ჩემთვის და ჩემი და- ძმებისთვის აღდგომა დიდი დღესასწაული იყო. დედა ფერად კვერცხებს გვიღებავდა, როგორც უკრაინაშია მიღებული, მწვანე, ყვითელი კვერცხებიც გვქონდა, ენდროს ცალკე ამზადებდა, ოხრახუშის ფოთლებში ახვევდა კვერცხების ნაწილს და ყვავილებივით ნახატებით გამოდიოდა, ეზოში თავს ვიწონებდით დედას ნახელავით, მაგრამ ყველაზე საოცრება ბატის კვერცხები იყო, ბებია გვიგზავნიდა იმრეთიდან, ეზოს ბავშვებში მართლაც შოკს იწვევდა. ამაყად ავივლ- ჩავივლიდი, აბა, ვინ შემეჭიდებოდა და ჩამიმტვრევდა კვერცხს?! მახსოვს ერთი გოგონა, რომელიც ამ დიდებულებას ნაძვის ხის პატარა სათამაშოებში მიცვლიდა. მეც სიამოვნებით ვთანხმდებოდი, ახლა მეცინება, ქვეყნის სათამაშოები შევაგროვე მაშინ, რატომღაც ეს პატარა სათამაშოები მომწონდა, იმას ჩემი ბატის კვერცხები. უკრაინელი ბებია სააღდგომოდ ამანათს გვიგზავნიდა, თავისი გამომცხვარი პასკებით, შოკოლადებით, კანფეტებით, რომელიც ასევე უნიკალური იყო, მრგვალი და თეთრ-წითელი ზოლებით, საქართველოში ასეთები არ მინახავს, განსაკუთრებით მიყვარდა. ის ბავშვური განცდები არასოდეს ბრუნდება და ის სიხარული. გილოცავთ, ძვირფასებო, აღდგომას, დაე, იმედმა იბრჭყვიალოს ჩვენს გულებში, ისე ვუყუროთ ამ ცხოვრებას, როგორც ბავშვებმა, გაიხარეთ!
No comments:
Post a Comment