ერთ ქალაქში ტკივილების ხე იდგა. ყველა ტკივილებით და განცდებით შეპყრობილი ადამიანი მიდიოდა ხესთან და თავის გაჭირვებას უამბობდა, ხეც უსმენდა, ხმას არასოდეს იღებდა, მხოლოდ ფოთლებს გააშრიალებდა ხოლმე თანაგრძნობის ნიშნად, მიეჩვივნენ ქალაქელები, რომ სულიერი მეგობარი ჰყავდათ, თუმცა უენო კი იყო. მარტო ადამიანები კი არა, ხან ჩიტებიც ესტუმრებოდნენ ხეს, ხან ცხოველებიც, თავის გულისტკივილს უზიარებდნენ. გააშრიალებდა ტოტებს ხე, ცას გაატანდა დარდებსა და ტკივილებს, დაიხუნძლებოდნენ ღრუბლები, გაშავდებოდნენ, ქარიშხალი შორს გადარეკავდა, არავის არაფერი დაუშავოთო, მთებში ჩამოცლიდნენ დარდებს, ყინულებად იქცეოდა დარდები, შეინახავდნენ მთები, გაამტკნარებდნენ, გაათეთრებდნენ და მერე ცივ ნაკადულებად დაუშვებდნენ ბარში. მაგრამ ერთხელ თვითონ გახდა ავად ხე. ტოტები ჩამოუშვა, შორ მანძილზე ისმოდა მისი ტირილი და გმინვა, ჭრიალებდა, მოსთქვამდა, როგორც პატარა ბავშვი. შეშფოთდა მთელი ქალაქი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს ექიმები, რამე ვუშველოთო,მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ყველაზე ძალიან პატარა ბიჭი ილიკო დადარდიანდა. ხე მისი დიდი მეგობარი იყო, ათას გაჭირვებას და დარდს უყვებოდა, თუ ვინმე სკლაში აწყენინებდა, ან იმას, მეზობლის გოგონა ხატია რომ უყვარდა, ის კი გრძნობაზე არ პასუხობდა. ერთ დღესაც ბიჭი დადარდიანებული იჯდა ხესთან. ცაზე წეროების გუნდი გამოჩმდა, ჟივილ-ხივილით გადაუფრინეს ხეს, თან ნისკარტით თესლიც გადმოაყარეს. ბიჭუნამ თესლი შეაგროვა და იქვე მიწაში ჩაფლა. ჰოი, საოცრებავ, გაზაფხულზე იმ ადგილზე პატარა ნერგი ამოვიდა, სწორედ ისთი, როგორიც ტკივილების ხე იყო, იმას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. მალე ტკივილების ხეების ბაღი გაშენდა . ქალაქელების დარდის მოსმენა ახლა ერთ ხეს არ უწევდა, რამოდენიმეს, გააშრიალებდნენ ფოთლებს და ზეცაში მფრინავ ღრუბლებს ატანდნენ ადამიანების და არა მარტო ადამიანების დარდსა და გაჭირვებას, მორჩა ტკივილების ხეც, მან ხომ მეგობრები გაიჩინა.
No comments:
Post a Comment