Sunday, April 20, 2025

არაგვს!

 არაგვს!

სულ ვუსმენდი შენი გულის ხმაურს
და დარაჯად დღე და ღამე გედექ,
შევხაროდი ჩქერთა აურზაურს, -
მაგ ტალღების შეხლას ქვებთან მედეგს.
ვაყურადებ, არაფერი მესმის,
სხვაგან მიაქვს ქარს ხმაური ზვირთის,
ეს ცხოვრება არაყივით შევსვი,
ეს დროც ისე უმოწყალოდ მირბის.
გადმოვყრიდი შენს ტალღებში ყვავილს,
მერე თუნდაც შორს, შორს გაგეტაცე,
იქნებოდა შენთან ჩემი სახლი,
გზას ვნახავდი სულის საფრენს ცაზე.
სულის საოხს ბევრს აძლევდი, აძლევ,
შენზე ბევრი მეც სხვასავით ვწერე,
შენი ვალი მაინც გულზე მაძევს,
მზის სხივებად მოვალ მე შენს შემწედ.
მთის ქალივით ჩამოვივლი კლდეებს,
- აქ რა დაგრჩა? - მეტყვი - ბარის ქალო!
ავაშენებ სულ პატარა ეკვდერს
და ვილოცებ: - სულ იდინე, წყალო!
მაია დიაკონიძე
20.04.2025 წელი

No comments:

Post a Comment