Thursday, April 17, 2025

არაგვს! (სატრფიალო), ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

არაგვს!
დამწუხრებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
ვაჟა-ფშაველა
ჩემთვის იყავი თითქოს არავინ
და თან იყავი ჩემთვის რამდენი,
ჩამოდიოდი თეთრი არაგვი,
მატკბობდა შენი შემოგარენი.
თავს ჩავიხრჩობდი შენს ლაღ ტალღებში,
ოღონდ ალერსი ჩემთან გეცადა,
დუმილი დამხვდა მე შენს თვალებში,
მტკვარივით ვეღარ მოველ მცხეთასთან.
შენს თითო კენჭსაც ვეთაყვანები,
მოვდივარ, ვკოცნი, ხელით ვეხები,
ამწვანდებიან როცა ყანები,
ჩამოწველიან ნისლებს დევები...
ხელებში ღრუბლებს ათამაშებენ,
შენ გარშემო რომ გორები წვანან,
ჩემი ოცნების სახლს ავაშენებ,
ვაჟიკას ფეხი დაიდგა სადაც.
მაია დიაკონიძე
17.04.2025 წელი


ამირან გოდერძიშვილი
კითხულობ ამ ულამაზეს ლექსს და, გინდა თუ არა, პოეტის გვერდით შენც მისეირნობ არაგვის სანაპიროზე და სტკბები არაგვის ატეხილი ჭალებითა და მის სანაპიროზე ცად ატყორცნილი გოროზი მთების ცქერით!!!!
დადიხარ გახარებული და აღფრთოვანებული იმ შეგრძნებით, რომ იცი, ამ მიდამოებში მოხეტიალე ბარათაშვილის გულიდან ამომზევებული ლექსი ,,ჰოი, არაგვო არაგვიანო”, გახსოვს და იცი, არაგვის სანაპიროებიდან კრწანისისაკენ დაშვებული სამასი მამულიშვილის, სამასი არაგველის ომახინი ლაშქრული და მათი ცხენების ფლოქვთა თქარა-თქური, .... გახსოვს, გახსოვს და ივსები სამართლიანი სიამაყითა და მამულის სიყვარულით!!!!
კითხულობ მაია დიაკონიძის ახალ, ულამაზეს ლექსს და ავტორის მიერ დანახული საოცრებებით სტკბები და იხიბლები, როდესაც უკვე შენი თვალით უცქერი ,, როგორ წველიან ნისლებს დევები,”
ანდა:
,,ხელებში ღრუბლებს ათაშებენ
შენს გარშემო რომ გორები წვანან”
ნისლისა და მთების ურთიერთობის საკითხზე მრავალი პოეტური და პროზაული ულამაზესი პეიზაჟებია შექმნილი, მარტო ვაჟას მიერ დახატული ერთი სრულყოფილი ტილო დაამშვენებს მთების სიდიადეს:
,, ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის ნიშანი”
ანდა, უნიჭიერესი პოეტის თემგიზ მორჩიაულის ლექსიდან:
,,ნისლი დაძრულა ხევ-ხევა,
ნეტა მგზავრია საითა,
კლდეებს ბილიკი ეხვევა,
ქალმანის თასმასავითა “!!!!
ისევ თენგიზ მორჩიაულის:
,, და ნისლი მთების ცისფერ ლეიბზე
წევს ცხრა თავიან გველეშაპივით”
და მრავალი სხვა, მაგრამ მთები და გორები უქმად ყოფნისას ,,ხელებში ღრუბლებს რომ ათამაშებენ” ეს სურათი პოეტმა და მხატვარმა მაია დიაკონიძემ თვითონ იხილა და ეს საოცარი პოეტური ჩანახატი ჩვენ შემოგვთავაზა,
ჩვენც ვტკბებით ამ საოცარი პეიზაჟით, და ვემადლიერებით ჩვენს უნიჭიერეს პოეტს ამ უმშვენიერესი ლექსის შექმნისათვის!!!!

No comments:

Post a Comment