Friday, November 11, 2016

ანდროს ისტორიებიდან (ექიმთან ვიზიტი)

    იდა ანდრეევნა, მამიდაჩვენი, ჩვენი მფარველი ანგელოზი იყო. ვერ ვიტყვი, ჩვენი ავად გახდომა უყვარდა-მეთქი, მაგრამ როცა ეს ხდებოდა, მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი გაზრდის და აღზრდის საქმეში კიდევ უფრო მატულობდა და ისიც ამ როლს შესანიშნავად ირგებდა. ჯერ ექიმებთან გაგვაქანებდა, თუ ფეხზე სიარული შეგვეძლო, თუ არადა ნაცნობი ექიმებით აავსებდა სახლს, მოიწვევდა კონსილიუმს და ჩვენი მოვლის და მკურნალობის გეგმას შეიმუშავებდა. ჩაგვაწვენდა ლოგინში, თბილ-თბილ "გრელკებს" დაგვიწყობდა ფეხებში, გვალევინებდა "მალინის" ჩაის და ჩვენი საწოლის კუთხეში ჩამომჯდარი ჯერ ზღაპრებს გვიკითხავდა, მერე ასაკის მატებასთან ერთად წასაკითხი მასალაც გართულდა, მაგრამ შერლოკ-ჰოლმსის ზევით არ წასულა, ბავშვები ფიქრით არ დაღონდნენ და არ დაიღალონო. ხშირად ჩასაცმელსაც თვითონ გვიკერავდა, ლოგინში თავზე თავის შეკერილ ყურებიან ქუდებს გვახურავდა, ყურები არ გაგიცივდეთო და ნაავადმყოფარებს, ავადმყოფობა უკან არ შეგიბრუნდეთო, კვირაობით ლოგინში გვამყოფებდა. თავიდან გვიხაროდა საწოლში ნებივრობა, მაგრამ რამდენიმე დღის მერე მომაბეზრებელი ხდებოდა და ერთი სული გვქონდა ერთი-ორჯერ გაგვერბინა შიშველი ფეხებით ოთახში. დედასავით მზრუნველს სწავლისთვისაც ვეცოდებოდით, არ გადაიღალოთო, 9-10 საათზე უკვე ლოგინში გვაწვენდა, დაისვენეთო. დედა პირიქით მკაცრი იყო და სკოლაში გაკვეთილების გაცდენას გვიშლიდა. ერთხელ მახსოვს, ფეხის ტერფი მქონდა ნატკენი, ფიცარი გამოხერხა, ფეხს ქვევიდან ამომიდო და ასე კოჭლობ-კოჭლობით გამიშვა სკოლაში. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდა კლასი ჩემს დანახვაზე?! ბავშვები ლამის ძირს გორაობდნენ სიცილისგან. ისწავლეთო, გვიჩიჩინებდა, რომ საბჭოთა პურის ჭამის ღირსი გახდეთო. კომუნისტური პარტიის წევრი იყო და იდეოლოგიაც სხვანაირი ჰქონდა.
    ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, მომეტებულადაც კი, დათო გამხდარი და ფერმკრთალი. რა თქმა უნდა, ჭამა-სმა არ გვაკლდა, მამიდაჩვენს ბიდონებით ჩამოჰქონდა თაფლი კახეთიდან, ვიტამინები არ მოაკლდეთ ბავშვებსო, მაგრამ მაინც ძალიან შეაწუხა ჩვენმა ამ მდგომარეობამ: მეოთხე-მეხუთე კლასში კიდევ უფრო მოვიმატე წონაში, სიმაღლეშიც საკმაოდ გავიზარდე, ჩემი ძმა კი ისევ ისეთი პატარა იყო. შედგა კონსილიუმი და გადაწყდა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ექიმთან წავეყვანეთ. იდამ და დედამ მოგვკიდეს ხელი და თავად ლეკიშვილს მივადექით სახლში, რა თქმა უნდა, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული. შევედით უზარმაზარ კაბინეტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო მოკლული ტახების თავებმა, ირმის რქებმა, ეტყობა ჩვენი ექიმი ნადირობის მოყვარული იყო, ინტერესით ვათვალიერებდით ოთახის ინტერიერს, შიშის გრძნობაც გაგვიქრა, რაც ექიმთან ვიზიტს ყოველთვის თან ახლავს. ექიმიც ყურადღებით გვაკვირდებოდა, მერე იდა ანდრეევნას და დედას ჰკითხა, რამ შეგაწუხათო, ერთხმად უპასუხეს, ტყუპები არიან და ერთი ნამეტანი მსუქანია და დიდი, მეორე - პატარა და გამხდარიო, დიდხანს გვსინჯავდა, მერე ქალებს ჰკითხა, ეს დიდი და მსუქანი როგორ ჭამსო, უთხრეს, ძალიან კარგადო, მეორე, გახდარიო, ძალიან ცუდადო, -ერთ ხმაში მოახსენეს. მაშინ რა გინდათ, იმიტომაც არის ის მსუქანი და ის გამხდარიო, როგორც ხედავთ, ლოგიკური დასკვნა გამოიტანა ექიმმა. ამათ არაფერი არ სჭირთ და თქვენ კი, ქალბატონებო, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, თუ გგონიათ რომ ამ ბავშვებს მკურნალობა ჭირდებათო. - გაიხუმრა ლეკიშვილმა.

No comments:

Post a Comment