Saturday, November 19, 2016
ბეღურები (ზღაპარი)
ყველამ ვიცით, ბეღურები რა საყვარელი ჩიტებია. მათი ჟივილ-ხივილი მუდმივად ამხიარულებს გარემოს, მაგრამ მათ შორის მოჩხუბარებიც გამოერევიან ხოლმე. ისინი კი მართლაც საცოდავი შესახედავები არიან, ყველაფერზე კინკლაობენ, ხან საჭმელს ვერ იყოფენ, ხან თბილ ადგილს. იყო ორი ბეღურა, რომლებიც დიდად მეგობრობდნენ. მუდამ ერთად იყვნენ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინათ. გაიზარდნენ და შექმნეს ოჯახები, ერთი ეწვეოდა ხოლმე მეგობარს სახლში თავისი ოჯახით, პატარები თამაშობდნენ, მაგრამ სტუმრად მოსულ დედა ჩიტს არასოდეს მოსწონდა, როგორ ექცეოდნენ მის შვილებს. ბრაზდებოდა, საყვედურს ეუბნებოდა მასპინძლებს, მასპინძლებიც, აბა, სტუმარს როგორ ვაწყენინოთო და ჩაუჩაჩქუნებდნენ ნისკარტებს თავიანთ პატარებს, ბეწვებს და ღინღლებსაც დააპუტავდნენ, თვითონაც შეიშმუშნებოდნენ და ბოდიშებს უხდიდნენ ბრაზიან სტუმარს, ოღონდ მისთვის ესიამოვნებინათ. სახლში დაბრუნებული დედა ჩიტი მამა ჩიტს გულს უწვრილებდა, ხან რას უწუნებდა ქმრის მეგობარს და მისი ოჯახის წევრებს და ხან რას, ახლა უწინდელი მასპინძელი ეწვეოდა სტუმრად მეგობარს თავისი ოჯახით, მასპინძელი - დედა ჩიტი აუცილებლად მონახავდა მიზეზს, რაზე გაბრაზებულიყო, სტუმარი იყო თუ მასპინძელი, მაინც ის იყო ნაწყენი. განრისხებული მამა ჩიტი, ცოლის სიტყვებით შეგულიანებული, მირბოდა მეგობრის ოჯახში და მასპინძელს სულ ქოჩრით ითრევდა, ცოლ-შვილსაც უგინებდა და წამოვიდოდა. გაიბუტებოდნენ ოჯახები ერთმანეთთან, მაგრამ დაფიქრდებოდა მამა ჩიტი, ქალის ენას როგორ ავყევიო და შესარიგებლად ეწვეოდა მეგობარს. გავიდოდა ხანი და იგივე მეორდებოდა. ახლა მათი პატარები დაიზარდნენ და თვითონაც შექმნეს ოჯახები, მაგრამ დედა ჩიტი ვერა და ვერ ისვენებდა, არაფერი მოსწონდა, ახლა შვილებს დაუტატანებდა, ამას როგორ გიბედავენ ეს ტუტუცები, ასეთ მოქცევას და ლაპარაკსო და იყო დაუსრულებელი კინკლაობა და ქოჩრით თრევა. მაგრამ ვერაფერი აჩერებდა ალესილ ენას. ამ ბრძოლებში დაბერდა დედა ბეღურა, ბოროტებისა და სიავისგან ბეწვები დასცვივდა, ფრთებჩამოშვებული დადიოდა, მისი ქმარი ბეღურაც ძლივსღა დაათრევდა ფეხებს, მაგრამ რაც ყველაზე ცუდი იყო, მათი შვილებიც ბოღმით დაავადნენ ამდენი დავიდარაბისა და გესლისგან. სხვა ჩიტები მხიარულობდნენ, ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ, მხოლოდ ისინი იყვნენ დასევდიანებულნი და თვალებში ცრემლჩამდგარნი. ასე იცის ბოროტებამ და თუ სადმე მოჩხუბარ ბეღურებს ნახავთ, აუცილებლად ან ისინი იქნებიან ან მათი შთამომავალნი. შური და სიავე ბეღურებს კი არა, ადამიანებსაც აავადებთ. იყავით კეთილები და ცუდს ნუ გაივლებთ გულში, რომ ამ ბეღურებივით არ დაგემართოთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment