Wednesday, November 9, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სკოლაში)
ჩემი და ჩემი ტყუპისცალი ძმის აღზრდაში ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ჩვენი მამიდა იდა, რომელსაც თვითონ არც შვილები ჰყავდა და არც მეუღლე, ბაბუდა მარუსა, ლენინის ორდენოსანი პედაგოგი, რომელიც ასევე გაუთხოვარი იყო და ჩვენთან მოსვლაზე მეტად არაფერი უხაროდა ქვეყანაზე, ბებიაჩემი, ნინა სოლომონოვნა, ნოზაძის ქალი, უკეთილშობილესი პიროვნება და დედაჩემი, რომელსაც ჭელიძის ქალები ჩაგრავდნენ და ჩვენს თავს თითქმის არ აკარებდნენ, თუ კი სახლში ბრძანდებოდნენ. თუ ბაბუაჩემიც გვეწვეოდა ქუთაისიდან, მაშინ დედას ჩვენი გაჯავრების უფლებაც კი არ ჰქონდა. ეს აღზრდის მეთოდი არ არისო, იტყოდა ანდრეი დიმიტრიჩი და ჩვენც გალაღებული ვიზრდებოდით. ამ ადამიანებისთვის ჩვენ ვიყავით მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც, სახლში გათამამებულები, გარეთაც ასე ვიქცეოდით, სკოლაშიც. თუმცა ჩემი ძმა ბევრად მორიდებული და წესიერი ბავშვი იყო. ერთხელ მახსოვს რუსულის მასწავლებელი გავაბრაზე და მშობელი დაიბარა სკოლაში. სახლში ვერ ვიტყოდი ცუდად მოვიქეცი-მეთქი, მარი დიმიტრევნას გაბრაზებას ვერიდებოდი. არა და არ მიმყავდა მშობელი, მასწავლებელმა მითხრა, სანამ მშობელს არ მოიყვან, ჩემს გაკვეთილებზე ფეხზე იდგებიო. ჩემი ძმაც გავაფრთხილე, სახლში არაფერი ეთქვა, ეს ამბავი ერთი თვე გაგრძელდა, მაგრამ მე დიდად არ მაწუხებდა, ვიდექი და ვღლაბუცობდი, ხან ვის გადავძახებდი ერთი-ორ სიტყვას ხან ვის, ქაღალდის თვითფრინავებს ვისროდი, დაჭმუჭნულ ქაღალდებს, კლასს უკეთესად ვხედავდი, მეტსაც ვერთობოდი. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ დედაჩემს ამბავი მიუტანა, იმან ბაბუაჩემთან დეპეშა აფრინა, ბიჭი იჩაგრება, რუსულის გაკვეთილებზე ფეხზე დგასო. აღშფოთებულმა ანდრეი დიმიტრიჩმა, ეს რა აღზრდის მეთოდიაო, ას-კილოიანი ბავშვი ყოველ დღე ფეხზე დააყენო, ფეხები დაუავადდებაო (თქვენ წარმოიდგინეთ, მართალიც აღმოჩნდა, ფეხებზე ვენების გაგანიერებით ვიტანჯები), განათლების სამინისტროში გააგზავნა უზარმაზარი წერილი, რომელშიც პედაგოგიკის საკითხებში მასტერკლასი ჩაუტარა იქაურ მეთოდისტებს და ბავშვის საშველად უხმო მთელ განათლების სამინისტროს. გავიდა ცოტა ხანი და რუსულის მასწავლებელი სახლში გვეწვია აცრემლებული, სკოლიდან მაგდებენო, დედას დახმარებას სთხოვდა, სკოლაში განგაშის ზარები იყო ატეხილი, დირექტორსაც მოხსნა ემუქრებოდა. დედა იძულებული გახდა დაეწერა ახსნა-გამნმარტებითი ბარათი, რომ ვითომდა თვითონ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მამამთილს და შეცდომაში შეიყვანა, ასე გადარჩა მაშინ რუსულის მასწავლებელი სამუშაოს დაკარგვას, მე კი სახლში იმდენი საყვედური მივიღე, რაც მანამდე არასოდეს მიმიღია, განსაკუთრებით, მარი დიმიტრევნასგან, რაც ამ ისტორიიდან ჩემთვის ყველაზე საწყენი აღმოჩნდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment