Tuesday, November 29, 2016

ანდროს ისტორიებიდან (კატა ფეფო)

  კატა ფეფო ჩვენს სახლში 13 წლის წინ დაბინავდა, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო, თეთრიწყაროდან ჩამოიყვანეს ბავშვებმა. აგარაკზე ჩასულებს დაუპატიჟებლად ეწვეოდა ხოლმე ეზოში, მერე სახლშიც გადაინაცვლა, ხან ტახტზე წამოგორდებოდა, ხანაც ლოგინზე, მაჭამეთ და მასვით, თქვენთან ძალიან მომწონსო. ძალიანაც არ უნდოდა ნატას, ჩემს მეუღლეს, მისი სახლში დატოვება, ყველანაირად იგერიებდა, მაგრამ ამაოდ. უპატრონოდ დასაგდებადაც ვეღარ გაიმეტეს შემოჩვეული კნუტი და თეთრიწყაროს ბინადარი ჩვენთან თბილისში აღმოჩნდა. პატივი და დიდება არ აკლია ჩვენს ფეფოს, ეს სახელი კი მე დავარქვი, მანამდე სხვა სახელს ეძახოდნენ, სახლში საუკეთესო ადგილი მისია, რა თქმა უნდა,  სავარძელში, ღამით ჩემს ქალიშვილთან სძინავს ლოგინზე. ნინოს შვილივით უყვარს, თუ შეამჩნია, რომ რამით უკმაყოფილოა, მასთან ერთად ტირის და მაშინვე ექიმთან მიარბენინებს, ავად ხომ არ არისო. იმანაც, თუ შეატყო, რომ ნინოს რამე სტკივა, ამას კი მე მგონი, ზოგიერთ ჩვენს ექიმზე უკეთესად ხვდება, იმ მხარეს მიუწვება, თავისი ჭკუით, მკურნალობს. ნატა ფეფუსიას ეძახის, ნინო - ფეფუცას და ა. შ. აქედან მიხვდებით უკვე, თუ რა დიდი სიყვარულით სარგებლობს ჩვენს ოჯახში, თუმცა ნატას გაჯავრების ეშინია და თუ დაუყვირა, მერე ლამის ფეხის წვერებზე და კედელზე გაკრული დადის ხოლმე სახლში. ისე კი ამაყი და თავდაჯერებულია, მე კი, რომ იტყვიან კუდსაც არ მახოცავს ზედ. ერთი-ორჯერ მის გადასარჩენად ყველა დავირაზეთ, როცა შუაღამეზე ქვედა მეზობლის მიშენებაზე გადავარდა, რომ არავინ გაგვეღვიძებინა, ჩვენი ფანჯრიდან კიბე ჩავუშვით და ისე ამოვიყვანეთ ატირებულ-აკნავლებული ცხოველი. წარმოიდგინეთ, მეზობელს რომ გაღვიძებოდა და დაენახა თავის აივანზე ღამის პერანგში მოფორიალე ნინო კატით ხელში, რა დღეში ჩავარდებოდა. მე კატები მიყვარს-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ არ მომწონს როცა ცხოველებს ცუდად ექცევიან. ამას წინათ ჩვენს კორპუსთან მოხტუნავე ყვავი შევამჩნიე, ფრთა ჰქონდა მოტეხილი და ვერ დაფრინავდა, სადღაც ბუჩქებში აფარებდა თავს. ყველას ეცოდებოდა, მათ შორის მეც,
არ ვიცი რატომ, კარინა შევარქვი. საჭმელი ჩამქონდა ხოლმე. არავის გვიკარებდა ახლოს, რომ გვეშველა. ადამიანებს არ ენდობოდა. ერთ დღესაც მითხრეს, მაწანწალა ძაღლებმა შეჭამესო, ძალიან დამწყდა გული. დროთა განმავლობაში ჩვენს კატასაც შევეჩვიე, თუმცა მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მომწონს, რაღაც არ მემეგობრება.  სანამ სახლში არავინაა, ე. ი. ყველა გაკრეფილია, სულ უკან დამდევს და საჭმელს მთხოვს, განსაკუთრებით, თუ კი დაინახა, რომ რამეს ვჭამ, მე კი პირის ჩატკბარუნება ვინი პუჰივით ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი პირველი სადარდებელიც სწორედ ეს გახლავს, რა ვაჭამო კატას, რომ მერე მეც დაწყნარებულად მივირთვა! ნინოსთან და ნატასთანაც ჩემი პირველი თხოვნა სწორედ ეს არის, უზრუნველყონ კატა საჭმლით, რა თქმა უნდა, მეც, მასთან ერთად, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე საჭმელს ვერ ვჭამთ. ესე იგი, როცა მას შია, მეც ვჭამ, უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და როცა მე ვჭამ, თავისთავად, ისიც ჭამს. გავსუქდით და გავსივდით ორივე ამდენი ჭამისგან, მე გარეთ მაინც დავდივარ, ის კი - სულ სახლშია, დამრგვალდა ბურთივით ჩვენი ფეფო, სიმსუქნისგან ფეხებიც კი დაეღუნა, მე ასეთიც ძალიან მომწონს. ნინო მეჩხუბება, ამდენს ნუ აჭმევო, მაგრამ როცა კნავის, გული ვერ მიძლებს და აუცილებლად ვუმასპინძლდები რამე გემრიელით. ამას წინათ ექიმთან ჰყავდა ჩემს ქალიშვილს, უთხრა ბევრს ნუ აჭმევთ, ნაღვლის ბუშტი აქვსო გაღიზიანებული, ცოტა ხანი დიეტაზეც დასვეს, საჭმელი აღარ მოჰქონდათ, არ აჭამოო, მაგრამ მე ჩუმ-ჩუმად მაინც ვუნაწილებდი ჩემს ულუფას. არ გეგონოთ რომ ფეფოს ამის გამო დიდად ვუყვარვარ და პატივს მცემს. როცა ტელევიზორს ვუყურებ სავარძელში მჯდომი, იქვე ზის და მყარაულობს, ავდგები თუ არა, მაშინვე ჩემს გამთბარ ადგილზე მოიკალათებს, მეცოდება, რომ გადმოვაგდო. ვდგავარ ფეხზე, ვიწყებ ვარჯიშს, ვიქნევ ხელებს და ფეხებს, ის კი დამცინავად გადმომხედავს ხოლმე, ისიც ხანდახან, თუ კი სახლში ნინო ან ნატა მოვიდა, მერე უკვე საერთოდ აღარც მიყურებს, თითქოს არ ვარსებობ, ეტყობა ამით იმათ ერთგულებას უმტკიცებს. კატა კი არა, ნამდვილი ეშმაკია, ჩემი ინკვიზიტორი და მტანჯველი. გავბრაზდებოდი, მართლაც ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახზე. როცა სხვები ყვებოდნენ ასეთ ისტორიებს, როგორსაც ახლა მოგიყვებით, არ ვუჯერებდი, მაგრამ ჩვენმა ფისომ ჩემი ოჯახი მართლაც გადაარჩინა გაზის გამათბობელით გაგუდვას. ერთხელ ნინოს მეგობარი გოგონა ეწვია, სახელად, ინგა. ისაუბრეს, მერე ნინომ იბანავა, მეგობრები ერთ ოთახში დაწვნენ დასაძინებლად, კატასაც იმ ოთახში ეძინა თავის პატრონთან ლოგინზე. მე იმ დღეს სახლში არ ვიყავი. შუაღამეზე ფეფოს საშინელი კნავილი აუტეხია, ნინოს უფიქრია, ალბათ წყალი სწყურიაო და მეგობრისთვის უთხოვია, სააბაზანოში შეიყვანე და წყალი დაალევინე, მე შეუძლოდ ვგრძნობ თავსო. შეიყვანა ინგამ კატა სააბაზანოში და უეცრად უგონოდ დაეცა მეტლახზე, ხმაური გაიგონა ნატამ თავის საწოლ ოთახში, შეშინებული გამოვარდა, დაინახა უგონოდ მწოლიარე ინგა, ნინო იხმო ყვირილით და თვითონაც უგონოდ დავარდა. დასახმარებლად მოსული ნინოც იქვე ჩაიკეცა, ასე უგონოდ ეყარა სამი ქალი სააბაზანოში, კატა კნავილიდან ღნავილზე გადავიდა, ამ დროს ჩემი ვაჟი - დიმიტრი გამოსულა თავისი ოთახიდან იმის გასარკვევად, თუ  რა აურზაური იყო სახლში, ეს საშინელი სცენა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა, თვითონ ცდილობდა დედა გამოეყვანა სააბაზანოდან, უფრო სწორედ, გამოეთრია. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ქალები მოასულიერეს, გააღეეს ყველა კარები და ფანჯარა, მათი ვარაუდით, გაზის გამათბობელმა გაჟონა, მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა ყველას, დიმიტრის გარდა, ეტყობა მომწამვლელმა აირმა მის ოთახში ვერ შეაღწია, რომ არა ფეფო. ალბათ სამივე ქალი დაიღუპებოდა. ამის მერე, როგორ არ ვცე პატივი ჩვენს კატას?! როცა მასზე ვბრაზდები, ხან ქვიშა უნდა მოვუტანო და შევუცვალო, ჭუჭყიანზე ქალბატონი არ მოისაქმებს, ხან უნდა ვაჭამო, ხან ჩემი საყვარელი ადგილი უნდა დავუთმო, მახსენდება მისი გმირობა და გული მიბრუნდება. ასეთია ჩვენი ფეფუცა, ბურთივით მრგვალი და ძალიან დიდი, მოყვითალო თვალებით და მბრწყინავი ბეწვით, მუდამ ბრაზიანი და უკმაყოფილო, ასაკთან ერთად დამძიმდა და აღარ არის ისეთი მოძრავი და მოთამაშე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი და თბილია.

No comments:

Post a Comment