სოფელში ყოფნას და დასვენებას არაფერი მირჩევნია, ისეთ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ, თითქოს სამოთხეში ვიმყოფები. გურიაში მეუღლის ნათესავებთან ჩავდივართ ხოლმე, ისეთი სითბო და სიყვარული, რაც იქ მხვდება, არასოდეს მიგრძვნია სხვაგან, არის ჩემი ქება-დიდება, თან მყვებიან, მეზობლებიც შემოგვესევიან ხოლმე, ტორტებით და ნამცხვრებით, თბილისელი ქალი ჩამოვიდაო, რამდენიმეჯერ ნაბეღლავში წამიყვანეს, დავიტვირთეთ წყლებით, კალმახებიც დამიჭირეს, გემრიელად მივირთვით, წყლები გრილად შევინახეთ და რაც იქ ვიყავით, ვსვით და ვსვით, გამოჯანსაღებული ვბრუნდებით ხოლმე თბილისში. თითქმის ყველას, გურულებს, საქანელა სკამები აქვთ, დასვენების ფასი იციან, საღამოობით ჩავჯდები ხოლმე და მზის ჩასვლას გავცქერი, წინ დიდი ბლის ხეა, სწორედ მას სტუმრობს ხოლმე, რომ დაღამდება, თეთრი ბუ, ულამაზესი, სხვა დროს ზოოპარკში თუ მინახავს, გაიძახის: -უ-უ-უ, ყოველთვის ბუებზე ზღაპრები მახსენდება, თითქოს მართლა იძახის: - იპოვეო, ადამიანო?! - მეც ვპასუხობ: - ვიპოვე, ვიპოვე, სამოთხეა ჩემი მიწა, უბრალოდ ვერ ვხვდებით ამას, ვერ ვაცნობიერებთ და ვერ თუ არ ვაფასებთ.
No comments:
Post a Comment