დღეს კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. იტალიაში ერთი ქართველი ქალბატონი, და ალბათ ერთი არა, ბევრი იქნება ასეთი, ბინას ქირაობს და მერე ქართველ ქალბატონებზე აქირავებს, რომლებიც სამუშაოს ელოდებიან. ზოგჯერ ოთახში თხუთმეტი ქალიც იყრის ხოლმე თავს და იმათაც გარკვეული წესების დაცვა სჭირდებათ, რომ იქიდან არ გაასახლონ. პირველ რიგში კი, სიჩუმე უნდა იყოს სახლში, რა თქმა უნდა, ბინის გაქირავება არალეგალურია და სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, ყველა მდგმური ერთად არ უნდა გამოჩნდეს, ზოგი ლიფტში ჯდება, ზოგი - არა, ფეხით ჩადის კიბეებზე, ხშირად არც გამოდიან ბინიდან, თვალში რომ არავის შეეჩხირონ, ზოგჯერ ქალბატონებს ჩურჩულით ლაპარაკიც კი უხდებათ, მაგრამ დღეების წინ ჩვენი ემიგრანტები შეზარხოშებულან, რაღაცა დღეობასთან დაკავშირებით და "ჰარალალე - ჰარულალო" შემოუძახიათ კიდეც. შეწუხებულა ერთი მეზობელი, უცხო ენაზე ხმამაღალი სიმღერა რომ გაუგია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და პოლიცია გამოუძახებია. დაადგნენ თავზე მომღერლებს, კარგია ქვეყანა არ დაატოვებინეს და მხოლოდ სამი ათასი ევროთი დააჯარიმეს. კიდევ კარგი, გურული კრიმანჭული არ შემოსძახეს, თორემ ათი ათასიან ჯარიმას ვერ გადაურჩებოდნენ, მგონი იქ ხმაურის დონე ფასდება ხოლმე და ამის მიხედვით აწესებენ ჯარიმასაც, ახლა ბინის ქირასთან ერთად, ის ჯარიმაც უნდა გადაიხადონ. მე კი ისღა დამრჩენია, თანავუგრძნო იმ ადამიანებს და ვთქვა, ასეთია ემიგრანტის ბედი, ნურავის შეშურდება მათი. არავინ იცის, რა გაჭირვება გადააქვთ მათ თავიანთი ოჯახების, შვილების გულისთვის.
No comments:
Post a Comment