Wednesday, April 16, 2025

საპნის ბუშტები, ზღაპარი (შემოკლებული ვარიანტი)

 

 

                                                     ყველაფერი ზღაპრებიდან იწყება

                                            საპნის ბუშტები

 

         ერთ დღეს ქალაქში კაცი შემოვიდა დიდი ჩანთით ხელში. შუა მოედანზე პატარა ხალიჩა გაშალა, ზედ თავისი ჩანთა დადო, ამოიღო იქიდან სითხით სავსე ჭურჭელი და ჩხირი, რომელიც ჭურჭელში ჩაუშვა და... ჰოი, საოცრებავ! უცნაური ბუშტები აცურდა ცაში, მაშინ არავინ იცოდა, საიდან ჩნდებოდა ეს სიფრიფანა ბურთულები. პატარები სტუმარს შემოეხვივნენ, გაოგნებული შესცქეროდნენ გამჭვირვალე, მზეზე ათასფრად მოელვარე ბუშტებს, რომლებიც იბერებონენ, იბერებოდნენ, ჩხირს სწყდებოდნენ და ცაში მიფრინავდნენ. მერე კი სადღაც, სულ ზემოთ სკდებოდნენ.

         - ეს ფიქრის ბუშტებია, ისინი იდეებით სავსეა. როცა სკდებიან, მათგან იდეები იფრქვევა. - უხსნიდა კაცი ბავშვებს.

           ამ ქალაქს პომპეი ერქვა. ბავშვები დედებთან გარბოდნენ და საოცარი ბუშტების სანახავად მიჰყავდათ. ქალებს ახსენდებოდათ, რომ როცა რაიმეს რეცხავდნენ და საპონი აქაფდებოდა, სწორედ ასეთი ბუშტები წარმოიქმნებოდა, ოღონდ უფრო პატარა. სახლში დაბრუნებულები თავიანთ ბიჭუნებსა  და გოგონებს სარეცხის ქაფს აჩვენებდნენ, თან ახლომახლო მინდვრებიდან მოტანილ ბალახის ჩხირებსაც აწვდიდნენ, სანამ ჩვენ ვსაქმიანობთ, თქვენ ცოტა გაერთეთო. ბავშვებიც თავიანთ სახლებში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, ცდილობდნენ, საპნის ქაფიდან ჰაეროვანი, ლამაზი ბუშტები გაებერათ, თან ფიქრობდნენ, ნეტავ ეს იდეები რაღა არისო? როცა  ბუშტები სკდებოდა, ცდილობდნენ იდეები დაეჭირათ, თუმცა ვერ პოულობდნენ.

        რაც კაცმა ქალაქი დატოვა, მას მერე ხშირად ნახავდით საპნის  ბუშტების ბერვით გართულ ბავშვებს. ბუშტების სილამაზით შთაგონებული მხატვრი მამები  შვილების ამ გასართობს  კედლებზე ხატავდნენ. ეს ნახატები დღემდე შემოინახა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ქალაქის კედლებმა.

    ახლა სხვა ქალაქსა თუ სოფელში მიდიოდა კაცი და ყველგან თავისი ფიქრის ბუშტები მიჰქონდა. ჩინეთის პატარა თუ დიდ დასახლებებში მისი წასვლის მერე იგივე მეორდებოდა: უფროსები ბავშვებს ამ საქმისთვის თიხის ჩხირებსაც კი უმზადებდნენ. მამებს ახლა ფურცლებზე გადაჰქონდათ ამ საბავშვო თამაშობის სცენები. იბერებოდა ბუშტები, სკდებოდა, იქმნებოდა იდეები... როგორ იქნა, ყველა მიხვდა, რომ იდეა ახალი აზრია, რომელსაც კაცობრიობა განვითარებისაკენ მიჰყავს.

           მარტო პატარებს კი არა, დიდებსაც ძალიან მოსწონდათ საპნის ბუშტების ბერვა. ასეთი ბუშტების მოყვარულმა ერთმა  ბიჭუნამ, ჩარლზ ბოისმა, რომელიც შემდეგ ფიზიკოსი გახდა, თითქმის ასი წლის წინათ დაწერა წიგნი - "საპნის ბუშტები", რომელშიც დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ წარმოიქმნება ისინი და რა თვისებები აქვს.

         კაცმა ერთხელ გერმანიის ქალაქ ულმშიც შეიარა, სადაც ამ დროს პატარა ბიჭი ცხოვრობდა, სახელად ალბერტი. ალბერტს განსაკუთრებით მოეწონა და შეუყვარდა საპნის ბუშტებთან თამაში  – ბუშტებით სავსე აბაზანაში მოჭყუმპალავე სულ ახალ და ახალ იდეებს ეზიარებოდა. შემდგომში მან ბევრი აღმოჩენაც გააკეთა მათი დახმარებით. თამაშში მას ავიწყდებოდა დრო, თავის სამყაროში ცხოვრობდა, რომელიც რეალურისგან განსხვავდებოდა.  საპნის ბუშტების მოყვარული ეს ბიჭუნა შემდგომში ცნობილი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი გახდა.

         დრო გადიოდა, დიდები ცდილობდნენ, გაეხარებინათ თავიანთი პატარები, უნდოდათ საპნის ბუშტების  ისეთი სითხე მიეღოთ, რომელიც დიდ, ლამაზ, გამძლე ბუშტებს გამოუშვებდა.  ასეთი სითხე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შექმნეს  ინგლისში, საპნის ქაფს გლიცერინი ჩაუმატეს, უბრალო წყალი კი გამოხდილით შეცვალეს. მე-20 საუკუნის ბოლოს საპნის ბუშტებს საღებავები შეურიეს და შეფერილობაც მისცეს – წითელი, ლურჯი, მწვანე. ცისარტყელას ფერებში შეღებილი საპნის ბუშტები ხშირად გვინახავს პატარებისთვის მოწყობილ ზეიმებზე. დღესაც  საოცარი სილამაზით დაფრინავენ ისინი და იდეებით გვამარაგებენ. შორეული წარსულიდან კი, ახალი იდეების მოლოდინში, ისევ გვიღიმის კაცი, რომელმაც მსოფლიოს საპნის ბუშტები აჩუქა.

No comments:

Post a Comment