Wednesday, November 9, 2016
ანდროს ისტორიებიდან (დამსახურებული სასჯელი)
ბაბუაჩემი, ანდრეი დიმიტრიჩი, როგორც მას მაშინ, საბჭოთა დროს, ეძახდნენ, დიდებული კაცი იყო. გორის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული, უგანათლებულესი, ფრიად ერუდირებული პიროვნება იყო. ნათესაობაში, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, მას მიაკითხავდა ხოლმე ჭკუის სასწავლებლად, ის იყო ყველას მშველელი და დამხმარე. ამბობდნენ, ანდრეი დიმიტრიჩის გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო, აიღებდა ხელში ჯოხს, დაიხურავდა შლიაპას და გააკეთებდა გაუკეთებელს... და სწორედ ამ ბაბუამ დაადგინა და თავისი მოსაზრება დედაჩემსაც გაუზიარა, ეს ბიჭი დიდი "დრაჩუნი" (მოჩხუბარი - რუსულად) ვინმე გაიზრდებაო და აბა, სხვა რა დასკვნას გააკეთებდა ადამიანი, როცა ნახა, პატარა სამი წლის ბიჭს (ანუ მე) ხელში აეყვანა სხვა ლამის თავის ზომის მეორე პატარა და უკანალზე უბათქუნებდა. ასე იყო თუ ისე, ბაბუაჩემის წინასწარმეტყველება გამართლდა და დიდი მოჩხუბარი ბიჭი დავდექი, ავიკელი ერთი სკოლა, მეორეში გადამიყვანეს. ვცემდი ყველას, ვინც არ მომეწონებოდა, ხშირად უმიზეზოდაც, ტანად დიდი ვიყავი, 12 წლის ასაკში იმ ზომის, რაც ახლა და ვინ დამიდგებოდა წინ, ხშირად იყო დედაჩემი სკოლაში ხან მასწავლებლების და ხან დირექტორის წინ ატუზული, მაგრამ მე ვერაფერს მაგებინებდნენ ვერც ოჯახში და ვერც სკოლაში. ახლა ორმოცდაათს გადაცილებულ კაცს სხვანაირად მესმის ყველაფერი და სხვების საქციელი გამიკვირდება ხოლმე. ერთხელ ეს სოლიდური კაცი ჩემს ძმასთან მივდიოდი, წერეთლის გამზირს მივუყვებოდი, კარგი ამინდი იყო და ტაატ-ტაატით, აქეთ-იქით ყურებით ვერთობოდი, აბა, სამუშაო მე არ მქონდა და საქმე. უეცრად დარტყმის ხმა გავიგონე და მიწაზე გაშხლართული აღმოვჩნდი. ტკივილი არ მიგრძვნია, გაოგნებული ვიწექი მიწაზე, ვიღაცა წიხლებს გამეტებით მირტყამდა, ეს ასოც-კილოიანი კაცი ძლივს წამოვდექი ფეხზე, ვიფიქრე, ახლა კი მოვუქცევ-მეთქი ამ კაცს ღრანჭს, მაგრამ უეცრად თავდამსხმელმა შეწყვიტა ჩემი ცემა, ხელზე ხელი მტაცა, შარვალს მიბერტყავდა და ბოდიშს მიხდიდა, შემეშალეთო. შევხედე, ჩემი ხნის კაცი იქნებოდა, გავიფიქრე, ან გიჟია, ან ისე ჰყავს ვიღაცას გამწარებული, რომ ამ ზომამდეა მისული. ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ალბათ აუცილებლად მოვდებდი ყბაში, მაგრამ ახლა შემეცოდა, ერთი კი ვუთხარი, - ასე რამ გაგაგიჟა, შე კაცო, მთელი წერეთლის დასანახავად დღისით, მზისით კაცს რომ თავს დაესხი და უბარტყუნებ-მეთქი, ისევ ბოდიშების მოხდას განაგრძობდა. თავისი გვარი და სახელიც მითხრა, არ დამამახსოვრდა. ხელი ჩავიქნიე და წამოვედი. კიდევ კარგი სერიოზული დაზიანებები არ მიმიღია, ვფიქრობდი, აი, როგორია ხალხს უმიზეზოდ რომ უტყაპუნებენ-მეთქი. ჩემი ნაცემი ხალხი გამახსენდა, - ზურგიდან მაინც არავისთვის არასდროს არ დამირტყამს, - თავს ვიმშვიდებდი. მტვერში ამოგანგლული ძმასთან ავედი, რძალი დამხვდა სახლში, ყველაფერი მოვუყევი, ბევრი ვიცინეთ, - ახია შენზეო, - მეუბნებოდა, რა იცი, იქნებ ბავშვობაში შენ მიერ დაჩაგრული კაცი იყოო, იქიდან წამოსულმა ბევრი ვიფიქრე, მაგრამ იმ კაცის სახეც კი ვეღარ გავიხსნე, ღმერთმა შეუნდოს მაგასაც და მეც, - გავიფიქრე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment