Friday, November 11, 2016

ანდროს ისტორიებიდან (პოლიტიკაში)

  დიდებულ ხალხში ვიზრდებოდი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით.  მამაჩემი, ავთო, ძველი პლეხანოველი იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი. ვაჟკაცის სახელი ჰქონდა, ყველა პატივს სცემდა. უაღრესად სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. სუფრა მუდმივად იყო გაშლილი ჩვენს  ოჯახში და არავის ერიდებოდა ჩვენს სახლში შემოსვლა, დასვენება და პირში ერთი-ორი ლუკმის ჩადება. ხშირად გვაკითხავდნენ ნათესავები გურიიდან. მოგეხსენებათ გურულების იუმორი და იმათი კვიმატი ენის ამბავი და მუდმივად სიცილ-ხარხარი იყო ჩვენთან, თუმცა, მატერიალურად ხანდახან გვიჭირდა კიდეც. ბებიაჩემს, ნინა სოლომონოვნას, კერვა ეხერხებოდა და მეზობლები სულ ჩვენთან იყვნენ, ზოგს კაბაზე ღილი აუწყდებოდა და იმას უკერებდა, ზოგს პალტოს გადაუკეთებდა და ტანზე მოარგებდა, კიდეც გაუმასპინძლდებოდა და ისე გაუშვებდა გარეთ. ერთხელ მახსოვს, დედაჩემი შოთა ეცადაშვილს, მერე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა ეს კაცი, ამიტომ დამამახსოვრდა, თორემ ასეთი სხვაც ბევრი იყო, დისერტაციას უბეჭდავდა, ერთი-ორ კაპიკს ბეჭდვით შოულობდა, გორიდან იყო ჩამოსული. ღამით ჩვენთან დარჩა, სასწრაფო სამუშაო იყო, დილით ცოტა წაუძინა, როცა გაიღვიძა, ნახა, რომ მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოწესრიგებული იყო, ნინა სოლომონოვნას გაეწმინდა. ბევრი მადლობები იხადა, მერე, დიდი კაცი რომ გახდა, ბებიას ყუთებით უგზავნიდა ხოლმე ხილს და მოსაკითხს. მამიდაჩემი, იდა, საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერი ენტომოლოგი იყო და თბილისის მაშინდელი ელიტა დიდ პატივს სცემდა. მის სამეგობრო წრეში იყვნენ ექიმები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ თავისი მდგომარეობა არასოდეს გამოუყენებია ბოროტად, ერთადერთი, რაშიც თავის ნაცნობობას იყენებდა, ჯანმრთელობის საკითხები იყო. მარტო მე და ჩემი ძმა კი არ დავყავდით ექიმებთან, ნათესაობაშიც, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, იდა ანდრეევნა მზად იყო ყველას დახმარებოდა. სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენ გარშემო. ჩვენთან მყოფი ადამიანები პატიოსნებასა და სიმართლის სიყვარულს გვასწავლიდნენ, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ჩემი ცხოვრება სიმართლისთვის ბრძოლაში გავატარე. რა თქმა  უნდა, მეც სიმართლის ჩემნაირი გაგება მქონდა, შეიძლება ზოგჯერ არასწორიც, ხშირად ტყუილადაც მიწყენინებია ადამიანებისათვის, რადგან მეგონა, რომ იმ დროს მართალი ვიყავი. ღმერთმა შემინდოს! ამის გამო ხშირად ვხვდებოდი უსიამოვნებებში და სხვასაც ვხვევდი, ჩემს ერთგულ ადამიანებს. ახალგაზრდობაში ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. მე, თემური ჟორჟოლიანმა და სხვებმა მონარქისტული პარტია შევქმენით, მწამდა და მჯეროდა საქართველოს წინსვლისა და მომავლის. ახლა ვხვდები, რომ პოლიტიკაში ჩართული კაცი ცივი გონებით უნდა მოქმედებდეს, მე კი, ემოციებითა და გრძნობებით აღვსილი პიროვნება ვიყავი. ასეთებს კი პოლიტიკაში არ აჩერებენ. ერთხელ, შევარდნაძის დროს, დაპირისპირება მოხდა მონარქისტულ და ლეიბორისტულ პარტიებს შორის. მათი წევრები და მომხრეები ერთმანეთს დაეტაკნენ და სულ დროშის ტარები ურტყეს ერთმანეთს თავში. სი-ენ-ენ-მაც კი გადმოსცა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და კადრებიც უჩვენა მთელ მსოფლიოს. მაშინ ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი -შალვა ნათელაშვილი ფავორში იყო, რის გამოც მათ ხელი არ მოკიდეს და მონარქისტული პარტიის ერთი წევრი და ერთიც მომხრე, რომელიც სრულიად შემთვევით გამოჰყოლოდა მეგობარს მიტინგზე, დააკავეს. მე მაშინ მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახლდით, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ამ ახალგაზრდების დაკავების გამო, მით უმეტეს რომ ერთი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. დონ კიხოტივით გაცეცხლებული მივადექი პოლიციას დაკავებულების გამოსახსნელად.
ბევრი ვილაპარაკე, რომ ისინი დამნაშავენი არ იყვნენ, მითუმეტეს ის ყმაწვილი, რომელიც პარტიის წევრიც კი არ იყო. მათაც მისმინეს, მაგრამ ვინმე არეულობის მომწყობნი ხომ უნდა დაეკავებინათ?! ამხედ-დამხედეს, ჩემი ღრუბელივით დიდი ტანი ეტყობა მოეწონათ, ცოტა ხანი ამასაც გავაჩერებთ ციხეში, ცოტა გახდებაო, არც შენ იქნები წმინდა წყლისო, ერთ-ერთ თავდამსხმელს, დროშის ტარს რომ ურტყავს ერთ-ერთ ლეიბორისტს თავში, იმას მიგამსგავსეთო, და თავი საპყრობილეში ამომაყოფინეს. ასე აღმოვჩნდი სამართლიანობისთვის მებრძოლი  ციხეში შვიდი თვის მანძილზე. წარმოგიდგენიათ, რა იყო ეს ჩემი და ჩემი ძმის ოჯახისათვის?!  საჭმლის მზადება, შემოგზავნა, ალბათ, ბევრმა იცის, რა ჯდება პატიმრის შენახვა ციხეში. იმის მტკიცება, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, როცა მოწმეები მოყავთ, რომ შენ ვიღაცას რაღაცა დაუშავე, როცა ამ დროს პირიქით, ცდილობდი გაგეჩერებინა და დაგეშოშმინებინა ხალხი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმის და მეგობრების ძალისხმევითა და დახმარებით, ერთ-ერთი ვითომ დაზარალებულისთვის თანხა გადაახდევინეს,  გარეთ აღმოვჩნდი, მაგრამ ის მორალური ზიანი, რაც მე მივიღე თავისუფლების აღკვეთის პირობებში, აუნაზღაურებელი იყო  ჩემი ასაკის და ჯანმრთელობის კაცისათვის. და ეს ასეა არა მარტო ჩემთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს, როცა გეუბნებიან თეთრზე შავიაო, როცა კამათელზე ორიანია მოსული და შენ გეუბნებიან - ექვსიაო, მოკლედ, გამგები გაიგებს... ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკოსობა.
   

No comments:

Post a Comment