90-იანი წლები იდგა, საქართველო სულს ღაფავდა, გაჭირვება დაძონძილი დედაბერივით კარდაკარ დაეხეტებოდა. ჰაერი დამწვარი საბურავების სუნს გაეჟღინთა, თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხალხის გაუსაძლისი მდგომარეობით სარგებლობდნენ და ხელს ითბობდნენ. იტაცებდნენ მიწებს, ხალხის ქონებას ინაწილებდნენ, ჩვენ კი პირღიანი ამის საშუალებას ვაძლევდით. მე და ჩემი მეგობრებიც ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა ამ სიტუაციაში, რამე ბიზნესი წამოგვეწყო, მაგრამ ყველა ჩვენმა ქმედებამ ფიასკო განიცადა. მაშინ ძალიან მოდაში შემოვიდა ეგრეთ წოდებული სავალიუტო პუნქტები, ხალხმა ამ გზით კარგი ფულიც იშოვა, მაგრამ არა ჩვენ. პუნქტის შიგნითა ოთახში "პლიტა" გვენთო, ჩვენი პუნქტი მაშინდელი პროკურატურის შენობაში იყო, ისინი მეორე სართულზე იყვნენ, ჩვენ - პირველზე, ამიტომაც დენი ყოველთვის გვქონდა, ხალხი გასათბობად დადიოდა ჩვენთან, შესაბამისად ხშირად თანხაც ქრებოდა, ნაძირალასა და ქურდს რა გამოლევს. მე და ჩემი ძმა კი ძალიან მიმნდობი ადამიანები ვიყავით, ასეთ ოჯახში გავიზარდეთ, ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ქონება რომ ვერ ვიშოვეთ, უპატიოსნო საქციელს ჩვენ ვერ ჩავიდენდით. მახსოვს ერთხელ ბიჭები მოვიდნენ, 700 დოლარი გვასესხეო, ერთ კვირაში დაგიბრუნებთო, "ზალოგში", როგორც მაშინ ეძახდნენ, მაგნიტაფონი დატოვეს, მაგის ჩაბარებაც არ მინდოდა, ვფიქრობდი, მაგას როგორ იკადრებენ, ფული არ დააბრუნონ-მეთქი, სასტიკად მოვტყუვდი. იმის მერე ის ხალხი თვალით არ მინახავს, ამ დროს ვითომ ნაცნობების შუამდგომლობით მოვიდნენ, არა და 700 დოლარი მაშინ დიდი ფული იყო, ერთ-ოთახიან ბინას იყიდიდი თბილისის გარეუბანში. ჩემი ასეთი ქმედებით საქმე ზარალდებოდა, სხვა ბევრჯერაც მომატყუეს და გამაცურეს, მაგრამ ჭკუას ვერ ვსწავლობდი, ანდა როგორ მეთქვა გაჭირვებული ხალხისთვის, აქ არ მოხვიდეთო, როცა ვიცოდი, რომ შიოდათ და სწყუროდათ, ჩვენთან კი ყოველთვის იყო საჭმელიც, სითბოც, ერთი-ორი ღერი სიგარეტიც. მახსოვს ერთხელ სამსახურში მივედი, ასე ვეძახდი სავალიუტო პუნქტს, იმიტომ რომ სხვა სამუშაო მე არ მქონდა, დგას ჩემი ერთი ნაცნობი, ხელები "პლიტისათვის", დენის გამათბობელისთვის, მიუშვერია და ტირის, - რა გატირებს, ბიჭო-მეთქი, - სიცივისგან ვტირივარო, - მიპასუხა. ამ ამბავს მაშინ ჩემი რძალი, მაიაც, შეესწრო, მერე როცა მასთანაც არ იყო არც დენი, არც გაზი და ისიც ასე ტიროდა ნავთქურაზე ხელებმიშვერილი, მაშინ გაიხსენა ეს ამბავი, - მაშინ გამიკვირდაო იმ ბიჭის საქციელი, მაგრამ ახლა მეც ვტირივარ სიცივისგანო, - მითხრა. მიუხედავად იმ საშინელი მდგომარეობისა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ქაოსი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, შიდა ომები, მე მაინც იმედს არ ვკარგავდი და ოპტიმისტურად ვუყურებდი ცხოვრებას. ხანდახან სასაცილო ამბებიც გადამხდებოდა თავს და ამით ადვილად გადამქონდა ცხოვრების სიდუხჭირე.
მოგეხსენებათ ტრანსპორტის საქმე მაშინ ჭაკად იყო, გადავსებული ავტობუსები ისე ჩაგიქროლებდნენ, გაჩერებაზეც კი არ აჩერებდნენ. ძირითადად ფეხით მიხდებოდა სიარული, თავს ვიმშვიდებდი, ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის კარგი არის-მეთქი, მაგრამ ერთხელ, როცა გადავსებულმა ავტობუსმა ცხვირწინ გამიჩერა, ცდუნებას ვერ ვძლიე და მეც ავეკარი კარებს, შიგნით შეღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო. ორი ხელით ვეჭიდებოდი, თან თავ-ბედს ვიწყევლიდი, რა ეშმაკმა შემაცდინა-მეთქი. დიღომში გაჩერებაზე, ეტყობა ვიღაც უნდა ჩამოსულიყო, მანამდე არც გაუჩერებია მძღოლს, იხუვლა ხალხმა და მე მიწაზე ზღართანი გავადინე, ზედ ოთხი-ხუთი კაცი მაინც მეწვა. ვფართახალებ და ამ ზედახორიდან გამოძრომას ვცდილობ, რომ ვიღაცა ქალი აყვირდა, - რას კადრულობთ, ბატონო, ხელი გაწიეთო, - გულში ვიგინები, - შე, უპატრონო, შენს მკერდქვეშ მოწეწკილი ვწევარ, სული მეხუთება და აღარც გავინძრე-მეთქი?! - როგორც იქნა, გამვლელები თუ გაჩერებაზე მდგომები მოგვცვივდნენ, წამოგვაყენეს, შევხედე იმ ჩემს მაგინებელ ქალს და რას ვხედავ, აუწერელი სილამაზისაა, ორმეტრიანი რუსის ქალი, გულში გავიფიქრე, - ნეტავ ცოტა ხანი კიდევ ვწოლილიყავი-მეთქი ამის მკერდქვეშ, იმის ჩახუტებას ხომ არაფერი ჯობდა - ხმამაღლა კი ბოდიშები მოვუხადე ობიექტური მიზეზებით შექმნილი უხერხული მდგომარეობის გამო და დავემშვიდობე. მეორე შემთხვევაც მქონდა დაახლოებით ასეთივე ამ ტრანსპორტის გადამკიდე. გამოვეწყვე თეთრ შარვალსა და ტყავის ქურთუკში და ისევ დიღმისკენ ავიღე გეზი. მაშინ იქ რაღაცა პატარ-პატარა საქმეები მქონდა. შევახტი ავტობუსს, რა თქმა უნდა, ჩამოვეკიდე, ისე იყო გადატენილი. იმ ჩემი ცოდვით სავსე მძღოლმა ისე მკვეთრად მოატრიალა დიდუბიდან დიღმისკენ გადამავალ შესახვევში, რომ ხელები გამეშვა გაღებული კარებიდან, რომელსაც მთელი ძალით ვიყავი ჩაჭიდებული, არ ვიცი, რას მოვკიდო ხელი, რომ არ ჩამოვვარდე, შემთხვევით წინ მდგომი ქალბატონის უკანალს ვტაცე ხელი, მაგრამ იმ სიმძიმე კაცს ეგ როგორ დამიჭერდა?! გადმოვვარდი. მძღოლს ავტობუსი არც გაუჩერებია. რომ ავდექი, თეთრი შარვალი შავი იყო, შავი ტყავის ქურთუკი კი - თეთრი, მტვრისაგან. ლანძღვა-გინებით დავბრუნდი სახლში გამოსაცვლელად.
No comments:
Post a Comment