მიდიოდა, მაგრამ შორს წასვლაც არ უნდოდა. აქვე სადმე ჩამოვჯდები, გაიფიქრა, იქნებ ვინმე გამომეკიდოს და აღარ წავხეტიალდე იქ სადღაც მოუსვლელში.. ქვეყნისგან შორსო. არავინ მოსდევდა, ძაღლი მოჰყვებოდა მხოლოდ ეზოდან, მასაც ეტყობა შიოდა, დილით გამოსვლამდე საჭმელის მიცემა დაავიწყდა, მეზობელს ჩააბარა, მიმიხედეო, მაგრამ ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო. იმასაც ვერ აცნობიერებდა, ვინ უნდა გამოჰკიდებოდა, არავინ ჰყავდა, არც ქმარი, არც შვილი, დედ-მამაც დაღუპვოდა რამდენიმე წლის წინ. ინანა დედისერთა რომ იყო, და ან ძმა რომ მყოლოდა, ისინი მაინც დამედევნებოდნენო. მაინც ჩამოჯდა ქუჩის ბოლოს, მისი სახლის სახურავი ახლადამოსულ მზის სხივებში ლივლივებდა და ბრწყინავდა, კაკლის ხეც მოჩანდა, მწვანე ფოთლების სურნელი მასთანაც აღწევდა, სხვა მეზობლებსაც ერგოთ კაკლები, მაგრამ არა, მისი განსაკუთრებული იყო, იმხელა ნაყოფს ისხამდა, ყველას შურდა. რა მინდა ნეტავ, სხვა ქვეყანაში, იქ რა უნდა ვაკეთოო, გაიფიქრა, გული მოეჭმუჭნა. გოგოებმა, წადი, მილეთს ნახავ, იქნებ გათხოვდე კიდეცო. რა ვიცი, აქ არავის ვუნდივარ და იქ ვის მოვუნდებიო, ამოიოხრა.
უცებ ხელმარჯვე გოგია დაინახა, ასე ეძახდნენ მეზობლები, არაფერი იყო ისეთი, მისი ხელიდან რომ არ გამოსულიყო, ყველა საქმეზე იწვევდნენ, უებრო ოსტატი გახლდათ. ამბობდნენ, დამ მიისაკუთრა მთელი სახლი, მისთვის კი ერთი პატარა ოთახი გამოყო, მანდ იჯექიო. ესეც დამორჩილდა, იმას იმდენი შვილი და შვილიშვილი ჰყავს, მე მეტი რად მინდა, მაინც არავინ მივის ამ ქვეყანაზე, ცოლი მე არა მყავს და შვილიო.
კაცი ჩაფიქრებულ ქალს მიუახლოვდა, გვერდზე მიუჯდა, საით გაგიწევია ამ ბარგი-ბარხანითო, ჰკითხა, მან არაფერი უპასუხა, დაბნეულად გადახედა ახალნაყიდ ჩემოდანს, ვალით რომ შეეძინა. გოგია ყველაფერს მიხვდა, მოულოდნელად ხელზე ხელი დაადო, ნუ წახვალო, სთხოვა, ქალმა გაოცებულმა შეხედა, ამ ქუჩაზე შენი გულისთვის მოვდივარ, გულში მყავხარ ჩავარდნილიო, ქალმა კიდევ მეტი გაოცებით შეხედა კაცს, რომელიც მუდარით და სიყვარულით შესცქეროდა. შენც ეგ არ გინდოდა, ვინმე გამოგკიდებოდაო, უთხრა თავის თავს. მერე დაკვირვებით შეაცქერდა სახეში გოგიას, მოეწონა მისი ლურჯი თვალები, კეხიანი ცხვირი, შეჭაღარავებული თმები, საოცარი ღიმილი, მაგრამ ასე უცებ როგორ დავთანხმდეო, ჭოჭმანი დაიწყო. გოგია უთქმელადაც მიხვდა, რას ფიქრობდა ქალი, მისი ჩემოდანი ერთ ხელში აიღო, მეორე ხელი ხელში ჩასჭიდა და სახლში შეიყვანა. მეორე დღეს მეზობლობა მათ შეუღლებას ზეიმობდა, ძველი მამაპაპური სახლიც სულ სიხარულით გუგუნებდა. მხოლოდ გოგოები, ცხრა ზღვას იქით გადაკარგულები თუ აქ დარჩენილები, ჭორაობდნენ, ბილეთები ავუღეთ, ბედი გავუხსენით და ეს კი ისევ ამ წუმპეში დარჩაო.
No comments:
Post a Comment