Thursday, November 17, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ჩერქეზი ცოლი)
ია და ნატა განუყრელი დაქალები იყვნენ და არიან, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთ კლასში. ყველანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ვიყავით,თუმცა სხვადასხვა ფაკულტეტებზე ვმოღვაწეობდით. მაშინ ჩვენს ინსტიტუტში სტუდენტი გოგონების რაოდენობა დიდი არ იყო, ამიტომ ვცდილობდით ყველასთან გვემეგობრა, აბა, ქალების გარეშე რა აზრი ჰქონდა და აქვს ჩვენს ცხოვრებას?!.ჯერ იას დავუამხანაგდი, მერე ნატა გავიცანი. ჯერ კიდევ ახალგაცნობილი სახლში დავპატიჟე დაბადების დღეზე, მეგობარ გოგონასთან ერთად მოვიდა ვარდებით ხელში, მაშინ კაცისთვის ვარდების მირთმევა დიდად მოდაში არ იყო, ჩემში კი სწორედ ამ ფაქტმა აღძრა გრძნობა მის მიმართ. ლამაზი იყო ისიც და ვარდებიც. ჩემი სიყვარულიც იმ ვარდივით გაიფურჩქნა. თვითონ ნატა ქერა, ცისფერთვალება ანგელოზი იყო, ულამაზესი თმებითა და ტანით, ის ახლაც მშვენიერია, ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეუღლე. ია ეტყობა მიხვდა, მისი დაქალი რომ მომწონდა და ჩემი შემოწმება გადაწყვიტა. მალე ამის მიზეზიც მიეცა. მაშინ, ალბათ გახსოვთ, სტუდენტი გოგონები სპირიტუალური სეანსებით, სულების გამოძახებით, იყვნენ დაკავებული, ხანდახან ბიჭებიც ჩაებმებოდნენ საქმეში. სწორედ ერთ-ერთი ამ სეანსის დროს, როცა ნატას სულისთვის უკითხავს, ჩემი მეუღლე ვინ იქნებაო, დაუტრიალებია თეფში იას და დაუწერია ჩემი სახელი და გვარი. ნატა გაოგნებულა, ხმა ვერ ამოუღია. იამ, მერე მეც თითქოს სხვათაშორის მითხრა, თეფშმა ასე დაგვიწერაო, სიცილით მოვკვდი, ხმამაღლა ვიცინე და ვიცინე, მაგრამ ჩემს გულში ქარიშხალი დატრიალდა. ჩემს სიცილზე ია გაბრაზდა, შევატყვე, თურმე ჩემი რეაქციით უნდოდა შეეტო, ნატა მომწონდა თუ არა. მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ტყუილად ვიწვალეო, მაგრამ მალე ჩვენი სიყვარულის ისტორია დატრიალდა და ისიც საოცრად კმაყოფილი დარჩა, რომ საქმე გაჩარხა. იცით ალბათ შეყვარებული კაცი როგორია, მეც შევიცვალე და ყველანაირად ვცდილობდი ნატასთვის თავი მომეწონებინა, ისიც წამოეგო ანკესზე და მალე დავქორწინდით. მოვიმწყვდიე ხელებში ჩემი ძვირფაასი მარგალიტი და მალე ჩემი გურული ხასიათიც გამოვამჟღავნე. ისიც ჩერქეზი იყო და აბა რას შემეპუებოდა. ატყდებოდა ხოლმე დავიდარაბა. ვიტყოდი, ჩერქეზი ცოლი რამ მომაყვანინა-მეთქი, დედა და მამიდა მყისვე დამამშვიდებდნენ, შენ კი არა, დავით აღმაშენებელს ჰყავდაო ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასულიო ცოლად, ეს რა კავშირში იყო ჩემს ოჯახურ მდგომარეობასთან, არ ვიცი, მაგრამ თავს კი ვიმშვიდებდი ხოლმე ამით. ნატაც ჩუმად იას შესჩივლებდა ხოლმე თავის გაჭირვებას. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს ნატას აღშფოთებულმა ვუთხარი, იასთვის სიკვდილიც ცოტაა, შენი თავი რომ გამაცნო-მეთქი, ამ დროს ტელეფონზე დაურეკავს იას, შეუტყობინებია, სტუმრად მოვდივარო, ფერწასული ნატა ჩემთან შემოვიდა და მთხოვა, ია მალე მოვა და არაფერი უთხრა, ისედაც ნერვიულობს და განიცდის ჩვენ რომ ერთმანეთი გაგვაცნოო, ბევრი ვიცინე, საწყალი მაჭანკალი ყველაზე მეტად იყო შარში გახვეული, ორ ცეცხლშუა იწვოდა. რა თქმა უნდა, არანაირი საყვედური არ მითქვამს მისთვის, ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ასეთი დიდი ბედიერება მაჩუქა ნატას სახით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment