიას და შვილიშვილს. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლიც აცეკვდა, გარეთ ჩიტები აჭიკჭიკდნენ, შეუერთდნენ საყოველთაო მხიარულებას.  ცეკვავდნენ ეზოს ყვავილებიც, მათი შემხედვარე მინდორში ყვავილებიც აცეკვდნენ, პეპლებიც. ბელამ ფანჯრიდან გაიხედა და დაიძახა:

 - მოცეკვავე დედამიწა!

  მზემ თავისი სხივები კიდევ უფრო ცხოველმყოფელი გახადა, რომ მთელი დედამიწა გაეთბო, ისინიც კი, ვისაც ქვის გული ჰქონდა, რომ ყველანი შეუერთებოდნენ მოცეკვავეთ.

მაია დიაკონიძე

21.02.2024 წელი 

 

                         გაზაფხულის კაბიდან გადმოვადნილი ყვავილის  ამბავი

 

  ერთ დღეს, როცა გაზაფხულმა თავისი ჭრელი კაბით გაისეირნა ველ-მინდვრებში, ზედ ათასფერი ყვავილები ეხატა, ერთი ყვავილი კაბიდან გადმოვარდა და მიწაზე დაეცა. ატირდა ყვავილი, გაზაფხულს ეძახა, ეძახა, -  არ მიმატოვოო, მაგრამ ჭრელკაბა გაზაფხული თავისი საქმეებით იყო გართული, იქ ხეებს მოეფერა, სული შეუბერა, გაათბო, აქეთ, ბალახს გადაუქროლა შიშველი ფეხებით, გამწვანდი, გამწვანდიო, მიაძახა, მალე დატოვა ის არე-მარე და სხვა ადგილისკენ გაეშურა. მიწაზე დაცემული ყვავილი ერთხანს ასე იყო, უმოძრაოდ, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მერე ნელ-ნელა წამოიწია, თვალი მოავლო იქაურობას, გვერდზე სხვა ყვავილები დაინახა, მრავლად იყვნენ, სუყველას მისკენ მიეპყრო მზერა,  - ვინ ხარ, - ჰკითხა ყოჩივარდამ, - აქ საიდან მოსულხარო, -  დაუძახა ნაზმა იამ.-  ფესვები რომ ზემოთ აგიწევია, როგორ გინდა იარსებო. - ყვავილმა ფესვებზე დაიხედა, - უი, მართლაო, - გაიფიქრა, და იას ღიმილით უთხრა: - ეს ფესვები სულ არ მჭირდება, გაზაფხულის კაბაზე ვიყავი, იქ ვცხოვრობდი, მოვა და წამიყვანსო. -  ერთ დროს ჩვენც ასე გადმოვვარდით გაზაფხულის კაბიდან და აქ დავრჩით, მოგიწევს მიწაზე ცხოვრება, -  აკისკისდნენ ყვავილები. საღამომდე უცადა ყვავილმა გაზაფხულს, არ გამოჩენილა, ამასობაში წამოჟინჟლა კიდეც, ყვავილის ფესვები მიწაში ჩაიზარდა, მაგრამ როცა წვიმის წვეთები შეეხო ყვავილის ღეროებს და ფოთლებს, საოცარი უცნაური სურნელი დადგა. აღშფოთნენ ყვავილები, - შენ რა სუნიანი ყოფილხარ, გაიწიე ჩვენგან, არ მოგვწონხარო.  - რაღა ექნა ყვავილს, გაიწია, გაიწია, სხვა ყვავილებისგან მოშორებით დადგა,

   მეორე დილას  თავისი წითელი ყვავილები მზეს მიაფიცხა და ისე აელვარდა, როგორც ცეცხლი. მინდორში დედასთან ერთად ნია გამოსულიყო სასეირნოდ. შორიდან დაინახა ცეცხლოვანი ყვავილი, აქ არასოდეს მინახავსო, მივიდა, დააკვირდა, მოეწონა მრგვალფოთლება. ხელი რომ მოკიდა მოსაფერებლად, ყვავილმა ისევ სურნელი გამოუშვა, -  რა უცნაური სუნი აქვს, -  გაიფიქრა და დედას დაუძახა. დედასაც მოეწონა უცნაური ყვავილი, - ამ სუნს იმიტომ გამოსცემს, რომ მწერები და არაკეთილმოსურნენი დააფრთხოს,  - უთხრა ნიას. -  ჰოდა კოღოები რომ მკბენენ, წავიყვანოთ, ქოთანში ჩავრგოთ, ჩემს ოთახში დავდგამო, - დაიტიტინა პატარამ. - კარგი, ეგრე ვქნათო, -  თქვა და სიტყვა შეასრულა დედამ.

  ყვავილი ჯერ ეზოში დარგეს, ადვილად გამრავლდა, მერე ქოთნებით ოთახებში ჩამოარიგეს, სახელიც შეურჩიეს: ბ ა ლ ბ ა, მაგრამ მაშინ ყველა ბალბა წითელი იყო. თუმცა ერთ დღეს, როცა გაზაფხულმა ნიას ოთახში შეიჭყიტა, თავისი კაბის ყვავილი დაინახა, მერე დანარჩენ ოთახებსაც ეწვია, ეზოსაც, - რა ერთფეროვნებააო, -  დაიძახა და გადაწყვიტა ნიასთვის საჩუქარი გაეკეთებინა, სხვადასხვა ფერად შეღება ყვავილები. მას მერე ბალბა ათასი ფერისაა: ვარდისფერი, თეთრი, ჟოლოსფერი, ჭრელი. ადამიანებს მწერებსაც არიდებს, ამიტომ ის ქალაქი ბალბების ყვავილებით გაივსო, ზოგან კალათებით დაკიდეს, ზოგან - ქოთნებით, ბაღებიც გადაავსეს ამ საოცარი ყვავილით, ბალბების ქალაქი დაერქვა იმ ქალაქს, ნია კი ბალბას დედას ყვავილს ეძახის, რამდენი შეხედავს, სულ დედა აგონდება.

  იმ დღეს, როცა ყვავილი იპოვა ნიაკომ, ბალბების დღესასწაული იმართება. ულამაზესი ჭრელი კაბებით მორთული გოგონები ბალბის ყვავილებით სავსე კალათებით მიემართებიან მინდვრებისკენ, თან საოცარ სიმღერებს მღერიან ყვავილებზე, სიყვარულზე.

                    შენ ყვავილო სიცოცხლისა,

                    ყველამ ვიცით ბალბა გქვია

                    გეფერებით დიდ გულთმისანს,

                     მეგობარო მწველი მზისა,

                    ყველას ჯობნი ყვავილეთში,

                     შეგამჩნიეთ ცოტა გვიან.

სხვა ყვავილები გაოცებულნი უყურებენ ამ სანახაობას და ყველა ჯერზე აღშფოთებულები ჩურჩულებენ, რატომ ერგო ამ ყვავილს ასეთი პატივიო. -  თავმდაბალი რომ იყო, იმიტომო, - ეუბნება ჩუმად გაზაფხული. ბალბა მორცხვად ხრის თავს და ფიქრობს, იქნებ გაზაფხულმა ტყუილად არ გადმომაგდო კაბის კალთიდანო.

მაია დიაკონიძე

 

მზისა, მთვარისა და ჯადოსნური ნემსი

                                       (ზღაპარი)

 

             პატარა გოგონას მზისა ერქვა. მზის ამოსვლისას დაიბადა, შეხედეს თუ არა მშობლებმა, ქერათმიანს და თეთრს, მზესავით რომ ბრწყინავდა, სახელიც შესაფერისი შეურჩიეს. ზევით მზე და ქვევით ჩვენი მზისაო. ხასიათიც კარგი დაჰყვა გოგონას, დამჯერი და თვინიერი. მის დანახვაზე მზეც ხარობდა, მინდორში ყვავილები. თქვენ წარმოიდგინეთ, მწერებსაც ძალიან უყვარდათ. განსაკუთრებით ჭიამაიაები და პეპლები ეტანებოდნენ. შემოასხდებოდნენ კაბაზე და ასე დადიოდა მზისა ქალაქში მინდვრიდან წამოყოლილი მწერებით დაპენტილი სამოსით. საოცარი სანახავი იყო, ქერა ოქროსფერი კულულებით, მწვანე დიდი თვალებით და მწვანე კაბით, ბებია სულ მწვანე კაბას უკერავდა, შენს თვალებს უხდებაო.

 

    მთელი ქალაქი ხარობდა მზისას გამოჩენისას, მაგრამ ხომ იცით, ბოროტი და შურიანი ადამიანიც ბევრია. ერთ გოგონას შეშურდა მზისას სილამაზისა და გადაწყვიტა გეგმა შეედგინა, როგორ გადაეყვარებინათ გოგონა ქალაქელებს. მზისას ბებია კეთილი ფერია იყო, გოგონას კაბებს ჯადოსნური ნემსით  უკერავდა და ამბობდა:

,,მზისა, მზისა, ცაო ცისა,

დღეო ნათელ მომავლისა,

გაზარდე და ოქროდ მორთე,

ჩემი გოგო კოკროჭინა".

   პატარა შურიან გოგონას მთვარისა ერქვა. ლამაზი იყო მთვარისა, ისიც პირბადრ მთვარეს ჰგავდა. სახელიც მიტომ დაარქვეს ასეთი, მაგრამ შური ხომ იცით, პატარა უხილავი ჭიაა, შეუძვრება ადამიანს და გულს და გონებას აურევს. ღამით, როცა ყველას ეძინა, შეიპარა მთვარისა მზისას სახლში და ბებიას ჯადოსნური ნემსი მოპარა. დილით, როცა ბებია მზისასთვის კაბის კერვას უნდა შესდგომოდა, ძველი კაბა ცოტა გაცვეთილიყო, ნემსი ვეღარ იპოვა და ატირდა. და იცით რატომ, იცოდა ვინც მოიპარა, ის ხომ ყველაფერს ხედავდა. მთვარისა კი მზისას მეგობარი იყო. ეწყინა შვილიშვილის მეგობრის ღალატი. მზისას არაფერი უთხრა და სთხოვა, მთვარისა სახლში მოეყვანა სტუმრად.

  მოირბინეს გოგოებმა ნაშუადღევს. როგორც ყოველთვის, მზისას პეპლები და ჭიამაიები მოჰყვნენ, შეეცოდა ბებიას მთვარისა, ისიც ხომ მთვარის შვილიაო, იქნებ მასაც შევუკერო შესაფერისი კაბაო. გოგოებს განუცხადა, თქვენთვის ორივესთვის კაბის შეკერვა მინდოდა, მაგრამ ნემსი დავკარგეო. ვინც პირველი იპოვის, იმას პირველს შევუკერავო. მთვარისას ნემსი აივანზე ერთი კარის  ღრიჭოში დაემალა. რა თქმა უნდა, მან უფრო სწრაფად იპოვა ნემსი და ბებიას მიურბენინა. დაიწყო ბებიამ კერვა, თან იმეორებდა:

ვარსკვლავასულნო ღამისავ,

მადლი მოჰფინეთ ნათლისა,

დაეხსენ, შურო, მთვარისას,

ძალი მიეცით წყალისა!

შუქთა სხივკონებს  აფენდეს

დღისით მზის, ღამით - მთვარისას!

    თეთრი ქათქათა კაბა შეუკერა ბებიამ მთვარისას, რომ ბნელში ენათებინა, როგორც მთვარეს. მანათობელ გოგონას ღამით ციცინათელები დაჰყვებოდნენ უკან და  თეთრი პეპლები. დღისით მზისა ალამაზებდა ქალაქს, ღამით - მთვარისა. მთვარისა მიხვდა, რომ შური ადამიანის ცუდი მეგობარია. სიკეთე კი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე,

მაია დიაკონიძე

14.01.2024 წელი

 

  ერთი ლოკოკინას ამბავი

 

                   (ზღაპარი)

    დღეს ერთი ლოკოკინას ამბავი უნდა გიამბოთ. ერთ დროს ლოკოკინებს  სახლი სულაც არ დაჰქონდათ ზურგით და თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, საითაც გული გაუწევდათ, ჰერი, ბიჭო, დაიძახებდნენ და ეგ იყო. მაგრამ თავიანთ სახლში აუცილებლად ბრუნდებოდნენ.

   ლოკოკინა ერნა, ასე ერქვა ჩვენს მთავარ გმირს, დიდი ცნობისმოყვარე ვინმე გახლდათ. ხან მდინარისკენ გაისეირნებდა, ხან ტყისკენ,  ხანაც მთებისკენ გასწევდა. სიარულით გულს რომ იჯერებდა, აუცილებლად სახლში ბრუნდებოდა. სახლი მაშინ დიდი ჰქონდათ, დედაც იქ ცხოვრობდა, მამაც და  მისი და ტასუნაც. ერთ დღეს, როცა დიდი თოვლი მოვიდა, ტასუნა და ერნა სათამაშო მოედანზე წავიდნენ, ყველა მათი ტოლი აქ იკრიბებოდა. ვინ არ მოსულიყო თოვლის გუნდებით სათამაშოდ: მელაკუდა – ბრაწო, ზღარბუნია - წიკო, ბაჭია - ტატუნა. მეგობრებმა ჯერ იგუნდავეს, მერე მოლიპულ მოედანზე სრიალში გაეჯიბრნენ ერთმანეთს.წინ ტატუნა მისრიალებდა, უკან წიკო და ბრაწო მიჰყვებოდნენ, ერნა კი ყველაზე უკან მიჩანჩალებდა. ტასუნა მსაჯი გახლდათ და ხმამაღლა გაიძახოდა:

ბრაწო, წიკო, ტატუნა,

უი, რა შორს წასულან,

ვერ ეწევა ერნა,

თუმცა ცდილობს ბევრსაც.

    გაბრაზებულმა ერნამ ძალიან მოინდომა, ისრიალა, ისრიალა, ვეღარ მოზომა და თოვლის დიდ გროვაში გადავარდა ჯერ ქვევით იყურყუმალავა თოვლში, მერე წინ, მერე მარჯვნივ და ერთ დაბურულ ტყეში ამოყო თავი. მიიხედ-მოიხედა, ადგილი არ ეცნო, შესცივდა, სახლი მოენატრა, დედა და მამა, ბუხართან ჩამოვჯდებოდი, გავთბებოდიო, მაგრამ ახლო-მახლო არც კვამლი მოჩანდა, არც მისი მეგობრების ხმა ისმოდა.შეშინებულმა, რამე ცხოველმა არ შემჭამოსო, პატარა ორმო ამოთხარა, ხმელი ფოთლები წაიხურა თავზე და დაღლილმა დაიძინა.

    ბევრი ეძებეს მეგობრებმა, სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. ტასუნამ დედ-მამასაც გააგებინა ერნას დაკარგვის ამბავი, ლოკოკინების  მთელი სოფელი გამოვიდა მის საძებნელად, მაგრამ ვერსად იპოვეს.

   ამასობაში დადგა გაზაფხული. თოვლი დადნა, აწანწკარდა წყაროები, მიწიდან ყვავილებმა და მწვანე ბალახმა ამოყო თავი. ერნას სოროშიც წყალმა ჩააღწია, ტოტებზე თოვლმა დაიწყო დნობა და პირდაპირ ერნას დაეწვეთა თავზე. გამოფხიზლდა ძილისგან ლოკოკინა. ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე - მეორე, სისველემ შეაწუხა, ფოთლები გადაყარ-გადმოყარა და ზევით ამოვიდა. დაინახა, თოვლი დამდნარიყო. სასიარულო ბილიკებიც გამოჩნდა. მოათვალიერა იქაურობა. ერთ ბილიკს დაადგა კიდეც, მალე ნაცნობ მდინარესთან მივიდა, მერე გეზი სათამაშო მოედნისკენ აიღო, მეგობრები იქ დამხვდებიანო. ასეც იყო. ისინი ერთად ჩამომსხდარიყვნენ მორზე, თათები თავებზე შემოეწყოთ და იმას განიხილავდნენ, საიდან დაეწყოთ ერნას ძებნა.

       ბრაწო! წიკო! ტატუნა! – დაიძახა ერნამ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მეგობრებისკენ გაიქცა. გახარებულმა მელაკუდამ, ზღარბუნიამ და ბაჭიამ ჩაიხუტეს მეგობარი, ჰაერში იმდენჯერ შეისროლეს, ერნას თავბრუც კი დაეხვა.

    მეგობრებმა ერთად გასწიეს ერნას სახლისკენ, გახარებული მშობლები და ტასუნა სიხარულით ბუქნავდნენ და მღეროდნენ, მაგრამ აქ ერთგულმა მეგობრებმა, როცა მისი  თავგადასავალი მოისმინეს, გადაწყვიტეს:  მოდი, სახლი გავუკეთოთ, სულ თან რომ ატაროსო.

    შეუდგნენ კიდეც ბრაწო, წიკო და ტატუნა ერნასთვის სახლის შენებას, ტანზეც მოაზომეს, თავიდან ხან დიდი გამოუვიდათ, ხან პატარა, ბოლოს ისეთი გააკეთეს, მეგობარს რომ მოსწონებოდა, – ამის მერე ამით იარე, სადაც დაგიღამდება, სახლში შეძვერი, აღარ შეგცივდებაო. - უთხრეს. შეათვალიერა ერნამ თავისი ახალი სახლი და ძალიან მოეწონა.

   ლოკოკინას სახლი - ნიჟარა, ალბათ, ყველას გინახავთ, ხის მერქნის და გამხმარი ფოთლების ფერია, რომ მტერმა ადვილად ვერ შეამჩნიოს.

   მას მერე, ლოკოკინები თავიანთ სახლს თან დაატარებენ, თანაც, როცა დადიან, თეთრ ბრჭყვიალა ნაკვალევს ტოვებენ, მეგობრებმა რომ ადვილად იპოვონ.

მაია დიაკონიძე

6.02.2024 წელი         

 

                             გულგაყინულთა ქალაქი

                                                    (ზღაპარი)

  ერთ ქალაქში გულგაყინული ადამიანები ცხოვრობდნენ. სამსახურში დადიოდნენ, ჭამდნენ კიდეც, სვამდნენ, მაგრამ ყველაფერს უხალისოდ აკეთებდნენ. არავინ იღიმებოდა, სიცილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ქალაქში სულ თოვდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი თოვლით და ყინულით იყო დაფარული, ციოდა. მზის სხივი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ცის კაბადონზე, რომ ქალაქის მაცხოვრებელთა გულები გაეთბო.  მუქი ტყვიისფერი ღრუბლებით იყო შებურული ზეცა.

   ახალ წელს ამ ქალაქის მაცხოვრებლები ქალაქის შუაგულში დიდ მოედანზე დიდ თოვლის პაპას დგამდნენ, ნაძვსაც ყინულისგან ჭრიდნენ, ირმებსაც, ბაჭიებსაც. გაყინულგულიან მშობლებს ბავშვები მოჰყავდათ აქ თოვლის პაპის სანახავად, მაგრამ არავინ იღიმებოდა, ბავშვებიც გაყინულგულიანები იყვნენ.

  მთვარე ამ ქალაქში მთავარი კერპი იყო. მას შესტრფოდნენ, ის უყვარდათ. ისიც ამაყობდა, რომ მზე დაჩაგრული ჰყავდა. ღრუბლებიდან ცხვირს არ აყოფინებდა. მზემ დიდხანს ითმინა ეს ამბავი, მაგრამ მთვარის დაცინვებმა ძალიან გააბრაზა.

   ერთ დილას ღრუბლები ძალით გადასწია, თავი გამოყო და დიდ მოედანზე მდგარ თოვლის პაპას ცხვირში შეუღიტინა. თოვლის პაპა ყინულისა იყო, მაგრამ მაინც გაეცინა და დააცემინა, შეშინებულმა ყინულის ბაჭიამ ქალაქგარეთ მინდვრისკენ აიღო გეზი. ირმებმა ტყისკენ დაიწყეს ყურება. მოედანზე მოსულ ბავშვებს ბაჭია რომ არ დახვდათ, ეწყინათ და მის საძებნელად  წასვლა გადაწყვიტეს.

  ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი. იარეს, იარეს და ქალაქიდან გავიდნენ. მათ წინ მწვანე მინდორი გადაიშალა. ის ბაჭიაც აქ დარბოდა, მაგრამ ყინულისა აღარ იყო უკვე. ეძახეს, ეძახეს, ყურადღებაც არ მიაქცია, ჩაიცუცქა, ყურები გადაიწყო და მწვანე ბალახს დაუწყო წიწკნა. ბავშვებმა ზევით აიხედეს, საოცარი ყვითელი ბურთი მიდი-მოდიოდა ცაში. ეამათ მისი დანახვა, რა ლამაზიაო. თითქოს გულები გაუთბათ. გადაწყვიტეს მშობლებისთვისაც ენახებინათ მზე, გაშალეს ხელისგულები და რაც დაეტიათ მზის სხივები, მუჭებში მოიმწყვდიეს. ასე მუჭებშეკრულნი მივიდნენ ქალაქის დიდ მოედანზე, გაშალეს ხელისგულები და მზის სხივები გამოუშვეს. ყინულმა დნობა დაიწყო. მალე ატალახდა ეზოები. ჩამოდნა ყინულის ლოლოები. ქალაქი ჩვეულებრივ ქალაქს დაემსგავსა. მზემაც მოიკრიბა ძალა და ღრუბლები მიყარ-მოყარა, თავის ოქროს ტახტზე დაჯდა და ბავშვებს ცხვირებში შეუღიტინა, რამდენსაც დააცემინებდნენ, იმდენი ყვავილი იშლებოდა ქალაქელების ბაღებსა და აივნებზე. მზემ და ლამაზმა ყვავილებმა დიდების გულიც გაათბო. მალე იმ ქალაქს სახელიც შეეცვალა, აღარ ჰქვია გულგაყინულთა ქალაქი, მზის ქალაქი დაერქვა. მაგრამ იქაურები არ ივიწყებენ თავიანთ ისტორიას, ყოველ ახალ წელს დიდ მოედანზე ისევ დგას ყინულის ნაძვის ხე, თოვლის პაპა, ირმები და ბაჭია, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს თავის ადგილას და ქალაქგარეთ გარბის მინდორში სათამაშოდ.

მაია დიაკონიძე

30.01. 2024 წელი

 

ზღაპარი ცისარტყელაზე

      (რუსული ხალხური ზღაპარი), თარგმანი მაია დიაკონიძისა

    ამ სამყაროში ერთი ცისარტყელა ცხოვრობდა, ბრწყინვალე და ლამაზი. როცა ცას შავი ღრუბლები ფარავდა და დედამიწას წვიმა ეწვეოდა, ის იმალებოდა და ელოდებოდა, როდის გაიწეოდნენ ღრუბლები და როდის გამოჩნდებოდა მზის სულ პატარა სხივი. მაშინ ცისარტყელა გამოდიოდა სამალავიდან და რკალად შემოევლებოდაა ცის უსაზღვრო სივრცეს, რომ ებრწყინა თავისი ფერ-სხივებით. ასეთი ფერ-სხივი კი ცისარტყელას შვიდი ჰქონდა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ადამიანებს უხაროდათ ცისარტყელას გამოჩენა ცაზე. ბავშვები კი სიმღერებს უმღეოდნენ:

                 ცისარტყელა, ცის-სარტყელა,

                 რძე და პური გვქონდეს ყველას,

                 მზის სხივები დაგვინთე,

                 მალე გაიამინდებს.

   ცისარტყელას ძალიან უყვარდა ბავშვების ეს სიმღერები და როგორც კი გაიგონებდა, მაშინვე გამოეხმაურებოდა ხოლმე; ფერადი სხივები მხოლოდ ცაზე კი არ ჩანდა, წყალშიც ირეკლებოდა, მრავლდებოდა გზებზე გუბეებსა და წვიმის წვეთებში, ფანჯრების სველ  მინებზე.

    ყველას უყვარდა ცისარტყელა... გარდა შავი მთების ბოროტი ჯადოქრისა, რომელიც ვერ იტანდა მას მხიარული ხასიათის გამო. საშინლად ბრაზდებოდა და თვალებსაც კი ხუჭავდა, როცა ის წვიმის მერე ცაზე გამოდიოდა. გადაწყვიტა დაეღუპა და დახმარების სათხოვნელად გასწია მიწისქვეშეთის ერთი ღრმადმოხუცებული  ფერიისკენ.

  – თქვენო, უხანშიშესულობავ, როგორ მოვიშორო ეს საზიზაღარი ცისარტყელა?! ძალიან მომაბეზრა თავი მისმა მბრწყინავმა ფერადმა სხივებმა! - ჰკითხა ბოროტმა ჯადოქარმა მიწისქვეშეთის ფერიას.

   – მოპარე ერთი სხივი და ისიც მოკვდება, ცისარტყელა ცხოვრობს, როცა შვიდივე ფერი ერთადაა, ერთ ოჯახში. - თითქოს დაიჭრაჭუნა, ხრინწიანი ხმით უპასუხა  მიწისქვეშეთის ფერიამ.

    შავი მთების ბოროტ ჯადოქარს გაეხარდა ეს ამბავი.

    – ნუთუ ასეთი ადვილია მისი მოკვლა?! ახლავე წავალ და ერთ სხივს ამოვაცლი. – სიხარულით გადაიხარხარა მან.

    – ნუ ჩქარობ! - დააშოშმინა მიწისქვეშეთის ფერიამ. - ეს საქმე დილით ადრე უნდა მოაგვარო, როცა სძინავს  ცისარტყელას. მიეპარო და როგორც, ფასკუნჯს ფერადი ბუმბული, ისე უნდა ამოგლიჯო ერთ-ერთი ფერი. ხელზე გადაიხვიო და ჩრდილოეთისაკენ გაიქცე, სადაც მოკლე ზაფხულია, იშვიათია წვიმები და ჭექა-ქუხილი. – ეს თქვა დედაბერმა, მივიდა ერთ–ერთ კლდესთან, დასცხო თავისი ჯოხი და გაქრა.

   მეტი რა უნდოდა ბოროტ ჯადოქარს. იმ დროს, როცა ლამაზ ცისარტყელას განთიადზე მინდორში ყვავილთა შორის ეძინა და ფერადი სიზმრები ესიზმრებოდა, მიეპარა ბუჩქებიდან ჩუმად და შეუმჩნევლად. რა იცოდა ცისარტყელამ, რა უბედურება ელოდა. გაიწოდა თავისი ძვლიანი ხელი ბოროტმა ჯადოქარმა და ცისარტყელას შლეიფიდან ლურჯი ფერი ამოგლიჯა ისე, რომ მან დაყვირებაც ვერ მოასწრო. მერე სწრაფად გადაიხვია ხელზე და გაიქცა.

  – მგონი ვკვდები, – თქვა ცისარტყელამ და ცრემლ-წვეთებად დაიბნა მინდორზე ბალახებში.

   ბოროტი ჯადოქარი კი ხელზე გადახვეული ლურჯი სხივით შავ ყორანზე შემომჯდარი ჩრდილოეთისკენ მიექანებოდა. საშინლად ჩქარობდა, ყორანსაც აიძულებდა, სწრაფად ეფრინა, გამარჯვების ღიმილი აღბეჭდვოდა სახეზე. ვერც კი შეამჩნია, რომ წინ ჩრდილოეთის ციალის გარდამავალი სხივები აბრჭყვიალდა. აყვირდა, ეს წინ ვინ გადამეღობაო.

   ბოროტი ჯადოქრის ხელზე გადახვეულმა ლურჯმა ფერმა ჩრდილოეთის ციალის მრავალ ფერთა შორის ლურჯი ფერი შეამჩნია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შესძახა:

  – ძმაო, ლურჯო ფერო, მიშველე, დამაბრუნე ცისარტყელასთან!

    ლურჯმა ფერმა გაიგონა მოძმის ძახილი, არ დაახანა, მივიდა ბოროტ ჯადოქართან და გამოგლიჯა ხელიდან ცისარტყელას ლურჯი ფერი. მერე სწრაფ ვერცხლისფერ ღრუბლებს გადასცა. სწორედ დროზე მოხდა ეს ამბავი, თორემ ბალახებში ცრემლ-წვეთებად გაბნეული ცისარტყელას ფერები მზეზე გამოშრობას იწყებდნენ.

  – ნახვამდის! -  იძახდა ცისარტყელა, ყველას ემშვიდობებოდა, - მე უკვე ვეღარასოდეს მნახავენ ბავშვები, აღარ გამოვჩნდები მათ ძახილსა და სიმღერებზე. - კვნესოდა სასოწარკვეთილი.

   - შეჩერდი, შეჩერდი! მე დაგიბრუნდი შენი ლურჯი ფერი, – ყვიროდა ვერცხლიფერ სწრაფ ღრუბელზე ამხედრებული ლურჯი ფერი. მოულოდნელად ისკუპა კიდეც და თავის ადგილზე დაბრუნდა ცისფერ და იისფერს ფერებს შორის.

   მოხდა სასწაული. ცისარტყელა გაცოცხლდა.

    –შეხედეთ, – ყვიროდნენ გახარებული ბავშვები, როცა მოცეკვავე ცისარტყელა გამოჩნდა ცაზე, — ეს ხომ ცისარტყელაა, რამდენი ხანი ველოდით!

   –შეხედეთ, - კვირვობდნენ დიდები, –  წვიმა არ ყოფილა, ცისარტყელა კი ბრწყინავს ცაზე, ნეტავ რისი ნიშანი უნდა იყოს?! მოსავლიანობის? სიხარულის? სიკეთის...

თარგმანი მაია დიაკონიძისა.

 

აბრეშუმის ძაფი (ჩინური ლეგენდის მიხედვით)

  

   გოგონამ თითზე დაიხვია ძაფი, რომელიც ჩაის ფინჯანში ჩავარდნილი პარკიდან წარმოიქმნა, ის ნაზი და გამჭვირვალე იყო. - რა ლამაზია! - აღტაცებით წარმოთქვა და ჩაის ფინჯანი იქვე მდგარ ქალს მიაწოდა. - ეს ძაფი ისეთი ჰაეროვანია, ამით მოქსოვილი სამოსი, ალბათ, ძალიან ლამაზი იქნება, - აღტაცებით განაგრძობდა  და ხელის თითებში მოქცეულ ძაფს მზის შუქზე ათვალიერებდა. მსახურებს უბრძანა, ის ხე კარგად შეემოწმებინათ, საიდანაც თეთრი პარკი ჩამოვარდა და იმპერატორისთვის მირთმეულ ჩაის ფინჯანში ჩავარდა. უამრავი პარკი მოძებნეს და მიუტანეს. დიდხანს შესცქეროდა მათ დაბუმბლულ ზედაპირს, მერე ბრძანა, ცხელ წყალში ჩაეყარათ. პარკები თითქმის გამჭვირვალე უნაზეს ძაფებად დაიშალა. ისინი გააშრეს, ამ ძაფით კი ლეიმ, ასე ერქვა გოგონას, მეუღლე იმპერატორისთვის მოაქსოვინა ჩასაცმელი, რომელიც ათასფერად ბრწინავდა და ელვარებდა მზეზე. მიღებაზე ყვითელი იმპერატორი, ასე ერქვა მას, მეუღლის ნაჩუქარი სამოსელით გამოცხადდა. სტუმრები გაოცებული შესცქეროდნენ თეთრად მბრწყინავ იმპერატორს. მაშინ ჩინეთში იმპერატორის ჩაცმულობას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. ის ყოველთვის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ასეთი ელვარე ქსოვილი სტუმრებს ჯერ არ ენახათ. ამიტომ, როგორც ეტიკეტი მოითხოვდა, მათ ქება-დიდება შეასხეს იმპერატორს და მის მეუღლეს,  სახლში დაბრუნებულებმა კი გადაწყვიტეს, მათაც ეყიდათ ასეთივე ქსოვილი და მისით შეკერილ სამოსში გამოწყობილიყვნენ, მაგრამ მალე შეიტყვეს, რომ მისი შექმნის საიდუმლოება მხოლოდ ყვითელი იმპერატორის მეუღლემ - ლეი ცზუმ იცოდა. მაშინ გოგონა სულ თოთხმეტი წლისა იყო. გოგონას ძალიან უნდოდა იმპერატორისთვის კიდევ დაემზადებინა ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სხვა ჩასაცმელები. ერთ დღესაც მან საყვარელ ადამიანს აბრეშუმისგან შეკერილი ბალიში და საბანი გაუგზავნა, ნიშნად მისდამი სამუდამო სიყვარულისა. მაგრამ სანამ საჩუქარი მოამზადა, მანამ არ დაიზარა და დაიწყო შესწავლა იმ მწერის ცხოვრებისა, რომელიც თეთრ პარკებს ქმნიდა. აღმოაჩინა ჭია, უფრო სწორედ, მუხლუხო, რომელიც თუთის ხეზე ცხოვრობდა და მისი ფოთლებით იკვებებოდა. მან ბრძანა, ჭიები სახლის პირობებში გადაეყვანათ, ისინი შენობაში თაროებზე განათავსეს, მათთვის საჭმელიც - თუთის ფოთლები ულევად მიჰქონდათ, იმიტომ რომ მუხლუხოები ძალიან ღორმუცელები აღმოჩნდნენ. გოგონას ჭიები, რომლებიც კანს ხშირად იცვლიდნენ, ხან თეთრები იყვნენ, ხან მონაცრისფერონი, ძალიან შეუყვარდა. საათობით იჯდა მათთან და აკვირდებოდა მათ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ზოგჯერ აუტანელი ხმაური იდგა, მილიონობით  ჭია ნთქავდა მილიონობით თუთის ფოთოლს, მას არ ბეზრდებოდა მათთან ყოფნა. ჭია გარკვეული დროის შემდეგ ძაფს იხვევდა თავის გარშემო, შემდეგ კი ამ პარკებიდან პეპელა გამოფრინდებოდა. როგორც გოგონა მიხვდა, ამ დროს პარკი ზიანდებოდა და ძაფის შესაქმნელად უვარგისი ხდებოდა, ამიტომ პარკებს მანამდე ამუშავებდნენ, სანამ ის მთელი იყო. ლეი ცზუმ მრავალი წელი მოანდომა ჭიების ცხოვრების შესწავლას. ახლად შექმნილ ქსოვილს აბრეშუმი დაარქვეს, ხოლო ჭიას - აბრეშუმის ჭია. გოგონას კი მეუღლე-იმპერატორმა აბრეშუმის ქალღმერთის ტიტული მიანიჭა. მალე ჩინეთში ყველა მდიდარი ადამიანი აბრეშუმის ქსოვილის ტანსაცმელში გამოეწყო. აბრეშუმი ძალიან პოპულარული გახდა, საუკუნეების შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. აბრეშუმის გზა თორმეტი ათას კილომეტრზე გაიწელა, დაიძრა აბრეშუმის ქარავნები, თუმცა აბრეშუმის საიდუმლოება მრავალი საუკუნის მანძილზე მხოლოდ ჩინელებმა იცოდნენ, ამ საიდუმლოების გამცემი ქვეყნის კანონით სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ ჩინელებს არც არასდროს დაბადებიათ საიდუმლოების გაცემის  სურვილი, იმიტომ რომ ყოველთვის პატივს სცემდნენ პატარა გოგონას, ლეი ცზუს,რომელმაც მთელი მსოფლიო შესანიშნავი საჩუქრით - აბრეშუმის ულამაზესი ძაფით დააჯილდოვა.

 

            როგორ მოიშინაურეს გარეული ქათმები

 

   ტყის პირას ერთი ბიჭუნა ცხოვრობდა. უყვარდა ტყეში სეირნობა, ყველა ხის და ბუჩქის სახელი იცოდა. ნაწვიმარზე სოკოს მოიტანდა სახლში, შეწვავდნენ ტაფაზე, ტკაცა-ტკუცს აადენინებდნენ, მერე დასხდებოდნენ ის და დედა და მიირთმევდნენ გემრიელ და ყუათიან საკვებს, ცილებით მდიდარს. ხორცს ვერ ჭამდნენ, სახლში კაცი არა ჰყავდათ, რომ ნანადირევი მოეტანა. კენკრა და სოკო იყო მათი ძირითადი საკვები. იმ ტყეში, ბიჭის სახლთან ახლოს, ტყის ქათამი ცხოვრობდა თავისი ოჯახით, ბანკივურს რომ ეძახიან. ბიჭუნა ძალიან ცნობისმოყვარე იყო, უყვარდა ცხოველები და ფრინველები, მათი ცხოვრების წესს და ნირს თავისდაუნებურად სწავლობდა. ქათამს რომ ვამბობთ, მამალსაც ვგულისხმობთ, ჭრელსა და ლამაზს, ოქროსფერი, მწვანე, წითელი ბუმბულებით და თავზე ბიბილოთი. დედალი უფრო მოკრძალებული შეფერილობისა იყო, მომწვანო-მურა ფერებში. წიწილებიც ჰყავდათ, მაგრამ ისეთი ყვითლები კი არ იყვნენ, დღეს რომ არიან, დედას ჰგავდნენ, ისინიც მუქები,  იმიტომ რომ ტყეში, მიწაზე, არავის შეემჩნია და არ მოეტაცა, მტერი, მოგეხსენებათ, ქათმებს ბევრი ჰყავს. ბიჭუნა შორიდან უთვალთვალებდა პატარა წიწილებს, მოსწონდა მათი თამაში დედასთან. მოსაღამოებულზე ოჯახი ხის ფოთლებისგან გაკეთებულ საბუდარში იძინებდა.ეს ამბავი ინდოეთში იყო, იქ კი ხშირად წვიმს, რის გამოც საბუდარი ძალიან მყარი უნდა ყოფილიყო, წვიმას რომ არ დაენგრია. მამალი ხეზე წამოსკუპტებოდა, ფხიზლობდა, რომ მტერს მისი ოჯახი არ აეწიოკებინა. ერთ დღეს ბიჭუნამ კვლავ გასწია იმ ადგილისაკენ, სადაც ბანკივური ქათმების ოჯახი ეგულებოდა, ახლომახლოებში სოკოს აგროვებდა. წინა ღამეს საშინელი წვიმა მოვიდა, მანამდე კი ქარიშხალს გადაევლო ტყისთვის. გზადაგზა დალეწილი ხეები ხვდებოდა. ქათმების ოჯახი ვეღარსად ნახა, შორიახლო ჩასაფრდა, შეშინებულები იქნებ სადმე იმალებიან და დავინახოო. გუმანმა არ უმტყუნა, დედა შვილებით გამოვიდა გადატეხილი ხის ძირიდან, მამალი არსად ჩანდა, უცებ კრიახი შემოესმა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ბიჭუნას გულმა ვეღარ გაუძლო და იმ ადგილისაკენ დაიძრა, საიდანაც ხმაური მოდიოდა. მამალი ტოტებს შორის გახლართულიყო, ცალი გვერდი დაჟეჟილი და დამტვრეული ჰქონდა, სიარულს და ფრენას ვერ შესძლებდა. ბიჭმა დაჭრილი ფრინველი სახლში წამოიყვანა. დედალი შორიახლო მოსდევდა ბიჭუნას და კაკანებდა, თითქოს სთხოვდა, გადაარჩინეო. იმ დღიდან ბიჭუნა მამალს უვლიდა, დედალთან და წიწილებთან კი ხორბალი მიჰქონდა,  მას და დედას, სახლთან ახლოს, პატარა ყანა ჰქონდათ დათესილი. ქათმებს ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მამალს მალე ფეხზე დავაყენებო. ისინიც მალე შეეჩვიენენ მზრუნველს. მამალი გამოკეთდა, მაგრამ ფრენა აღარ შეეძლო, სიარულიც უჭირდა, ამიტომ ბიჭის ეზოში დარჩა საცხოვრებლად. შეშინებული დედალი ადგილს ვეღარ პოულობდა, ეშინოდა მტერს მისი შვილები არ წაეყვანა. მამალი დილ-დილაობით ძველებურად შემოსძახებდა თავის ყიყლიყოს, თუმცა ხეზე კი აღარ იჯდა, ეზოში დაგდებულ კუნძზე წამოსკუპტებოდა, ბიჭუნას  და დედამისს აღვიძებდა, სამუშაოდ იწვევდა, თან ცალ თვალს ტყისკენ გააპარებდა, ნეტავ, ჩემიანებს თუ ესმით ჩემი ხმაო. ერთ დილას ეზოში გასულმა დედამ ბიჭს დაუძახა, ნახე ვინები მოვიდნენო, ბიჭმა ფანჯრიდან გაიხედა, მათ ეზოს დედალი მოსდგომოდა წიწილებით. გახარებულმა დედა-შვილმა ისეთი საბუდარი მოუწყვეს ქათამს, დელგმას და წვიმას რომ არ დაენგრია, საჭმელიც არასოდეს მოკლებია ქათმებს, სამაგიეროდ, თავიანთ გადამრჩენებს გემრიელი კვერცხით უმასპინძლდებოდნენ. ეს ამბავი დაახლოებით სამი ათასი წლის წინ მოხდა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მოშინაურებულმა ქათმებმა შეფერილობაც შეიცვალეს, დედლები უფრო ღია ფერისანი გახდნენ, თუმცა მათ შორის შავი ქათამიც გამოერევა ხოლმე, გენები ხომ უკვალოდ არ ქრება. წიწილები კი - ძირითადად, ყვითლები არიან, დედამ რომ კარგად დაინახოს და არსად დაეკარგოს, ადამიანის თვალისთვისაც ადვილი აღსაქმელი იყოს, ისიც ხომ მათი მცველი და ქომაგია.

 

                                   პალმის გრიფი

 

    პლინიუს უფროსი, რომელიც რომაელი მწერალი და ბუნებისმეტყველი იყო და ჩვ. წ. აღ.-ით პირველ საუკუნეში მოღვაწეობდა,  თავის წიგნში "ბუნების ისტორია" წერდა,  რომ არწივი ისეთი ფრინველია, რომ მზესაც კი უსწორებს თვალს და თუ პატარა ბარტყი ამას ვერ გააკეთებს ანუ ვერ შეძლებს, ის აუცილებლად დასაღუპავად არის განწირული, რადგან დედა ყოველ მიზეზ გარეშე გადააგდებს მას ბუდიდან. არავინ იცის, ასე მოხდა თუ არა, მაგრამ  ჩვენი გმირი - არწივის პატარა ბარტყი ანუ მართვე ძირს ჩამოვარდა და გაოგნებული შეაჩერდა ხეს, რომლის ძირშიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის ფრენის შემდეგ აღმოჩნდა.  შეშინებულმა გაასავსავა თავისი პატარა ფრთები და ფიქრი დაიწყო, სიკვდილზე კი არა, როგორც ყველა სხვა გადმოგდებული ბარტყი იფიქრებდა, არამედ სიცოცხლეზე, რადგან ძალიან უყვარდა იგი. არწივს რომ კარგი მზერა აქვს, ყველამ ვიცით და მართვემაც, გრი დავარქვათ, იქით-აქეთ მიმოიხედა. მართალია ისეთი კარგი მზერა არ ჰქონდა, როგორც დიდ არწივს, მაგრამ მაინც არწივი იყო და როგორც ყველა არწივი, ისიც ხუთ ძირითად ფერს ხედავდა, ჩვენგან განსხვავებით, რადგან ჩვენ, ადამიანები, მხოლოდ სამ ძირითად ფერს: წითელს, ლურჯს და ყვითელს აღვიქვამთ. მაღლა აიხედა და ხეს შეაჩერდა, რომელიც უზარმაზარი მწვანე ხასხასა ფოთლებით იყო შემკული. ასეთი ფერი არასოდეს ენახა, ბუდეში ხომ მხოლოდ ცას ხედავდა, მზეს, რომელსაც თვალს ვერასოდეს უსწორებდა, მთვარეს და დედას, რომლის ფერებიც ყველაზე ძალიან მოსწონდა და თავის და-ძმებს, რომლებიც დედას ძალიან ჰგავდნენ, ცოტა უფრო ბაცი ფერისანი. ხის კენწორეზე მცოცავი მუხლუხოები და ჭიანჭველებიც კი დაინახა. მუხლუხოების შეჭმა მოუნდა, იმიტომ რომ ძალიან ჰგავდნენ დედას მოწოდებულ საჭმელს, მაგრამ აბა, იქ როგორ აფრინდებოდა, ფრენა ხომ ჯერ  კიდევ არ იცოდა. დედაც არსად ჩანდა, რომ გამასპინძლებოდა. აყვირდა გრი, კი არ აჭყიპინდა, იმიტომ რომ არწივები არ ჭყიპინებენ სხვა უსუსური ბარტყებივით, იქნებ ვინმემ მიშველოსო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მშველელი არა და არ ჩანდა.მუცელიც უბჟუოდა შიმშილისაგან. შესცივდა კიდეც, დედასთან დაძინება მოუნდა, მის ბუმბულქვეშ. გაიხედ-გამოიხედა და გვერდზე რაღაცა კვერცხის ფორმის საგანი დაინახა. ჩაუნისკარტა. პატარა კი იყო, მაგრამ ნისკარტი მაინც ძლიერი ჰქონდა, აბა ისე რა არწივი იქნებოდა. ქერქი გაიხსნა და იქიდან ზეთისხილის რბილობი გამოჩნდა. დედას მოწოდებული საჭმელი გაახსენდა, ისიც ხომ დაქუცმაცებული და დარბილებული იყო ხოლმე, ჯერ ერთი ნაჭერი გადაყლაპა, მერე - მეორე. მშიერს მოეწონა, კუჭი ამოივსო და იქვე მიიძინა. მეორე დღესაც ხის ნაყოფი მიირთვა, მესამესაც. მწიფე ნაყოფი ხშირად ცვიოდა ძირს.   ასე გადიოდა დღეები, ბარტყი წამოიზარდა, ახლომახლოებში გაისეირნა კიდეც, იქვე  წყალსაცავი აღმოაჩინა, თევზიც დაიჭირა და გადაყლაპა, ესიამოვნა, ეს რა კარგ ადგილზე მოვხვდიო, - გაიფიქრა. მოეწონა, თავის გადამრჩენელ ხესაც სიყვარულით გადახედა. ეს ხე პალმა რაფია იყო, მისი ნაყოფი უგემრიელესი ხილია, თავისებური არომატით და ვიტამინებით მდიდარი. ნელ-ნელა შეეჩვია გრი თავის ახალ სამყოფელს. აბა, სხვა გზა არ ჰქონდა და რა ექნა, მას ხომ სიცოცხლე ძალიან უყვარდა, თუმცა დედა, მამა და  და- ძმები ენატრებოდა.

        ერთ დღესაც ხის ქვეშ მჯდარს ყვირილი და კვნესა შემოესმა. "ფი, "ფი" - გაიძახოდა ვიღაცა. მიირბინა და არწივის მართვე დაინახა. ამასაც ჩემი ბედი სწევიაო, - გაიფიქრა. გაეხარდა, მეგობარი მეყოლებაო. დედასავით პალმის ნაყოფით კვებავდა, ფი დაარქვა. ცოტა ხანში უკვე ერთად დადიოდნენ წყალსაცავზე, გრი ფისთვის თევზს იჭერდა, ბაყაყებს, ჭიებიც მოსწონდათ, ახალ ცხოვრებას ეჩვეოდა ფიც. მართალია ახლომახლო არც ბატკანი იყო და არც კურდღელი, რომ დაეჭირათ და შეეჭამათ, როგორც სხვა არწივებს, მაგრამ რაც ჰქონდათ, იმითაც კმაყოფილები იყვნენ. მაინც არწივები იყვნენ და ფრენა მალე ისწავლეს, პალმებს ათვალიერებდნენ, საკვები რომ არ გამოლეოდათ, მისი ტკბილი ზეთოვანი ნაყოფი ძალიან მოსწონდათ. თევზებზე ნადირობაც ისწავლეს, ხან ერთი დაეშვებოდა ტყვიასავით წყალში და ხან მეორე, მერე დასხდებოდნენ და ნადავლს გემრიელად მიირთმევდნენ. ბუდეც გაიკეთეს, მაგრამ არა პალმის ხეზე, არამედ - ბაობაბზე, რომელიც დიდი ხანი არ იყო, რაც აღმოაჩინეს. მოეწონათ უზარმაზარი ხე, დატოტილი. ამ ხეზე მათი ბუდე მტრისთვის ხომ ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა! რამდენიმე წელი გავიდა და ბუდეში ბარტყი გამოიჩეკა. ოჰ, როგორ უყვარდათ დედას და მამას თავიანთი პატარა! არც იმას სთხოვდნენ, გინდა თუ არა მზეს გაუსწორე თვალიო, იმიტომ რომ მასაც ისევე არ შეეძლო მზისთვის თვალის გასწორება, როგორც მის მშობლებს, თუმცა მზე მათსავით ძალიან უყვარდა. შეფერილობაც განსხვავებული მიეცა ბარტყს, ის თითქმის მთლიანად შავ-თეთრი იყო, თუმცა არწივი რომ იყო, მაინც ემჩნეოდა. მშობლებმა თავისი სახელები შეაერთეს და შვილს გრიფი შეარქვეს, ადამიანებმა კი, რომლებმაც ის ერთხელ სრულიად შემთხვევით მათ მიერ აშენებული პალმების პლანტაციების თავზე მფრინავი დაინახეს, პალმის გრიფი უწოდეს. ასე გაჩნდა არწივი, რომელიც ძირითადად პალმების ზეთისხილოვანი ნაყოფით და სხვა მცენარეებით იკვებება. მისი საკვების რაციონის დანაჩენი 35 პროცენტი კი წვრილი თევზი, ამფიბიები და ჭიებია, მაგრამ პატარა ზომის არ გეგონოთ პალმის გრიფები, მათი გაშლილი ფრთების ზომა მეტრანახევარს აღწევს და  ისინი ძირითადად აფრიკაში ცხოვრობენ.

 

                               სტუმარი

 

  პატარა ბიჭი გულამომჯდარი ტიროდა ეზოს შუაგულში, გვერდზე გოგონა ედგა, მის დაწყნარებას ცდილობდა, იქვე დამტვრეულ ველოსიპედს დაეჭირა ადგილი, წითელი ფარები მზეზე ბრჭყვინავდა და ანათებდა, ველოსიპედი გვერდზე დახრილიყო, უცნაურად ეჭირა თავი, საჭე მოღრეცოდა, ბორბლებიც არ იყო კარგ დღეში. თითქოს არაფერს შეეძლო გულამოსკვნით მტირალისთვის თვალებიდან მოდენილი ნაკადის შეჩერება, არაფერს, ისეთი იყო მისი გულისწუხილი და კვნესა. უფროს ბიჭებს წაეყვანათ ველოსიპედი, დაემტვრიათ და უკან ისე მოეტანათ. ამ დროს მიმდებარე  ქუჩიდან მოხუცი შემოვიდა, თეთრი თმები და წვერ-ულვაში უმშვენებდა თავს, ხელჯოხი ეჭირა. უცაბედად და-ძმას შეეხმიანა: - ბავშვებო, ცუდად ვარ, წყალი მომიტანეთო! - ბიჭუნამ მაშინვე შეწყვიტა  ტირილი და კაცს შეაცქერდა, ჯადოქარი ხომ არ არისო! რატომღაც ასე გაიფიქრა, დას ხელი ჩაჰკიდა და წლის მოსატანად სახლში გაიქცა. ცოტა ხანში სავსე წყლის ჭიქით ხელში გამოჩნდა, მოხუცს წყალი მიურბენინა. დალია წყალი სტუმარმა, ბიჭს მადლობა გადაუხადა, აიღი ხელჯოხი და ეზოდან გავიდა. ბიჭს ისევ ტირილის დაწყებას აპირებდა, გაახსენდა თავისი ველოსიპედი, შეხედა, მაგრამ რას ხედავს, მთელია და ბრჭყვიალ-ბრდღვიალი გააქვს, მისი ნიკელის ტანი ბზინავს და ლაპლაპებს, დგას ცხენივით და პატრონს, -  მომახტი ზუგზე, გაგაქროლებო,  - ეუბნება. დაბნეულმა ბიჭმა მოხუცის კვალს თვალი გააყოლა, - მართლა ჯადოქარი ყოფილაო, -  გაიფიქრა.

                                  

                                                                               მანანა

 

    ველზე ლურჯი ია ამოსულიყო და მიწას თვალებში ცრემლებივით უკამკამებდა. გადმოხედა მზემ დედამიწას, რაზედ ტირიხარო, - ჰკითხა. - არ ვტირივარ, შენი ჭირიმე, - შესძახა დედამიწამ თავის მაცოცხლებელს, - აბა, ცრემლები რად გადგას თვალზეო, - ისევ ჩაეკითხა მზე. - ეს, ჩემო ბატონო, ცრემლები კია არა, პატარა იებია, ახლა ამოყვეს თავი ჩემი გამთბარი გულიდან ყველას გასახარად. მალე პატარა მანანა გაიღვიძებს და სანახავად მოვაო. გაიცინა მზემ. პატარა გოგო მანანას ისიც იცნობდა, მცენარეების და ცხოველების ქომაგს. ამას წინათ მინდვრის თაგვი ლელა დაკარგულიყო. ტიროდნენ წრუწუნები, დედა დავკარგეთო. გაიგო ეს ამბავი მანანამ, მოიარა ახლომახლო მინდვრები, კაკანათში გაბმული იპოვა, ვიღაცას ჩიტისთვის დაეგო. გაათავისუფლა, ამასაც უნდა ცხოვრება, პატარები სახლში ელიანო. მას მერე თაგვი ლელა და მანანა დამეგობრდნენ. დილაობით, როცა კარგი ამინდია, მინდორში სათამაშოდ გამოდის გოგონა, თან გამხმარი პურის ნატეხიც მოაქვს ლელასთვის. ახრამუნებს თაგვი მოსაკითხს, თვითონ კი ყვავილებს და პეპლებს ეთამაშება, წითელი კაბა აცვია, ყაყაჩოსფერი, პეპლებს რომ მოეწონოთ. ასხდებიან ხელისგულზე პეპლები, ისიც მათთან ერთად ტრიალებს, ტრიალებს, იცინის და ამბობს: ყველაფერი ბრუნავსო: ხეები, მინდვრები, მთები, ცა. სკოლაში უკვე ისწავლა, რომ დედამიწა ბურთივით მრგვალია და მზის გარშემო ტრიალებს. ერთ დღეს გადაწყვიტა კიდეც, შეემოწმებინა ასე იყო თუ არა,  უნდა ევლოთ, ევლოთ მას და მინდვრის თაგვ ლელას, დედამიწისთვის შემოევლოთ და ისევ აქ, ამ მინდორში, თავის სახლთან ახლოს დაბრუნებულიყვნენ.  დაადგნენ გზას, მაგრამ დიდი ხნის სიარულის შემდეგ დაიღალნენ, მოშივდათ, სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი სხვა დროს ჩავატაროთო. ლელას სოროში თავისი წრუწუნები ელოდებოდნენ, ამდენი ხანი თუ უნდოდა იმის შემოწმებას, რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს, არ ეგონა. მისი აზრით, დედამიწა ის ორი-სამი მინდორია, სადაც დასუნსულებს ხოლმე საკვების მოსაპოვებლად, ერთ დღე-ღამეში შემოუვლის ხოლმე იქაურობას, თუმცა საშოვარზე წასვლა მაინც ღამით ურჩევნია, გარშემო სიწყნარე როცა არის, მანქანა არ გადაუვლის მოსავლის აღების დროს და კაცი ფეხს არ დააბიჯებს, მაგრამ არც ღამე არის უსაფრთხო, ბუ და ჭოტი მასზე ნადირობს.

       იმ ერთ მშვენიერ დღეს, როცა იები აკამკამდნენ მინდორში ტყის პირას, მანანა მართლაც გამოვიდა მათ სანახავად, მიესიყვარულა, მეც მინდა თქენსავით ლურჯი თვალებიო, - უთხრა. იებმაც სიყვარულით შეხედეს ბუნების ქომაგს, გადაწყვიტეს გოგონასთვის საჩუქარი გაეკეთებინათ. სთხოვეს, დილის ნამმა ძალიან დაგვასველა, ჭურჭელი მოიტანე და წვეთები მოკრიფეო. ასეც ქნა გოგონამ, სახლიდან ჯამი გამოიტანა და ყვავილების ფოთლებიდან ნამი ჩამოწურა, რომელიც მზის სხივებში ათასფრად ელვარებდა. რა საოცარი სითხეაო, - გაიფიქრა. ყვავილებმა დაუბარეს, დილაობით ამით დაიბანე ხოლმე პირიო. შეასრულა იების დანაბარები. ტრადიციად ექცა, მხოლოდ ყვავილების ფოთლების ჩამონაწურიდან იბანდა ხელ-პირს. იზრდებოდა და ლამაზდებოდა გოგონა, მზესავით ანათებდა მისი სახე, ხელები კი ოქროსი ჰქონდა, ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა. მის თვალებში მოხვედრილი ნამი კი ლურჯად აკიაფდა. როგორც მიხვდით, იებმა თავისი სილამაზით დააჯილდოვეს. ასეთი რამ კი ყველას არ ემართება, მხოლოდ - კეთილისმქნელთ.

Apr 2, 2019                                                                                                                                                                                        

 

                            ლურჯი ბუშტი (ზღაპარი)

  

   ცაში პატარა  ლურჯი ბუშტი მიფრინავდა, სწორედ ის, სოფო-გოგომ რომ გაუშვა ბებიასთან, მასთან მივა და გაეხარდებაო. წითელი და ყვითელი თავისთვის დაიტოვა, დედასთვის უნდა მიეტანა (დედასაც ძალიან უყვარს ბუშტები, ერთად ითამაშებდნენ). ყველა ბუშტი მამამ უყიდა ერთ მაღაზიაში, რომელსაც "სურვილების კიდობანი" ჰქვია. იქ მოხუცი კაცია გამყიდველი, რომელიც სოფოს ძალიან, ძალიან მოსწონს, რადგან ყოველთვის იღიმება და კამფეტებს ჩუქნის, თანაც ჩვეულებრივს კი არა,  თეთრს წითელი ზოლებით,  ბებია რომ ჩუქნიდა, სწორედ ისეთებს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მამას დაემშვიდობა და სახლისაკენ მოჰკურცხლა. შორი მანძილი არ ჰქონდა გასავლელი, უყვარდა ამ გზაზე მარტო სიარული, გზისპირას მდგომ ალვებს ესაუბრებოდა, რა მაღლები ხართო, ძალიან მოსწონდა ისინი, მაგრამ ახლა გზაზე ჩრდილი შენიშნა, ვიღაცის ჩრდილი, უზარმაზარი, მის პატრონს კი ვერ ხედავდა, ჩრდილი ძალიან გრძელი იყო, დასასრული არ ჰქონდა, გოგონა ცდილობდა გზა განეგრძო, მაგრამ ის ავისმომასწავებლად გაწოლილიყო მის წინ, თითქოს ემუქრებოდა. შეშინებულმა გოგონამ უკან მიიიხედა, ავდარი მოჰყვებოდა, ღრუბლების ჩრდილიაო, გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა. - ჩქარა წადი სახლში! - ეძახოდნენ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტუნები, - ჩქარა წადიო! - ეძახოდნენ ბაჭიები და ციყვები, თვითონაც რომ თავშესაფარს ეძებდნენ. გაიქცა გოგონაც, მაგრამ დაეწია ქარბორბალა, დაატრიალა თავის ბუშტებიანად და შორს, შორს წაიყვანა. როცა გონს მოვიდა, ცა დაინახა, ლურჯი ცა, მიწაზე იწვა, მიიხედ-მოიხედა, სულ მარტო იყო, მომჩვარული, გახეთქილი ბუშტებიც მის ხელთან ეყარა. გული დასწყდა, დედას ვეღარ გავახარებო, მაგრამ მალე ახალი სადარდებელი გაუჩნდა, სახლში როგორ დაბრუნებულიყო, არ იცოდა. ქარიშხალს გადაევლო, მზე ათასფერად ანათებდა ნაწვიმარ ველს. სველი  და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეხამუშა, დედას ეწყინება, ასე რომ დამინახავსო. გონს მოგება ვერ მოასწრო, რომ ლურჯი ბუშტი დაინახა, ბებიასთან რომ გაგზავნა ზეცაში. გამოეკიდა, იქნებ დავიჭიროო, ბუშტი ხან ქვევით ეშვებოდა, - აი, ახლა მოვეჭიდებიო, -  ფიქრობდა სოფო, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ ბუშტი ისევ ზევით მიიწევდა. მისდევდა სოფო-გოგო ბუშტს, მისდევდა, ოფლში გაიწურა, მოულოდნელად თავისი სახლის წინ აღმოჩნდა. გახარებულს ბუშტი სულ გადაავიწყდა. კარებზე დააკაკუნა, დედა გამოეგება, გეძებდი, სად დაიკარგეო, გულში ჩაიხუტა გოგონა. დედის ხელებში მოქცეულმა ცალი თვალი  ბუშტისკენ გააპარა, ის უკვე ზევით ასულიყო. მოეჩვენა, რომ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა. მალე თვალსაც მიეფარა, - ალბათ ბებიასთან ეჩქარება, - გაიფიქრა გოგონამ.

მაია დიაკონიძე

6. 11. 2017წელი

 

                                      

    

              

No comments:

Post a Comment