Friday, April 25, 2025

ზღაპარი

 ზღაპარი

ერთხელ ვარსკვლავებს შორის დაპირისპირება დაიწყო: არა, მე უფრო კარგად ვანათებ, არა - მეო. მილიონი წლის ვარსკვლავმა თავისი ბრწყინვალება ახალგაზრდა ვარსკვლავებისკენ მიმართა, თვალებში ჩაანათა, შემომხედეთ, ტოლს არ გიდებთო, არც ახალგაზრდებმა დაიხიეს უკან, ჩვენი შუქი უფრო კაშკაშა და ფერადიაო. რომ ვერაფერი გადაწყვიტეს, მთვარეს მიაკითხეს დახმარებისთვის, განგვსაჯეო, მაგრამ მთვარემ უარი უთხრა, არ მინდა რომელიმე ნაწყენი დამრჩეთ, დედამიწელებს ჰკითხეთო, ისინი გიყურებენ შორიდან და იმათმა შეგაფასონო. ახლა დედამიწელებმა ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი, ყველას თავისი ვარსკვლავი ჰქონდა ამოჩემებული, არა, ჩემი უკეთესად ანათებს, არა - ჩემიო.
ერთხელ, როცა ცა მოიქუფრა, დაღამდა, არც ერთი ვარსკვლავი აღარ ჩანდა ცაზე, სადღაც მინდორში ბეკეკა აკიკინდა, ზანზალაკს აჟღარუნებდა, მიშველეთო, ტიროდა, ცხვრის ფარას ჩამორჩენოდა. მხოლოდ ერთმა ვარსკვლავმა გაიგონა მისი ხმა, ღრუბლები მიწი-მოწია, ცაზე გამოანთა, მისი შუქი სულ უფრო ძლიერდებოდა მანამ, სანამ მწყემსმა დაკარგულ ბატკანს არ მიაგნო.
ოსანა, შესძახეს დედამიწელებმა, ეს ვარსკვლავია ყველაზე ბრწყინვალე! ვინც სხვისი ტირილი გაიგონა, ვინც ერთი სულიერი მაინც გადაარჩინა დედამიწაზე!
თქვენ როგორ ფიქრობთ?

No comments:

Post a Comment