სიმართლე გითხრათ, ზღაპრები ძალიან მიყვარს და დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ. მიყვარს არამარტო დადებითი გმირები, არამედ უარყოფითიც. ის დევიც კი მეცოდება, რომელსაც ნაცარქექია თავისი მოხერხებულობით ამარცხებს და ცხრა მთასა და ზღვის იქით გადაკარგავს. ერთადერთი მეშინია იმ პერსონაჟების, ვინც ადამიანებს ხოცავს, დაუნდობლად უსწორდება, თუმცა ასეთ გმირებს მაინც ნაკლებად ვხვდებით ზღაპრებში, ისინი ხომ ძირითადად ბავშვებისთვის იწერება და სიკეთით და სიყვარულით უნდა იყოს სავსე. რატომღაც ბავშვობიდან ერთი ზღაპარი დამამახსოვრდა, მაქციაზე.: მზეთუნახავი ერთ მდიდარ ყმაწვილს მიყვება ცოლად, სასახლეში ცხოვრობენ და ვაჟი აფრთხილებს, ყველა ოთახში შევიდეს ერთის გარდა და გასაღებების აცმას გადასცემს, გოგონას ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს და მაინც და მაინც იმ ოთახისაკენ მიუწევს გული, რატომღაც მასზე ვბრაზდებოდი, ხიფათისკენ რომ მიილტვოდა, ერთხელაც გააღებს კარს და იქ უამრავ ჩონჩხს აღმოაჩენს, ესენი ყველა სახლის პატრონის ყოფილი ცოლებია, რომლებიც ასევე ცნობისმოყვარეობამ არ მოასვენა და იმსხვერპლა კიდეც, ამ დროს კარებში ვაჟი შემოდის, ბრაზისაგან იცვლება, ცოლი რომ იმ ოთახში დაინახა და ის ცოტა ხანში მონსტრად იქცევა, დაუგრძელდება ფრჩხილები, კბილები, ფერიც ეცვლება, გოგონა გარბის და სასწაულებრივად უსხლტება ხელიდან ამ კაციჭამიას. დღესაც, როცა ფილმებს ვნახულობ მანიაკებზე, ან მესმის ვიღაცის საშინელ ქმედებებზე, ის მაქცია მახსენდება, იმდენად ღრმა კვალი დატოვა ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში. გუშინ ტელევიზორში მოვუსმინე, ზუგდიდის რაიონის რომელიღაც სოფელში პენსიონერი ქალი აწამეს, მგონი, 80 ლარის გულისთვის, თითიც მოაჭრეს, ნუთუ, დღეს, 21-ე საუკუნეში კიდევ დადიან ასეთი ავადმყოფები?! თანამედროვე მაქციები, პირში რომ გიცინიან, სახეზე ნიღაბაფარებულს კი ყველაფერი უბედურება შეუძლია ჩაიდინონ. გაოგნებული ვარ!
No comments:
Post a Comment