ისევ მოგონებებიდან: ჩვენს ოჯახში ჭადრაკის კულტი იყო, ის ფიგურებიც კი მახსოვს, რომლითაც ჭადრაკს ვთამაშობდით პატარაობიდან: ნამდვილი ხის, მოთეთრო, ლაკგადასმული, ჭადრაკის დაფაც რატომღაც მოყვითალო, მოყავისფრო ფერებში იყო. მამას თვითონ ძალიან უყვარდა ეს თამაში და ჩვენც, ხუთივე და-ძმას გვასწავლიდა. ყოველ დღე აუცილებლად უნდა გვევარჯიშა, სხვადასხვა ცნობილი მოჭადრაკეების პარტიებს ვარჩევდით, ვსწავლობდით,ასე რომ, საკმაოდ დახელოვნებული ვიყავით. მახსოვს, ჩემმა დამ, მედეამ ერთ ტურნირში გაიმარჯვა კიდეც. მამას ხშირად დავყავდი ჭადრაკის სასახლეში, იქ გავიცანი ნანა ალექსანდრია, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩემზე ამ შეხვედრამ, მამა სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში, ამიტომ სპორტთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, მე ჭადრაკის თამაში დიდად არ მიზიდავდა, მამაზე ვბრაზდებოდი კიდეც, რა გაგვიწყალა-მეთქი გული, მაგრამ მერე არაერთხელ გამომდგომია, თამაშში ბიჭებისთვისაც ხშირად მომიგია ხოლმე, უკვირდათ, საიდან იცი ასე კარგად ჭადრაკიო.
Friday, May 21, 2021
ჭადრაკის თამაში (მოგონებებიდან)
ჩემი ძმა დათო ჩვენ ხუთში ყველაზე კარგად თამაშობდა, მე მასზე ოთხი წლით უფროსი ვიყავი, მაგრამ მიგებდა, სამი წლიდან ისწავლა. დღეს, რომ ვუფიქრდები, ეს სპორტის დიდებული სახეობაა, ანვითარებს ინტელექტს, ბრძოლისუნარიანობას სძენს ადამიანებს, ტყუილად კი არ მოიგონეს ეს თამაში ადამიანებმა. ჭადრაკის დაფაზე ადამიანების ცხოვრება იშლება, თითოეულ ჩვენს ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თამაშის დროს, როგორც ცხოვრების მანძილზე ჩვენ ვკარგავთ ერთგულ ჯარისკაცებს - პაიკებს, მეგობრებს, მშობლებს, მეუღლეს - ოფიცრებს, ცხენებს, დედოფალს, ზოგჯერ დაუფიქრებლობით, ზოგჯერ - გაუფრთხილებლობით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ისინი, რომ მალე არ წავაგოთ ბრძოლა მოწინააღმდეგესთან, სასტიკ ბედისწერასთან. ჩემი ძმა, აწ გარდაცვლილი დათო, ყველაზე კარგად თამაშობდა და ყველაზე მებრძოლიც აღმოჩნდა, აფხაზეთის ომის ვეტერანი, გმირი იყო, ეს თამაში ბავშვებს ცხოვრებისთვის ამზადებს, ცხოვრებაც ხომ თამაშია, მაგრამ ამას გვიან ვხვდებით ადამიანები. ასწავლეთ თქვენს შვილებს ჭადრაკი, რომ უკეთესად მოემზადონ ცხოვრებისთვის.
მაია დიაკონიძე
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment