Sunday, May 23, 2021

წმინდა დავით აღმაშენებელს!

 მე ისევ ვხედავ გმირის მხარ-მკლავს, შუბლს ნაოჭიანს,

ეს მიწა-წყალი შენს ბაგეთგან დანალოცია,

ძლევამოსილი გამარჯვების მეოხი შენ ხარ,

მაგრამ შენს მამულს, კურთხეულო, კვლავ უნდა შველა.

უმანკო შველის გამოხედვა გულს ლოცვით ბანგავს,

მზე გვეურჩება, მძლეთამძლეო, უშენოდ კვლავაც,

ამოშანთე და დაამარცხე მოშურნე ერის,

წმინდანო, ზეცით გადმოგვხედე ფრთიანი მზერით.

გაგვიცხოველე სიყვარული ერთურთის მიმართ,

რომ კვლავ დავიცვათ ბაგრატიონთ ძირძველი მიწა.

რომ სამშობლოსთვის გავსალკლდევდეთ, ფიქრებშიც ერთნი,

გველეშაპივით აღიგავოს ვერაგი მტერი,

გაგვიდიდგორე ბრძოლის ველი ყველგან და მარად,

რომ ატლანტივით შევეხიდოთ მორღვეულ კარავს,

დიდო მეფეო, დღის ნათელს თუ შენეულ მზერას

ვგრძნობთ ალიონზე, უსასრულოს, მშობლიურს ჯერაც.

მოგვახდევინე ღვთის და ერის წინაშე ვალი,

წინ გაგვიძეხი, გამჭრიახი მოგვავლე თვალი,

ძლევამოსილს და ერთს თუ ხედავ, ქვეყანას მთლიანს,

გაგვითენდება მონანიეთ მზიანი დილა!



.






No comments:

Post a Comment