Monday, November 14, 2016
ანდროს ისტორიებიდან (დედა)
დედა ყველა ადამიანს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი. დედაჩემი, ქეთევან ტყეშელაშვილი, ფრიად აქტიური და მოუსვენარი პიროვნება გახლდათ. ამ გვარის ქალები, ამბობენ, ოჯახს ან ააშენებენ და ან დაანგრევენო, რაც მათ დიდ ტემპერამენტზე. სულიერ ძალასა და ენერგიაზე მეტყველებს. ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ჭელიძის ქალები, სწორედ ამ თემაზე ხშირად კამათობდნენ და არკვევდნენ, ოჯახის ამშენებელი იყო ის თუ დამანგრეველი, ჩემთვის კი დედა იყო, უსაყვარლესი დ ძვირფასი არსება. არ არსებობდა თემა, მას რომ არ შეძლებოდა საუბარი, ალბათ კვანტურ ფიზიკაზე რომ დაეწყოთ მასთან ლაპარაკი, მაშინაც კი დისკუსიაში ჩაებმებოდა. სოფლის მეურნეობის საკითხებიც ესმოდა, მშენებლობის, განათლების და ა. შ. უნდოდა კიდეც ყველაფერი სცოდნოდა, ბევრს კითხულობდა, შესანიშნავი მეხსიერების პატრონმა ყველას შესახებ ყველაფერი იცოდა, მეზობელს და ახლობელს გვერდით დაუდგებოდა ჭირშიც და ლხინშიც. ქუთაისში ნამუშევარს იმდროინდელ სახელისუფლებო ელიტაში ბევრი ნაცნობი ჰყავდა, თვით ედუარდ შევარდნაძესა და მის მეუღლესაც ახლოს იცნობდა, ჩემთან ერთად დაამთავრა სკოლა, მერე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, აბა სხვა რა გზა ჰქონდა, ჩემნაირი ბედოვლათი შვილის პატრონს. ღრმა მოხუცებულობამდე მუშაობდა, სახლში უსაქმურად ვერ დავჯდებიო. ზარმაცებსა, და უსაქმურებს ვერ იტანდა, ამიტომაც ხშირად ჰქონდა ჩემთან კონფლიტი, სწავლა მე არ მიყვარდა და მუშაობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახლში ხშირად მოდიოდნენ ჩემი და ჩემი ძმის ამხანაგები, ერჩივნა ჩვენთან ვყოფილიყავით მისი კონტროლის ქვეშ, ვიდრე აღმა-დაღმა გვეყიალა და რაიმე უსიამოვნებაში გავხვეულიყავით, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა. სახლი მუდამ სავსე იყო საჭმელ-სასმელით, ბიჭები მშივრები არ დარჩნენო. არავისთვის არაფერი ენანებოდა. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ მისაყვედურა, როცა დაცლილი დახვდა თაფლით სავსე ბიდონი, რა იყო, კოვზებით გიჭამიათ საჭმლის მაგივრად, ხომ შეიძლება ცუდად გამხდარიყავთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც იყო. სკოლიდან ახალსულებს ისე გვშიოდა, რომ ხუთმა ბიჭმა მართლაც კოვზებით ამოვჭამეთ თაფლი, კიდევ კარგი არ გვაწყინა. მკაცრი იყო, მაგრამ ცელქობას გარკვეული დოზით არ გვიშლიდა, ბიჭებმა ცოტა თუ არ იცელქეს ბავშვობაში, მერე ახუნტრუცდებიან და დიდ ასაკში ასეთი საქციელი სირცხვილიაო, ამიტომ მე და ჩემს ამხანაგებს სრული "კარდბლანში" გვქონდა, რაც გვინდოდა ის გვეკეთებინა სახლში, რა თქმა უნდა სახლი არ უნდა დაგვეწვა!. ხან ტახტს დავახვედრებდით დედას დაშლილს, ხან მაგიდას, მაგრამ არ გვიჯავრდებოდა, მხოლოდ მსუბუქად დაგვტუქსავდა. ერთხელ მახსოვს ფერწერული ტილო დავხიეთ. სახლში ფეხბურთს ვთამაშობდით. ახლა ვხვდები, რა ბარბაროსობა ჩავიდინეთ, რადგან ცნობილი რუსი მხატვრის, სტახოვსკის ნამუშევარი იყო. მამამ მეორე დღესვე წაიღო აღსადგენად, ჩვენ კი კარგად მოგვხვდა, ამას კი აღარ ველოდიო, - გვითხრა დედამ. ჩვენს ამხანაგებთან მეგობრულად იყო, ყველას უყვარდა, უხაროდათ ჩვენთან მოსვლა გოგოებსაც და ბიჭებსაც. ერთი გოგონა შემიყვარდა, ჩერქეზი იყო, მიკვირდა, ცოტანი არიან დარჩენილები და მე როგორ შემხვდა ეს ულამაზესი ქალი- მეთქი. ჯერ კიდევ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ჩემმა ერთმა მეგობარმა, იამ გამაცნო. სახლში მოვიწვიე. თავის მოწონება მინდოდა ჩემი ძალ-ღონით და დედა მაცივარზე შემოვსვი, კახელისა არ იყოს, დიდი ვერაფერი ხუმრობა იყო. დედაჩემმა იყვირა ჩამომსვიო, ვერაფერი გამაგებინა, გოგოებს გავაცილებ და მალე მოვალ -მეთქი, ამ მდგომარეობაში დავტოვე. სიყვარულით გათანგულს დრო და ჟამი სადღა მახსოვდა. სახლში გავაცილე შეყვარებული. სახლში რომ დავბრუნდი, დედა ისე მაცივარზე დამხვდა, ნაღვლიანად იყურებოდა ფანჯარაში, ალბათ მშველელს იქიდან ელოდა. საწყალს შეშინებოდა მაცივრიდან ჩამოხტომა, ცოტა მსუქანი ქალი იყო, არაფერი მომტყდესო. ერთი-ღა მითხრა, ჩამომსვი, ტუალეტში მინდაო. საყვედურიც კი არ უთქვამს, მიხვდა, რა დღეშიც ვიყავი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment