ქალმა ჭურჭელი მირეცხ-მორეცხა, სახლი მოასუფთავა. სწრაფად აკეთებდა ყველაფერს, ქმრის მოსვლამდე უნდოდა მოესწრო. საჭმელიც გაამზადა. ქმარიც დაბრუნდა სამსახურიდან, ღამის ცვლაში მუშაობდა. საჭმელი გაუწყო, იქვე ჩამოჯდა მაგიდასთან და უყურებდა, როგორ მადიანად მიირთმევდა მეუღლე მის გამზადებულ საჭმელს, სადღაც სიამოვნებდა კიდეც. ჭამის მერე ქმარი ტახტზე წამოწვა, ტელევიზორი ჩართო, ხანდახან მეუღლეს გამოხედავდა ხოლმე, მაგიდას რომ ალაგებდა. ქალმა ისევ ამორეცხა ჭურჭელი, საჭმლის ნარჩენები მაცივარში შეინახა, თვითონაც დასასვენებლად წამოწვა, ხუმრობა ხომ არაა, უკვე შვილიშვილების პატრონია, ასაკიც წამოეწია. საწოლთან თაროზე შემოდებული ალბომი გადმოიღო, ახალგაზრდობას გავიხსენებო, ხელში ორმოცი წლის წინანდელი ფოტო მოხვდა, რომელზეც ის და ახალგაზრდა ყმაწვილი, ცისფერთვალებიანი, იყურებოდნენ. თვითონაც ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. გაახსენდა ყოფილი თანამშრომელი, უზომოდ იყო მასზე შეყვარებული, იმან კი არაფერი იცოდა ამის შესახებ. გაეცინა, ნეტავ, რა იქნებოდა, ამას რომ გავყოლოდი ცოლადო, გაიფიქრა, მეყვარებოდა მაინცო. ფოტოს ფოტო გადაუღო მობილური ტელეფონით მეგობრებს დაუგზავნა მესენჯერში, გავახალისებო, თვითონაც გახალისდა, პასუხებიც მხიარული მიიღო, ზოგმა ვერც იცნო, ვინ არის ეს ბიჭიო, რომ გაიგეს, გაიხსენეს ძველი ამბავი, რა ლამაზები იყავითო, ზოგმა, ვინც არ იცნობდა, ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა და ჩვენ რატომ არ ვიცნობდითო, მხოლოდ შვილებისგან იყო ჩუმი პროტესტი, გოგოები ჰყავდა, ეს ვინღა არისო, იკითხეს. ადგა ლოგინიდან, ისევ გააგრძელა სახლის დალაგება, ქმარს უჩუმრად გადახედა და გაიფიქრა, იქნებ, ესეც სხვა ვინმეზე ფიქრობს და ნანობს, მე რომ მომიყვანა ცოლადო, მზე ნელ-ნელა მიიწევდა ზევით, ზენიტამდე კიდევ ბევრი აკლდა, ნელ-ნელა ანათებდა სახლს, მშობლების ნაფუძარ-ნაამგარს, რომელსაც ზოგჯერ უსიყვარულობის ჩრდილებიც სდევდა, მაგრამ მაინც მაგრად იდგა, იმიტომ რომ, ორივემ, ქალმაც და კაცმაც იცოდა ოჯახის ფასი და მნიშვნელობა და არასოდეს ავიწყდებოდათ თავიანთი მოვალეობანი. ქალი მივიდა მეუღლესთან, დაადო თავი ხელზე, იმან მეორე ხელი მოჰხვია და ნაზად გადაუსვა თმაზე, - ერთი ქალის ფასი თმა გაქვსო, - უთხრა, როგორც ახალგაზრდობაში, კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ქალს სახეზე, იქნებ, არც შევმცდარვარ, გაიფიქრა, ღმერთმა იცის.
No comments:
Post a Comment