Friday, November 25, 2016
ანდროს ისტორიებიდან (მონადირე)
ბაბუაჩემმა ძველი თოფი მიანდერძა, მართალია სანადიროდ არ გამოდგება, უფრო ანტიკვარული ნივთია, მაგრამ მე მისით ძალიან ვამაყობ და მომენტს არ ვუშვებ ხელიდან, თავი რომ არ გამოვიჩინო. ერთხელ ერთმა მეგობარმა დამირეკა და თოფი კინოგადაღებებისთვის მთხოვა. მეც მეტი რა მინდოდა, ვტაცე ხელი, მხარზე გადავიკიდე და შეხვედრის ადგილისკენ გავეშურე. ვზივარ ჩემთვის გაჩერებაზე, ავტობუსს ველოდები. გვერდზე ვიღაც უცხოელი მომიჯდა და ჩემს თოფს ათვალიერებს. გავიტრუნე, ინგლისური მე არ ვიცი და გერმანული, რუსს კიდევ ნამდვილად არა ჰგავს, ვფიქრობ, თორემ ლაპარაკს ვინმე დამასწრებდა?! უცებ დამტვრეული რუსულით მომმართა, - ამ თოფით თუ გინადირიაო, - არა, ჩემი დიდი ბაბუა ნადირობდა-მეთქი. ხელიდან გამომართვა, კარგა ხანს სინჯა, ათვალიერა, მერე ფოტოაპარატი მომაჩეჩა ხელში და მთხოვა გადამიღეო, თვითონ თოფი მონადირესავით მოიმარჯვა ხელში, თითქოს რაღაცას უმიზნებდა. ბევრი ვიწვალე, ტექნიკისა არაფერი გამეგება, როგორც იქნა გადავუღე, თანაც გული სიხარულით მევსება, - ატა-ტა-ტა, ბაბუაჩემის თოფს ინგლისში გავუთქვი-მეთქი სახელი, ტურისტი ინგლისელი გამოდგა, მოსკოვში ინგლისის საელჩოში უმუშავია, რუსულიც იქ ესწავლა. ახლა ის მკითხა, ნადირობა თუ გიყვარსო. რის გურული ვიქნებოდი, კვეხნა რომ არ დამეწყო. ჩემს სოფელში, გურიაში, დათვზე მინადირია-მეთქი, არადა მწყერზე და კურდღელზე სანადიროდ თუ წავუყვანივარ იქაურ ბიჭებს ქალაქიდან ჩასული სტუმარი, არც დილით ადრე ადგომა და ნადირის ჩასაფრება მხიბლავდა დიდად, ყველაფერს მერჩივნა ძილი. ჩემმა პასუხმა გაახარა, გახსნა დიდი ჩანთა და იქიდან ამოღებული დათვის ტყავი კინაღამ სახეზე ამაფარა, სვანეთში მაჩუქესო. მერე ჯიხვის რქები ამოაძრო ჩანთიდან, სანადიროდ წამიყვანეს იქაურებმა, ჯიხვი მოვინადირეთ, რქებიც მე გამომატანესო, იმ დროს ნადირობის წესები არ იყო ასე გამკაცრებული.ვუყურებ და ვფიქრობ, ახლა ამ უცხოელს უნდა გავატანოთ მთელი საჯიხვეთი-მეთქი?! რომ უცებ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან ლომის თათი ამოიღო და ახლა ის დამიგდო წინ, მოკლედ ბეჭებზე დამცა კაცი, უეცრად მოვეგე გონს, ახლა არ თქვას, ლომზეც აქ ვინადირეო და მის გასანიორწყალებლად მოვემზადე, - ეს აფრიკაში მოვინადირე ოციოდე წლის წინო.- რაღას ვიტყოდი, რომელი ვეფხისტყაოსანი რაინდი მე ვიყავი, ლომ-ვეფხვის დახოცვაზე მელაპარაკა. ჩემი ოჯახის კატა გამახსენდა, ფეფო ჰქვია. შევაპარე, ეგ ლომები ხასიათით ძალიან ჰგვანან სახლის კატებს-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, ეს ლომებთან მებრძოლი კაცი კატების გახსენებაზე დადნა, თურმე მასაც ჰყოლია კატა სახლში. ჰოდა განვაგრძეთ საუბარი ამ ჩვენს პატარა მეგობრებზე მე, დათვებზე მონადირემ და იმან, ლომებთან მებრძოლმა. კმაყოფილი დავშორდით ერთმანეთს. მეგობარს მივუტანე თოფი, მერე სახლში დაბრუნებულმა ფეფოს ლამის ხელი ჩამოვართვი და გადავკოცნე, როგორც ჩემს მშველელს და გადამრჩენელს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment