Thursday, November 24, 2016
ანდროს ისტორიებიდან (საქორწილო მოგზაურობაში)
ჩემმა ქორწინებამ ჩერქეზ ქალზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, აქაქანდნენ ჩემი გურული ნათესავები, სხვა ეროვნების და ტომის ქალი შემოჰყავს ოჯახშიო, მაგრამ როცა გაიგეს ჩემი დიდი სიყვარულის შესახებ და მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი, ამასობაში ნატაც ნახეს, დაწყნარდნენ, ამნაირი სილამაზის ქალი არ მოგვსწრებია და ჩვენს ჯიშს კიდევ უფრო გაალამაზებსო. თანაც ჩერქეზი ქალები მსოფლიოში ცნობილები არიან სილამაზითო, თანაც უყვარს და რა ქნასო და სხვა ბევრი არგუმენტებიც მოიყვანეს ჩემს გასამართლებლად, აბა, რის გურულები იქნებოდნენ, და დიდი ქორწილიც გადაგვიხადეს. თავიდან დედას გაუჭირდა ნატას გვარის დამახსოვრება, ძნელი წარმოსათქმელი იყო "შავგანცუკი" და როცა სამსახურში ჰკითხეს, რა გვარის ქალი მოიყვანა ცოლად შენს ბიჭმაო, გვარი ვერ გაუხსენებია და უთქვამს: ჩერქეზია,- აუფ, ნამდვილი გურული გვარიაო, - შეუცხადებიათ თანამშრომლებს, დედას გასცინებია, სხვა აღარაფერი დაუმატებია, გვარს დავიმახსოვრებ და მერე ვეტყვიო. მოკლედ, ქორწილის შემდეგ საქორწილო მოგზაურობაში გაგვიშვეს სოჩაში. დედაჩემი ამ დროს კომკავშირის ცეკაში მუშაობდა, რაღაცა კავშირებიც ჰქონდა, ძალიან გვინდოდა "ჟემჩუჟინაში" მოხვედრა, არ გამოგვივიდა, დედამ "კავკაზი" გაგვიკეთა. ჩავედით, მოვეწყვეთ და თავი" ჩემი ჭკუით" სიამტკბილობას მივეცი. მეორე დღეს ჩემი მეგობარი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, ისინიც ახალდაქორწინებულები იყვნენ, სხვა სასტუმროში მოთავსდნენ. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს რომელიმე რესტორანში და ვქეიფობდით, ის თავისი მეუღლით, მე - ჩემით. თავაწყვეტილი ვლოთობდით, აბა, რის ქართველები ვიქნებოდით, ასე რომ არ გაგვეკეთებინა! ასე ვიწონებდით თავს ცოლებთან თუ ერთმანეთთან, ახლაც ვერ მივმხვდარვარ. ჩვენი საყვარელი მეუღლეები კი, ერთმანეთთან ჭორაობით ერთობოდნენ, აბა, სხვა რაღა დარჩენოდათ, ჩვენ შემხედვარეებს. ერთ დღესაც მაგრად გამოვთვერით, 12 ბოთლი შამპანიური დავლიეთ ორმა კაცმა, ფეხზე ძლივსღა ვიდექით, რესტორიდან რომ გამოვედით, ჯერ მეგობარი და მისი მეუღლე გავაცილეთ სასტუმრომდე, მერე ჩვენი ჯერიც დადგა, გადავწყვიტეთ ტაქსით წავსულიყავით, ტაქსებზე კი, მოგეხსენებათ, რუსეთში რიგები იყო, ჰაერზე ღვინო კიდევ უფრო მომეკიდა. დავინახე ყმაწვილების ჯგუფი, მომაღლო რუსის ბიჭები იყვნენ, დღესაც არ ვიცი, ტაქსის რიგში იდგნენ თუ არა, მივაჭერი, ერთ-ერთს, ყველაზე მაღალს, მხარზე დავკარი ხელი და ვკითხე, - ბოლო ვინ არის-მეთქი.- ნატას ვაწონებდი თავს! როგორც მერე მომიყვა, ცოტა უხეშად გამომსვლია. ბიჭები გაბრაზდნენ, - რანაირად გველაპარაკები, ძმაო, შენო. - მეც მეტი არაფერი მინდოდა, გავქანდი და ერთს თავი სახეში ვწყვიტე, ატყდა და რა ატყდა, ვიქნევ ხელებს, მაგრამ ისინი ოთხნი არიან და მე ერთი, შიგადაშიგ ჩემი ცოლის კივილი ჩამესმის ყურებში, - ანდრო, დაწყნარდიო, - მაგრამ ახლოს ვერ გვეკარებოდა, იმ საშინელებიდან რომ დავეხსენი, მშველელს ეძებდა. ამ აურზაურში კარგად მომხვდა, ალბათ ცოცხალი ვერ გადავჩებოდი, რომ უცებ ჩვენს წინ მანქანა არ გაჩერებულიყო, გადმოხტნენ ბიჭები და მე და ჩემი ცოლი მანქანაში ჩაგვსვეს,- ახლა მილიცია მოვა და თუ არ წამოხვალთ, წაგიყვანენო, - ამ ჩხუბს გამოგვაცილეს, როგორც გავიგე, აფხაზები იყვნენ, ბევრი მადლობები ვუხადეთ, ღმერთმა გაახაროს ის ხალხი, დღესაც ვლოცავ მათ, რომ არა ისინი, ვინ იცის როგორ დასრულდებოდა ჩვენი საქორწილო მოგზაურობა!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment